logo_geo
eng_logo
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
- +

13 ივლისი. 2020. 19:45

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ისრაელს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. კახაბერ კუჭავას განცხადებით, ისრაელი საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოა და არის მთელი რიგი მიმართულებები, სადაც თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები არსებობს.

 

„ელჩთან შეხვედრისას ვისაუბრეთ საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობასა და მისი გაღრმავების მნიშვნელობაზე. ჩვენი ქვეყანა მიესალმება ისრაელთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობებს, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა, მაგალითად, ტურიზმი, ეკონომიკა და კულტურა“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ.

 

ვიცე-სპიკერის თქმით, ელჩთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საელჩოს აქტიური ჩართულობა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი მუშაობის კუთხით, საიდანაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მათ კონტრიბუციას ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებითა და ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (MASHAV)-ის მიერ განხორციელებულ პროექტებს  - „საუბრის დიდი ნაწილი შეეხებოდა ისრაელის საელჩოს მხრიდან განხორციელებულ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც ემსახურება საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას. ჩვენს ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა, ასევე, ერთ-ერთი მთავარი სფეროა, რაც ემსახურება გამოცდილებისა და ცოდნის დონის ამაღლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით და პროფესიული კადრების მომზადების ხელშეწყობას. გარდა ამისა, განვიხილეთ ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (MASHAV)-ის აქტიური მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო და გარემოს დაცვითი მიმართულებებით“ - აღნიშნა კახა კუჭავამ.

 

კახა კუჭავა მიასალმა საქართველოში ახლად-დაარსებულ ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატას და მათთან მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დიპლომატს, სხვა სტატუსით, საქართველოში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს და შესაბამისად, მისთვის კარგად არის ცნობილი ის მიღწევები და გამოწვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.

 

შეხვედრის დასასრულს მხარეები აქტიურ კომუნიკაციასა და ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner