logo_geo
eng_logo
ამონარიდები მირიან ნიკოლაძის საგანგებო პრესკონფერენციიდან
- +

11 აგვისტო. 2020. 20:56

 

მირიან ნიკოლაძემ გიორგის შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. გთავაზობთ ამონარიდებს პრესკონფერენციიდან.

 

„მე გაგაცნობთ დაზარალებული ოჯახის პოზიციას, გიორგის განზრახ მკვლელობის საქმეზე. ოჯახი თვლის, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემული არიან სწორედ, მართებულად და სამართლებრივად გამართულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, კონკრეტულად საუბარია „ტოიოტა ქემრის“ ხუთ მგზავრზე. მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ ჩვენი მოსაზრება მძღოლთან დაკავშირებით და არ ვიცოდით ზუსტად, რა პოზიცია ჩამოყალიბდებოდა, ვინაიდან ცოტა სპეციფიკური ამპლუა იყო მოცემულ შემთხვევში, ვგულისხმობ დროს და ამ განვლილ ქრონომეტრაჟს, ამიტომ საბოლო ჯამში დადგინდა, რომ ხუთმა პირმა ჩაიდინა გიორგის განზრახ მკვლელობა. დღესდღეისობით არსებული მტკიცებულებებით, რაც, ჩვენთვის, ოჯახისთვის, არის ცნობილი, ვფიქრობთ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება. ასევე, ვფიქრობთ, რომ სასამართლოში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი სამართლებრივი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, უკვე დაკმაყოფილებულია, გარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, რომელიც, მოგეხსენებათ, გახდა ერთ-ერთი საფუძველი აღნიშნული პირებისთვის ბრალის წარდგენისა. ჩვენს მიერაც, გამოძიების მიერაც განხორციელდა არაერთი მოქმედება და საბოლოო ჯამში, ეჭვშეუვალად, იქნა დადგენილი, რომ სხვა მანქანები, სხვა პირები, გარეშე ადამიანები, გარდა „ტოიოტას“ ამ ხუთი მგზავრისა, შემთხვევის ადგილას არ იყვნენ ფიზიკურად და სხვა ვერავინ განახორცილებდა ამ დანაშაულს. ამიტომ, დაზარალებული ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ - სასჯელის მოხდის პერიოდშიც, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, ვგულისხმობ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებას, შეწყალებას და ასე შემდეგ.

 

  •  


ოჯახი საუბრობდა ექვსს მგზავრზე, თუმცა, ჩვენი, პოზიცია იყო, რომ მე-6 მგზავრთან დაკავშირებით მიმდინარე სხვადასხვა სახის მოქმედებებს ან უნდა დაედასტურებინა, ან უნდა გამოერიცხა აღნიშნული პირის ქმედება, საუბარია მძღოლზე. ეჭვის დონეზე, რა თქმა უნდა, დღესაც არსებობს ეს ალბათობა, თუმცა, მტკიცებულების დონეზე, რაც ცალსახად დაადასტურებდა აღნიშნული პირის მონაწილეობას, ვფიქრობთ, რომ სამართლებრივად არ არსებობს. ამიტომ, ოჯახს უნდა, რომ არცერთი პირი, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია დანაშაულში, არ იყოს პასუხისგებაში მიცემული. ჩვენ გვინდა სიმართლე და ჩვენ გვინდა კონკრეტული დამნაშავეები, ვინც ჩაიდინეს დანაშაული.

  •  


თქვენ ყველამ ნახეთ ვიდეოფირი, სადაც ჩანს, რომ თავის დროზე მძღოლიც გადმოდის ავტომანქანიდან, თუმცა, მძღოლი შემთხვევის ადგილას დაახლოებით 6 წუთი იმყოფებოდა. ოჯახის პირადი მოსაზრებაა, რომ ამ 6 წუთში ბოლომდე მონაწილეობის მიღება, ბავშვის განზრახ მკვლელობის ჩათვლით, ცოტა რთული ამბავია.

ოჯახი გამოძიებას ენდობოდა პირველივე ეტაპზე. გამოძიებასთან ერთად ჩვენ გავიარეთ დიდი პერიოდი და საბოლოო ჯამში, ურთიერთთანამშრომლობით, მივედით იმ შედეგამდე რასაც ჰქვია დანაშაულის გახსნა, შესაბამისად, არანაირი პრეტენზიები გამოძიებასთან ოჯახს არ აქვს.

  •  


ექსპერტიზასთან დაკავშირებით ზუსტი დეტალები ჩემთვის არ არის ცნობილი, რადგან დღეს მათი ბრიფინგიდან შევიტყვე, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა. შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ჩვენს მიერაც ჩატარდა ასეთი სახის ერთგვარი ექსპერიმენტი, და მივედით იმ დასკვნამდე, რომ შემთხვევის ადგილას დაახლოებით 10 წუთი იყო საკმარისი იმისათვის, რომ დამნაშავეები გამოკიდებოდნენ ბავშვებს, ჩაჰყოლოდნენ არაგვის სანაპიროზე, განეხორციელებინათ განზრახ მკვლელობა და უკან ამობრუნებულიყვნენ ისევ ავტომანქანისკენ.


მე ვერ გეტყვით, ვასილ მახარაძემ მისცა თუ არა ჩვენება, იმიტომ, რომ სათანადო სტატუსის არქონის გამო, მოგეხსენებათ, განზრახ მკვლელობის ნაწილში არ ვიყავით დაზარალებულებად ცნობილი, წვდომა მასალებზე არ გვქონდა, ისევე როგორც თქვენ და ისევე როგორც სხვა მხარეებს. თუმცა, რაც შეეხება დანარჩენ მტკიცებულებებს, გარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, გაიშიფრა ავტომანქანების გადაადგილების ტრაექტორიები ანძებით, ვიდეოკამერებით და ყველა სათანადო საშუალებით, რაც კი გამოძიებას მოეპოვებოდა და დადგინდა, რომ სხვა მანქანა, მათ შორის ვერცხლისფერი „მერსედესი“, შემთხვევის ადგილას არ იმყოფებოდა. პირების ბრალეულობა დადგენილ იქნა ამირხანაშვილის და ახვლედიანის ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.


ექსპერტიზის პასუხის მოსვლამდე, არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საიდან მოხვდა ჩანთა სვეტზე ან რა შეფასება ეძლევა მას გამოძიებაში.

  •  


ბრალდებულების ადვოკატის პოზიციები არის ლოგიკური და კანონით დარეგულირებული, როდესაც ბრალდებული არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ადვოკატმა უნდა დაიცვას.

  •  


მე მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, მათი მხარდაჭერით მოვედით დღევანდელ დღემდე, მოგეხსენებათ, აგრესიისა და ბულინგის მსხვერპლი იყო ოჯახი, თანადგომის საფუძველზე მოვახერხეთ, რომ გახსნილიყო ეს დანაშაული და დადგენილიყვნენ ბრალეული პირები. სამწუხაროდ, თუ გვინდა შედეგი დავინახოთ გამოძიებაში, კითხვები, რაც უჩნდება ოჯახს, ეს არ არის საჯარო განხილვის საგანი, რადგან გართულდება გამოძიების შედეგის დადგენა.


ადრეც მითქვამს, ახლაც ვადასტურებ, ბრეგვაძე ფიგურირებდა ვერცხლისფერი „მერსედესით“ მისვლის ნაწილში. ხოლო, გიორგის განზრახ მკვლელობის ეპიზოდში ბრეგვაძე ფიზიკურად აღარ ფიგურირებდა.

  •  


როგორც ვიცი, წარმოებს ცალკე გამოძიება გენერალური ინსპექციის მიერ „112“-თან დაკავშირებით. როცა იქნება საბოლოო დასკვნა, ჩვენ დავეთანხმებით თუ არ დავეთანხმებით, რა გამოიკვეთება ან როგორ გამოიკვეთება, შემდეგ შეგვიძლია. რომ გიპასუხოთ.


ექსპერტიზას აქვს სათანადო დადგენილი პროცედურები, რომელშიც ვერავინ ჩაერევა.


არა მხოლოდ ჩიქოვანისთვის, არამედ ათობით ადამიანისთვის ჩამორთმეულ იქნა მობილური ტელეფონები და ავტომანქანები ექსპერტიზის მიზნით.


როგორც ვიცი, ტელეფონები გადაგზავნილია FBI-ში სათანადო ლაბორატორიაში კვლევისთვის და ველოდებით პასუხს წაშლილი შეტყობინების აღდგენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner