logo_geo
eng_logo
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ, შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპულ და ახლახან იდენტიფიცირებულ 13 პირს დღეს დაკრძალავენ
- +

15 აგვისტო. 2020. 10:45

 

 

 

სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 11:00 საათზე აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 14:00 საათზე დაგეგმილია გამოსვენება, ხოლო 15:00 საათზე სამხედრო პატივით დაკრძალვა დიღმის ძმათა სასაფლაოზე.

 

აღსანიშნავია, რომ დიღმის ძმათა სასაფლაოზე კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირიდან ორ მებრძოლს დაკრძალავენ, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 13 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა.

 

კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში გუშინ გადაასვენეს.

 

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. ორმხრივი მექანიზმის ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმის ფარგლებში ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 191.

 

 

right_banner
არქივი
right_banner