logo_geo
eng_logo
მიხეილ ჩხენკელი: ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების გარეშე, ქუთაისის ახალი უნივერსიტეტი ასეთი მასშტაბის ვერ იქნებოდა
- +

13 აგვისტო. 2020. 01:02

 

 

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასშტაბის სასწავლებელი ვერ იარსებებდა საქართველოში, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება“, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა. მან უნივერსიტეტი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან და ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად დაათვალიერა.

 

მინისტრის თქმით, სექტემბრიდან უნივერისტეტში აქტიური აკადემიური ცხოვრება იწყება. უნივერსიტეტში ლექციებს, ქართველი და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები წაიკითხავენ. დისტანციური სწავლების პროცესში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერების ჩართვაც იგეგმება.

 

განათლების მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო ბაზაზე არსებულ ანდრონული თერაპიის ცენტრის მნიშვნელობასა და სიმსივნის მკურნალობის ახალი ტექნიკის დანერგვაზეც ისაუბრა.

 

„ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, მეორე ონკოლოგიის მიმართულებით კვლევას. ეს უნიკალური ცენტრი იქნება. ციკლოტრონების აწყობა მიმდინარეობს, პროექტი 40 მილიონი ევროს ღირებულებისაა და მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. სიმსივნის მკურნალობის პარალელურად, აქ იქნება მაღალი რანგის სამეცნიერო კვლევითი პროცესი, როგორც მედიცინაში, ასევე ბირთვულ ფიზიკასა და სამედიცინო ფიზიკაში“,- განაცხადა მინისტრმა.

 

ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი 153 ჰექტარზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

 

უნივერსიტეტი წელს სტუდენტებს მიიღებს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება.

 

 

right_banner
არქივი
right_banner