logo_geo
eng_logo
მინისტრების შეფასება „მე და საზოგადოებაზე“
- +

1 მარტი. 2016. 18:33



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ახალ საგანთან „მე და საზოგადოება" დაკავშირებით  „საზოგადოებრივი მაუწყებელის" გადაცემა „მთავარში" განაცხადა, რომ მართალია, მას ეს საკითხი პირდაპირ არ ეხება, მაგრამ ორი შვილიშვილი ეზრდება და ბევრს ფიქრობს, თუ როგორ განათლებას მიიღებენ სკოლაში. ის დარწმუნებულია, რომ XXI საუკუნის გამოწვევების წინაშე მდგარ საზოგადოებაში, ბავშვების აღზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სკოლას ეკუთვნის და შემდეგ ოჯახს.


სკოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაამომავალ მოქალაქეებს შეასწავლოს ამ გარემოს ათვისების ინსტრუმენტები: - რა არის ოჯახი, ოჯახში ურთიერთობები; როგორი გარემოა, როგორი სამეზობლოა, რა ნაწილებისგან და თვისებებისგან შედგება ის ჯგუფები, რომლებისაზოგადოებას ქმნიან; როგორ უნდა იმოქმედოს და რეაგირებდეს არსებულ ვითარებაზე, კონკრეტულ დროსა და სივრცეში. ეს საგანი სწორედ ამ ამოცანების გადასაწყვეტადაა მიმართული და ძალიან გამიკვირდა, როცა ასეთი არაადეკვატური ხმაური ატყდა.

 

პატივს ვცემ და სოლიდარობას ვუცხადებ განათლების მინისტრს ქალბატონ თამარ სანიკიძეს და მთელ მის გუნდს, რომლებიც პრინციპულად უდგებიან ასეთ საკითხებს და მიაჩნიათ, რომ სკოლებში უნდა იყოს სოციალიზაციის  უნარ-ჩვევების შემსწავლელი საგანი. განათლების მინისტრს და სამინისტროს წამომადგენლებს აღნიშნულ საგანთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა ჰქონდათ უნივერსიტეტში, პედაგოგებთან, საპატრიარქოში და სხვა მრავალ ინსტიტუტებთან. ყველგან იყო განხილვები. არ მესმის, ვის რაში უნდა სჭირდებოდეს საზოგადოებაში მაღალ ტონებში ჩვეულებრივი და აუცილებელი თემების განხილვა", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.


მისივე თქმით, მსოფლიო იცვლება, იცვლება  ცოდნის მიმართ დამოკიდებულება და სკოლა ყოველთვის მომართული უნდა იყოს, რომ ასეთ გამოწვევებს უპასუხოს: „მინდა საზოგადობას, ვუთხრა, განათლების მინისტრისგან და სამინისტროს წარმომადგენლებისგან „მე და საზოგადოების" შესახებ განხილვა არაერთხელ მომისმენია და მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საგანია და აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი სასკოლო პროგრამაში".


რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარს,  მან „მაესტროს ფაქტორში" განაცხადა, რომ საზოგადოება წარსულში არ უნდა დარჩეს, რისთვისაც აუცილებელია, თანამედროვეობის გამოწვევებს ფეხი ავუწყოთ.


ვიცნობ თუ არა ამ საგანს? საგანი ჯერ არ არსებობს და ბუნებრივია, თვითონ საგანს არ ვიცნობ, სახელმძღვანელოს არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცნობ კონცეფციას, განათლების მინისტრმა გაგვაცნო კოლეგებს. იმ კონცეფციას, რაც განხილვის საგანია დღეს, არათუ არაფერი მიუღებელი არ არის იმ კონცეფციაში, არამედ ყველაფერი, რაც იქ წერია, არის აუცილებლად მისაღები გასათვალისწინებელი და არის საჭირო, რომ ვასწავლოთ ჩვენს შვილებსაც", - აცხადებს მინისტრი.


მისივე თქმით, ბუნებრივია, მინისტრებიც ქვეყნის მოქალაქეები არიან და პასუხისმგებლობაც კოლექტიურია. შესაბამისად, გაეცნო შესაბამის დოკუმენტს და ღიად ამბობს მთელი მთავრობის სახელით, რომ „ეს არის საგანი, რომლის სწავლება ჩვენი შვილებისთვის აუცილებელია. მოგნილი საფრთხეები და თითიდან გამოწოვილი ქიმერები კი, რომლებსაც ზოგიერთები ებრძვიან,  ამ საგანში არ არსებობს".


დავუბრუნდები თანამედროვეობის გამოწვევებს, რა არის თანამედროვეობის გამოწვევები, ბავშვი სად უნდა იზრდებოდეს ოჯახში, სკოლაში თუ ასე შემდეგ. დღეს, ასეა თუ ისე, ოჯახი, დედა, მამა, როგორც წესი უმრავლეს შემთხვევაში არიან სამსახურში. ის დრო, რასაც შეიძლება ოდესმე უთმობდა მშობელი სკოლას, არა მგონია, დღეს შეძლოს ამ დროის დათმობა.  დღეს სხვა გამოწვევებია და ამის შესაბამისი განათლება ხშირ შემთხვევაში შეიძლება  არ ჰქონდეს ყველა მშობელს. ადამიანები, რომლებიც იბრძვიან დღეს, რომ ბავშვი მშობელთან უნდა იზრდებოდეს, იგივე ადამიანები იმავე ინტერვიუში ამბობენ, რომ ისინი პრაქტიკულად თვეში ერთხელ ჩამოდიან საქართველოში, ჩამოდიან იმიტომ, რომ რაღაც განცხადებები აკეთონ, იმიტომ რომ ბიზნესები აქვთ და არ სცალიათ ამისთვის. მეორეც, ცოტა წარსულსაც რომ გადავხედოთ, ბავშვი სახლში უნდა იზრდებოდეს, მაგრამ აბა გავიხსენოთ, აკაკი წერეთელი  სად იზრდებოდა, გაძიძავებული იყო. მაშინ ეს ძიძა ასრულებდა სკოლის ფუნქციას გარკვეულწილად, ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ბავშვები იზრდებოდნენ გიმნაზიაში, სადაც ცხოვრობდნენ 24  საათის განმავლობაში. პრაქტიკულად, წელიწადში რამდენჯერმე საახალწლოდ და ზაფხულის არდადეგებზე თუ გაუშვებდნენ სახლში.  ეს იყო მიღებული საქართველოში, ეს იყო მიღებული ევროპაშიც და ხლა რა დაგვემართა, წარსულსაც უარყოფენ ადამიანები, რომლებიც ამ თემატიკით ლაპარაკობენ, ისევ ვიმეორებ, იგონებენ ქიმერებს იმისთვის, რომ ებრძოლონ  მათ მიერვე მოგონილ ქიმერებს და ააღელვონ საზოგადოება იქ, სადაც ასაღელვებელი არაფერი არ არის. ის, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ის, რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ  და ვაკონტროლოთ, არის ერთი, მაგრამ ტყუილები არ უნდა მოვიგონოთ. კონტროლით, ყველაფერიც უნდა ვაკონტროლოთ, ფიზიკაც და მათემატიკაც, შეიძლება მათემატიკაში ისეთი სახელმძღვანელო შემოვიღოთ, რომ უბრალოდ მეხუთეკლასელმა ვერ დაძლიოს და ჩამორჩენა ჰქონდეს. ამაში საზოგადოების ჩართულობა  ნებისმიერ თემატიკაში ძალიან ბუნებრივი  და ძალიან სწორია", - აცხადებს სოზარ სუბარი.




 

right_banner
არქივი
right_banner