logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ბალტიის ქვეყნებიდან, მათ შორის, ესტონეთიდან ტურისტები ჩამოვლენ
- +

3 ივნისი. 2020. 15:14

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ტაავი აასთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა თანამშრომლობაზე  ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში. ნათია თურნავამ ესტონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მზაობაზე, პირველი ივლისიდან გახსნას საკუთარი ტურისტული ბაზარი საერთაშორისო მოგზაურებისთვის და მათ უსაფრთხო დასვენების პირობები შესთავაზოს.

 

როგორც ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, საქართველო ძალიან კარგად პასუხობს უსაფრთხოების ყველა ნორმას. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ბალტიის ქვეყნებიდან,  მათ შორის, ესტონეთიდან ტურისტები ჩამოვლენ და ასევე ჩვენი მოქალაქეებიც შეძლებენ ესტონეთს ესტუმრონ.

 

„ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ევროპული ქვეყნების მინისტრებთან, განსაკუთრებით მათთან, რომლებიც ტურიზმისა და სატრანსპორტო საკითხებს კურირებენ. ამ საუბრების ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გავხსნათ ჩვენი ქვეყნები ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი და საქართველოს ელჩი ესტონეთში არჩილ ყარაულაშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ ესტონეთმა უკვე გამოაქვეყნა კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ქვეყანამ, თუკი ესტონეთთან სატრანსპორტო და ტურისტული კავშირების აღდგენას გეგმავს. ესტონეთში ორკვირიანი კარანტინის გავლისგან თავისუფალია პირი, რომელიც ჩავა ისეთი ქვეყნიდან, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეგისტრაციის შემთხვევათა რაოდენობა არ აღემატება 15-ს ყოველ 100 000 კაცზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner