logo_geo
eng_logo
აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა შეუფერხებლად მიმდინარეობს
- +

22 მაისი. 2020. 10:42

 

 

შიდა ქართლში შეღავათიან ფასად აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ადგილზე გაეცნო.

 

მინისტრის პირველი მოადგილე  რეგიონში სოფლისა და სოფლის  მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან, შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან, ნუგზარ სამხარაძესთან და  კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორთან, ლევან გიორგაძესთან ერთად  იმყოფებოდა.

 

„იმ შეღავათებით სარგებლობას, რაც სახელმწიფოს მიერ იქნა განსაზღვრული  სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერები შეუფერხებლად შეძლებენ. პროგრამის მონაწილეები დიზელის საწვავს ფასდაკლებით მიიღებენ, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

 

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორის, ლევან გიორგაძის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, 20 მაისიდან „სოკარის” ავტოგასამართ სადგურებზე ფერმერები სახელმწიფო შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ. 

 

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სააგენტოს  რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; 27 მაისიდან აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებიც.

 

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა,  ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.

 

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე  150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების  გაცემა.

 

პირველ ეტაპზე, 20 მაისიდან  ფასდაკლების ბარათები გაიცემა  ფიზიკურ პირებზე, ხოლო 1 ივნისიდან - მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე.  ბარათების გაცემა მოხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე. პროგრამით  200,000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს.

 

1 ივლისამდე, ფასდაკლების ბარათით შესაძლებელია არაუმეტეს  50 ლიტრის ოდენობის საწვავის შეძენა, 1 ივლისიდან  1 სექტემბრამდე -  არაუმეტეს 300 ლიტრის,   ხოლო  1 სექტემბრიდან, შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის საწვავის ფასდაკლების ბარათების განაღდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner