logo_geo
eng_logo
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს II მოსმენით დაუჭირა მხარი
- +

8 ივლისი. 2020. 18:11

 

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენით განიხილა.

 

საკითხი გამოიტანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა  მოადგილემ  თამარ გაბუნიამ, რომლის განცხადებით, კანონპროექტის ინიციატორებმა კანონპროექტის პირველი მოსმენისას კომიტეტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და წინადადებები გაიზიარეს და კანონპროექტი სწორედ ამ ცვლილებებით წარადგინა.

 

კანონში ცვლილებები ეხება საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების რეჟიმის, წესისა და პირობების შეცვლას  მათი დახვეწის მიზნით.

 

კომიტეტის წევრმა ლევან კობერიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს ცვლილებები, რომლებიც სააგენტოს მიერ ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის ვადებს ზრდის,  ამცირებს კონკურენციას ფარმაცევტულ ბაზარზე და მიმართულია ფასების ზრდისკენ. მისი თქმით, ეს გაზრდის მსხვილი იმპორტიორების გავლენას ფარმაცევტულ ბაზარზე და კომიტეტმა მას მხარი არ უნდა დაუჭიროს.

 

კომიტეტის წევრის ლადო კახაძის განცხადებით, ფარმაციის ბაზარზე, ბუნებრივია, წესრიგია დასამყარებელი და მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი ყველასთვის ერთი იქნება, როგორც ფარმაცევტული ბაზრის მსხვილი, ასევე მცირე მოთამაშეებისთვის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცვლილებები უფრო მეტად  შეუწყობს ხელს ხარისხიანი სამკურნალო საშუალებების შემოტანას.

 

მომხსენებლის განცხადებით,  ამ კონკრეტულ ცვლილებას წამლის ფასის მატების პოტენციალი არ გააჩნია.

 

„არ არის ეს იმდენად ძლიერმოქმედი და დრამატული ცვლილება, რომ შეარყიოს ბაზარზე ფასების ტენდენციები, მაგრამ აქვს გარკვეული პოტენციალი იმისთვის, რომ გააუმჯობესოს საქმისწარმოების პროცესი მარეგულირებელში და შექმნას მეტი გარანტია, სრულ გარანტიას ვერ შექმნის,   მეტი გარანტია იმისთვის, რომ დოკუმენტური განხილვა ჩატარდეს მეტად ხარისხიანად. სერიოზული ცვლილებებისთვის ხარისხობრივ ნაწილში საჭიროა კომპლექსური ცვლილებები წამლის კანონმდებლობაში და ამ საკითხს სამინისტრო აუცილებლად დაუბრუნდება მომავალში“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

 

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა,  უმთავრესად ფასზე კეთდება აქცენტი, მაგრამ მხოლოდ ფასი არ განაპირობებს შედეგს, აქ აუცილებელია ხარისხზე ვიზრუნოთ.

 

„ის, რომ ეს ინიციატივა ყველაფერს დაარეგულირებს ბაზარზე, ამის მოლოდინი არც არის, და ამას არც ავტორი აცხადებს. პარლამენტში მუშავდება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც იქნება რეფორმის დონის, იმიტომ, რომ 2009 წლის კანონმა თავისი დრო მოჭამა. მას ჰქონდა თავისი პოზიტიური გავლენა იმ დროისათვის, როცა ფინანსური ხელმისაწვდომობა გაიზარდა, მაგრამ ხარისხით დიდად ვერ დავიკვეხდით ვერც მაშინ და ვერც დღეს. ეს კანონი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ იყოს როგორც ხელმისაწვდომობა ფინანსური, ასევე მისი ხარისხი. კონკურენციაზე ვსაუბრობთ და გამოჩნდა, რომ მოქმედი კანონი ვერც მაინცდამაინც ჯანსაღ კონკურენციას არეგულირებს, სულ რამდენიმე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ოპერირებს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ჯერ ანალიზი გაგვეკეთებინა მოქმედი კანონის, შემდეგ კი ექსპერტებთან,  მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით ახალ კანონპროექტს წარვადგენთ, რომელიც ძალიან ბევრ კითხვაზე მოხსნის პასუხს. ის, რომ გვინდა წარმოდგენილი ინიციატივით დავარეგულიროთ ფასიც, ხარისხიც, კონკურენციაც, ყველაფერი, ეს შეუძლებელია, ასეთი მცირე მასშტაბიანი ჩარევით ამის არც მცდელობაა და არც, ის, რომ ამით დამთავრდება ყველაფერი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომიტეტმა ასევე განიხილა პარლამენტის წევრთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფის ინიციატივით წარმოდგენილი  - პარლამენტის დადგენილების პროექტი „2020 - 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“.  ორმოცდაათზე მეტი დეპუტატის ინიციატივა წარადგინა პარლამენტის წევრმა ირინე ფრუიძემ, რომლის განცხადებითაც, ახალგაზრდობა საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია და ამ პოტენციალის სრული რეალიზებისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ შექმნას სათანადო პირობები, მყისიერად უპასუხოს მათ გამოწვევებს, გაატაროს თანმიმდევრული საჯარო და ინტეგრირებული ახალგაზრდული პოლიტიკა - ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად.

 

 

 

„ახალგაზრდები დგანან მრავალი გამოწვევის წინაშე, როგორიც არის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, განათლება, დასაქმება და მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში. ამ გამოწვევის საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი გარკვეული სფეროს რეფორმა, ამისათვის საჭიროა პრაქტიკულად ყველა სფეროს ჩართულობა, ყველა სფეროს რეფორმა და ამას ემსახურება მათ შორის ახალგაზრდული პოლიტიკა, რომლის კონცეფციასაც წარმოგიდგენთ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტი ამტკიცებს მაღალი დონის ჩარჩო დოკუმენტს ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ და ამ ჩარჩო დოკუმენტმა უნდა შექმნას ის ძირითადი გარემო და მიმართულებები რომელსაც შემდგომ უნდა დაეფუძნოს ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შექმნა და განხორციელება“, - განაცხადა  ირინე ფრუიძემ.

 

მან ისაუბრა კონცეფციის მიზნებზე და სახელმწიფო პოლიტიკის  სტრატეგიულ პრიორიტეტებზე, 2030 წლამდე მოსალოდნელ შედეგებზე. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა,  სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის პროექტი, რომელიც მომზადდა ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე განსაზღვრავს მომდევნო წლებში სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად ამოცანებს.

 

„კონცეფცია ითვალისწინებს 2030 წლამდე ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან, მთელი რიგი ამოცანების გადაჭრასა და შესაბამისი ქმედებების განხორციელებას. დადგენილების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ კონცეფციის პრიორიტეტების შესაბამისად, 2021 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადება და დამტკიცება“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

 

მან ასევე უპასუხა დეპუტატთა კითხვებს.

 

 საბოლოოდ, კომიტეტმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner