logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ბერაია OSCE/ODIHR საჭიროებების შეფასების მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
- +

5 აგვისტო. 2020. 16:13

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში ვიზიტით მყოფ OSCE/ODIHR საჭიროებების შეფასების მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

ქართველმა პარლამენტარებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და მისიის წარმომადგენლებისთვის საინტერესო სხვა საკითხზე. ანრი ოხანაშვილმა და ირაკლი ბერაიამ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იმყოფებოდეს საქართველოში.

 

„ხაზგასმით ვიტყვი, რომ „ქართული ოცნებისთვის“ უმნიშვნელოვანესია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, სამართლიან და დემოკრატიის მაღალი სტანდარტის პირობებში. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრაც“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

 

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ამოცანაა საზოგადოების მხრიდან „ქართული ოცნებისადმი“ მაღალი ნდობის პირობებში უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, ვინაიდან დესტრუქციული და კრიმინალური ჯგუფები შეეცდებიან ძალიან ბინძური მეთოდებით პოლიტიკურად არაკორექტული კამპანია წარმართონ, რათა სცადონ მმართველი პარტიის, მისი რეიტინგის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

 

„ეს იქნება მათი დღის წესრიგი. ამიტომ ჩვენი ამოცანაა საერთაშორისო პარტნიორებს ვთხოვოთ, რაც შეიძლება მეტად იყვნენ ჩართული ამ პროცესში. ჩვენს ინტერსებშია და ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია, რომ ეს პროცესები იმდენად გამჭვირვალედ წარიმართოს, რომ ჩვენს საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ სრული სურათი, თუ როგორი დღის წესრიგი აქვთ კრიმინალურ ოპოზიციურ ჯგუფებს და როგორი დღის წესრიგი აქვს მმართველ პარტიას. შესაბამისად, ჩვენ ვთხოვეთ მისიას და ჩვენი სურვილი გამოვხატეთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს საქართველოში, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლი ჩამოვიდეს და ასევე, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება კოვიდის პირობებში. გატარებული იქნება მთელი რიგი ღონისძიებები, რომ მათ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი პანდემიის პირობებში“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ეუთო/ოდირის საჭიროებების შეფასების მისიის წარმომადგენლებს ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეხვდებიან.

 

„მისიის წევრები, ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს ხვდებიან. კრიმინალური ოპოზიციისთვის, ისევე როგორც არ იყო მნიშვნელოვანი კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რაც მათ გამოხატეს ამ ცვლილებებისადმი მხარის არდაჭერით, შესაძლებელია მნიშვნელოვანი არ არის ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრაც, თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი გამოხატავენ მზაობას შეხვდნენ მისიის წარმომადგენლებს, ვინაიდან ეს არის დემოკრატიის ნაწილი, როდესაც საერთაშორისო პარტნიორებს, მმართველ პარტიასთან ერთად, ესაუბრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც არ უნდა კრიმინალური წარსული ჰქონდეთ მათ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოამზადებს ანგარიშს, სადაც მიმოხილული იქნება საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, საკანონმდებლო ჩარჩო და ის, თუ რამდენად იქნა გათვალისწინებული არჩევნებთან დაკავშირებით ODIHR-ის მიერ საქართველოსადმი გაცემული რეკომენდაციები.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner