logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია: გიგა ბოკერიას თეორიით, საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ
- +

4 ივნისი. 2020. 16:34

 

 

 

 

„გიგა ბოკერიას თეორიით, საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა  ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ“, - აღნიშნულის შესახებ მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენა მიმდინარეობს.

 

მან წინა ხელისუფლების პერიოდში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის  ინტერვიუ გაიხსენა, სადაც ის ამბობს რომ - სამი ადამიანის დახოცვის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა, მან მინისტრ ვანო მერაბიშვილს მიმართა და უდანაშაულო ადამიანების დაცხრილვის ფაქტის შესახებ მოახსენა.

 

„მან მინისტრისგან პასუხად მიიღო, რომ ასეთივე 200 ბანდიტს სანამ არ გაისტუმრებდნენ იმქვეყნად, არ გაჩერდებიან. ის, რომ ამავე ინტერვიუში იგი საუბრობს გიგა ბოკერიას თეორიაზე, რომ აუცილებელია საქართველოში 24 000 პატიმრის ყოლა, რადგან თუ მივაღწევთ ამ ზღვარს, შემდეგ უკვე წამოვა დახმარებები პატიმრებისთვის ციხეების ასაშენებლად. აი, ასეთი არანორმალური რეალობიდან მოვდივართ ჩვენ. და ეს ადამიანები, რომლებსაც ანალოგიური პოლიტიკური კოდი და ანალოგიური ხედვები დღესაც აქვთ სახელისუფლებო დანაშაულის ხელწერის მქონენი, დღესაც პარლამენტში სხედან, დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ამისთვის ილტვიან ყველა შესაძლო მეთოდებით“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

 

მან თხოვნით მიმართა სახალხო დამცველს, რომ  განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა, 2005-2010 წლებში პატიმრებზე უკანონოდ დარიცხულ  თანხებზე.

 

„განსაკუთრებით უკანონო, ყველანაირი ლოგიკიდან და კანონიდან იყო ამოვარდნილი 2005-2010 წლებში სააკაშვილის ხელისუფლების მოქმედება, როდესაც ბევრ პატიმარს არარეალური, არანორმალური თანხები დაარიცხეს. ეს დარიცხული თანხები დღესაც არსებობს ქაღალდზე. ამ ადამიანებმა ხშირ შემთხვევაში უსამართლოდ მოიხადეს სასჯელი, დღეს აგრძელებენ ცხოვრებას თუმცა, ტვირთად აწვებათ ის ვალდებულებები, რომლის გადახდაც არც სამართლიანია და არც ამის შესაძლებლობა აქვთ. ასეთი განცხადებები შემოდის,  ერთობლივად მივაქციოთ ყურადღება, მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ 10 წელზე მეტია გასული ამ თანხების დარიცხვის შემდეგ და ამ თანხების ამოღების არც პერსპექტივა არსებობს. იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანები ამ არარეალური წნეხისგან“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner