logo_geo
eng_logo
1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად დაკარგულად მიჩნეული კიდევ 13 პირის ნეშტი იდენტიფიცირებულია
- +

13 აგვისტო. 2020. 18:04

 

 

1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ მათი ახლობლები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) მიერ ამოცნობილია.

 

ინფორმაციას ამის შესახებ კომიტეტი ავრცელებს. მათი განმარტებით, პირების ამოცნობა შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც წჯსკ-ს ეგიდით 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მასში აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული.

 

ეს პლატფორმა მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით მოქმედებს.

 

„ამ 13 ადამიანის ნეშტი მოძიებულ იქნა 2017 და 2018 წლებში სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და მცხეთის რაიონში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს. მსოფლიო გამოცდილების ფარგლებში არსებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტიფიცირება წჯსკ-ს მიერ მრავალდარგობრივი მეცნიერული პროცესის მეშვეობით განხორციელდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ოჯახებს შეატყობინა მათი ახლობლების ამოცნობის შესახებ. ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობაში 14 აგვისტოს შედგება, სადაც ოჯახებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს და მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა მათი ახლობლების ხვედრის გასარკვევად. ამ პროცესის განმავლობაში, ასევე, გაგრძელდება ოჯახებისთვის ფსიქოლოგიური და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის აღმოჩენა, რათა მათ შეძლონ გარდაცვლილი ახლობლების ამოცნობით გამოწვეულ მძიმე ემოციურ მდგომარეობასთან გამკლავება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პროგრამის კოორდინატორის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში ჟერომ ტუეს განცხადებით, გაუჩინარებული ადამიანების ოჯახის წევრებს უფლება აქვთ, გაიგონ ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ, შესაბამისად, ამ მიმართულებით საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

 

კომიტეტის მონაცემებით, გამოსამშვიდობებელი ცერემონია 15 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში შედგება.

 

„კოვიდ-19“-ის კრიზისით წარმოქმნილი დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში ყველა ღონე ვიხმარეთ, რათა იდენტიფიცირების პროცესი გაგრძელებულიყო. ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები გენეტიკის, არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის დარგებში განაგრძობდნენ არსებული მონაცემების ანალიზსა და შეჯერებას კონკრეტული შედეგების მისაღწევად. ეს საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან გაუჩინარებული ადამიანების ოჯახებს აქვთ უფლება, მიიღონ ინფორმაცია ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ. რამდენიმე დღის წინ 13 ოჯახმა მიიღო პასუხი. ამით დასრულდება ორაზროვანი დანაკარგის მდგომარეობაში მათი ყოფნა და ისინი სათანადო პატივს მიაგებენ გარდაცვლილ ოჯახის წევრებს“, – აღნიშნა  ჟერომ ტუემ.

 

წითელი ჯვრის ინფორმაციით, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით 2 352 ადამიანი, როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო პირი, დაკარგულად მიიჩნევა. 2013 წლის შემდგომ სულ ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი, აქედან 191 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს. კომიტეტის განცხადებით, კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ხვედრისა და ადგილსამყოფელის დასადგენად მუშაობა გრძელდება.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner