logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მესტიის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის პროდუქტებით მომარაგების პრობლემა არ შეიქმნება
- +

10 აგვისტო. 2020. 17:05

 

 

„მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროდუქტით მომარაგების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნება“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საკითხის მოსაგვარებლად პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაერთვება.

 

„პროდუქტის და ზოგადად, მარაგებთან დაკავშირებით ცხადია, პრობლემა არ შეიქმნება. როგორც ყოველთვის ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ისინი ჩაერთვებიან. რაც შეეხებათ ტურისტებს, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტურისტებისთვის დისკომფორტი მინიმალური იყოს. ცხადია, დისკომფორტი არის, როდესაც დასასვენებლად ჩადიხარ და აღმოჩნდება, რომ იქ ეპიდემიის ახალი კერაა, ეს არ შეიძლება დისკომფორტი არ იყოს, თუმცა, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს დისკომფორტი მინიმალური იყოს“, - განაცხადა სუბარმა.

 

სუბარის განმარტებით, 28-დღიანი საკარანტინო ვადა შეიძლება შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის დამყოლობა მაღალი იქნება და ისინი საჭიროებისამებრ ტესტირებას ჩაიტარებენ.

 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ დაუჯეროს ექიმებს, დაუჯეროს შტაბს, ხელისუფლებას. ყველამ გაიკეთოს ტესტირება, ვინც უნდა გაიკეთოს. სავარაუდოდ, ეს იქნება მესტიის მუნიციპალიტეტის მთელი მოსახლეობა. თავდაპირველად რამდენიმე სოფელი, თუმცა, მთლიანობაში მთელ მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარდეს ტესტირება. რაც ჩქარა დასრულდება ეს პროცესი და რაც უფრო მალე გამოვავლენთ ყველა კონტაქტს და დაინფიცირებულს, მით მალე მოიხსნება კარანტინი“, - განმარტავს სუბარი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner