logo_geo
eng_logo
სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა
- +

9 ივლისი. 2020. 12:55

 

 

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით,  დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფოსგან დახმარება მიიღო 121 719 თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა, რომელმაც სამსახური დაკარგა.

 

„მოგეხსენებათ, დარგობრივი დახმარებების გარდა ჩვენ გვქონდა მთელი რიგი სოციალური დახმარებების პაკეტი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან იყვნენ თვითდასაქმებულები და ოჯახში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვადა 1 აგვისტომდე გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების მოძიება, ამ ადამიანებისთვის ვადა 1 აგვისტომდე გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება, ამ ვადას შემდგომაც გავაგრძელებთ, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, გარდა ეპიდემიასთან ბრძოლისა არის ის, რომ მივეხმაროთ ჩვენს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც კრიზისის გამო შემოსავალი შეუმცირდათ ან ის საერთოდ დაკარგეს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში ფართოვდება და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც ისარგებლებენ.

 

„თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარებების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების დახმარებას. ჩვენ მათგანაც დავიწყებთ განაცხადების მიღებას და ადამიანები, რომლებიც სეზონურად მუშაობდნენ საზღვარგარეთ, სახელმწიფოსგან მიიღებენ დახმარებას“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner