logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა, „ტოიოტა ქამრიში“ მსხდომი ექვსივე პირი იყოს ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით
- +

10 ივლისი. 2020. 17:42

 

 

„ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა, „ტოიოტა ქამრში“ მსხდომი ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით“, – ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

 

როგორც მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი პირები გამოედევნენ გიორგის და სხვა ბავშვებს, რომლის შემდეგაც დადგა უმძიმესი შედეგი.

 

„თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს მტკიცებულებებს რომელიმე მათგანზე, შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდებით, თუმცა დღესდღეობით ჩვენი პოზიციაა, რომ ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

რაც შეეხება „მერსედესის“ მგზავრებს, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ მათთან ანალოგიური მოთხოვნა ვერ ექნებათ.

 

„ეპიზოდი დასრულებული იყო და „მერსედესის“ მგზავრები გასცილდნენ შემთხვევის ადგილს. ბუნებრივია, ანალოგიური მოთხოვნა ვერ გვექნება. თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ აღნიშნულ პირებსაც შესაძლოა, ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავაყენებთ მათი პასუხისმგებლობის საკითხსაც“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ოჯახის პოზიციაზე ისაუბრა. როგორც მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო.

 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

 

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner