logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: ოჯახი თვლის, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დანაშაულის ჩამდენი პირები სწორად არიან პასუხისგებაში მიცემული
- +

11 აგვისტო. 2020. 16:31

 

 

„ოჯახი თვლის, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემული არიან სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გარდა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის 5 მგზავრისა, სხვა პირები ფიზიკურად ვერ ჩაიდენდნენ აღნიშნულ დანაშაულს.

 

„საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ 5 პირმა ჩაიდინა გიორგის მკვლელობა. დღესდღეობით არსებული მტკიცებულებებით, რაც ჩვენთვისაა ცნობილი, ვფიქრობთ, რომ სრულადაა დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს სასამართლოში არ უნდა ჰქონდეს რაიმე სამართლებრივი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული, უკვე დაკმაყოფილებულია. საბოლოო ჯამში, ეჭვშეუვალად იქნა დადგენილი, რომ სხვა მანქანები, სხვა პირები, გარეშე ადამიანები, გარდა „ტოიტას“ მგზავრებისა ანუ ამ ხუთი წევრისა, შემთხვევის ადგილას არ იყვნენ ფიზიკურად და სხვა ვერავინ განახორციელებდა ამ დანაშაულს“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

ცნობისთვის, პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

 

right_banner
არქივი
right_banner