logo_geo
eng_logo
კიდევ ერთი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს - აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ქვეყანას 91 მლნ ევროზე მეტი გამოუყო
- +

21 მაისი. 2020. 16:45

 

 

მიმდინარე წლის 21 მაისს, საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტზე.

 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ. 

 

აღსანიშნავია, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ნაწილია მსოფლიო ბანკთან 1 მაისს გაფორმებული COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ სასესხო შეთანხმებისა, რომლითაც მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ აშშ დოლარი (ეკვივალენტი ევროში 73.1 მლნ) გამოყო.

 

საბიუჯეტო მხარდაჭერის მოცულობა შეადგენს 91 340 000 ევროს და მისი მიზანია, საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილება, გამოვლენა, მასზე რეაგირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სისტემების გაძლიერება.

 

ჩვენი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიიმართება ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერისკენ და მოხმარდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას, ზოგადი ტესტირების შესაძლებლობის გაზრდას, კრიტიკული სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ასევე, COVID-19–ით უშუალოდ თუ არაპირდაპირი გზით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მათთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამითა და დროებითი ფინანსური დახმარების გაწევით.    

 

პროექტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს.

 

აღსანიშნავია, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner