logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: უპირობოდ ვუხსნით საზღვარს 5 სახელმწიფოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებს
- +

8 ივლისი. 2020. 17:19

 

“ის, რომ ჩვენ გავხსენით საზღვრები, არ ნიშნავს, რომ ჩვენი მოწოდება ჰიგიენური ნორმების დაცვაზე, სოციალურ დისტანცირებასა და პირადი კონტაქტებისგან თავშეკავებაზე, კვლავაც ძალაში რჩება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვას, რატომ მოეთხოვებათ კარანტინის გავლა იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა რეზიდენტებს საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის, ირაკლი ჩიქოვანმა უპასუხა, რომ უცხოელი ვიზიტორის შემთხვევაში გაცილებით ნაკლებია იმ პირთა წრე, ვისთანაც მას პირდაპირი კონტაქტი აქვს, ხოლო საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში ეს წრე გაცილებით ფართოა.

 

„შესაბამისად, ეპიდემიოლოგიური საფრთხეების გათვალისწინებით, მიღებულია აღნიშნული რეგულაცია. ეს არ არის დისკრიმინაცია და არათანაბარი მდგომარეობა. ჩვენ ვსაუბრობთ ამ 5 სახელმწიფოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებზე, რომლებსაც საზღვრებს ვუხსნით უპირობოდ და ამავდროულად, ვიჩენთ სიფრთხილეს, რომელიც საჭიროა პანდემიის პირობებში და ჩვენს მოქალაქეებს, მეტი უსაფრთხოებისთვის ვთავაზობთ 14-დღიანი კარანტინით უზრუნველყოფას. ყველა აღიარებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რომ ეს არის ძალიან სწორი მიდგომა, რომელმაც საშუალება მოგვცა, მიგვეღო ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია აქედან გამომდინარე. გარდა ამისა, გვექნება სპეციალური ელექტრონული ფორმა, რომელსაც შეავსებს აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც საქართველოში შემოდის და ამ ფორმის საფუძველზეც, რისკების მართვაც შედარებით გაგვიადვილდება. ამ კომპლექსური გადაწყვეტილებების ერთობლიობა გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს უსაფრთხო დერეფანი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

პრემიერის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაინიშნა ე.წ სოციალური რეისები ივლისის განმავლობაში და ყველას მიეცემა სამშობლოში დაბრუნების საშუალება. ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საზღვარგარეთიდან საკუთარი მოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობის დაბრუნება შეძლო.

 

„თუმცა, როდესაც დღეს ადამიანები დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას და გავლენ იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც მათ თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება, დიახ, საკუთარი მგზავრობის დაგეგმარებისას უნდა გაითვალისწინონ ეს ობიექტური რეალობა - 14-დღიანი კარანტინი, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რათა მაქსიმალურად ეფექტურად ვმართოთ ქვეყანაში კოვიდ-ვითარება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner