logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: რეკორდული მაჩვენებელია!
- +

2 მარტი. 2016. 14:10


წინა წელთან შედარებით, თებერვალში საქართველოს თითქმის 24%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ამის შესახებ ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ 2016 წლის თებერვლის სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა.  


ვიცე-პრემიერის განცხადებით, თებერვლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით, საქართველოს თითქმის 24 %-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.



„გაიზარდა იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში. ეს მონაცემი წინა წლის თებერვალთან შედარებით 19%-ით არის გაზრდილი. ეს პრაქტიკულად, რეკორდული მაჩვენებელია. ორი თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა იტალია (+29%), საფრანგეთი (+29%), დიდი ბრიტანეთი (+14%), პოლონეთი (+12%) და გერმანია (+7%). ესაა შედეგი ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის, რომელიც წარმატებით წარმართავს საქმიანობას უცხოეთის მიზნობრივ ბაზრებზე.

2016 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტორის შემოსვლა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან (+41.9%), თურქეთიდან (+12.2%), სომხეთიდან (+7.5%), რუსეთიდან (+29.2%) და უკრაინიდან (+23.5%). ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა ირანიდან (+80.1%), ბელარუსიდან (+30.3%) და ამერიკის შეერთებული შტატებიდან (+20.5%).

საერთაშორისო მოგზაურების რიცხვის ზრდა დაფიქსირდა 2 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 683,561 შეადგინა, ზრდა კი 13.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 236,584 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 11.2%-ით მეტია.

2016 წლის მხოლოდ თებერვლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს დამატებით ესტუმრა 70 000-მდე საერთაშორისო მოგზაური. ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ გასულ თვეს 42 მლნ ლარამდე დამატებითი შემოსავალი მიიღო ქვეყნის ეკონომიკამ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.



ვიცე-პრემიერის თქმით, 2016 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული და არარეგულარული რეისებით 141 843 მგზავრია გადაყვანილი. აღნიშნული მონაცემი 14,36 %-ით აღემატება 2015 წლის იანვრის მონაცემებს და თითქმის 15 %-ით მეტია 2014 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.



მინდა, ხაზი გავუსვა, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი ყოველწლიურად აღემატება ქვეყნის მოსახლეობის რიცხვს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ მზარდ დინამიკას მომავალ წლებშიც შევინარჩუნებთ. თუმცა ეს ჩვენი ხელისუფლებისთვის სერიოზული გამოწვევაცაა - ქვეყანა მზად უნდა დახვდეს საერთაშორისო ვიზიტორთა ასეთ მზარდ ნაკადს. ამისთვის ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. მათ შორისაა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.



მისივე თქმით, უკვე ამოქმედდა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალი კომპონენტი „უმასპინძლე საქართველოში", რომლის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისისა და ბათუმის გარდა ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოვება/გადაიარაღება, ასევე, გააფორმოს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე.



ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მინდა დავამატო, რომ მნიშვნელოვნად შევუწყვეთ ხელი საქართველოს მიმზიდველ ლოკაციად პოზიციონირებას უცხოელი ინვესტორების მხრიდან სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით, ამასთანავე ძალისხმევას არ ვიშურებთ უცხოური ბრენდების საქართველოში მოსაზიდად.

2014-2015 წლების განმავლობაში 93 ახალი სასტუმრო გაიხსნა და ტურისტულ საცხოვრებლებს 6 803-ით მეტი ადამიანის განთავსების შესაძლებლობა გაუჩნდა

ახალ სასტუმროებს შორისაა ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა - Hilton, Best Western, Mercury, Crowne Plaza, Rixos.

აღსანიშნავია, რომ დღის წესრიგით 60-ზე მეტი მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომელიც დამატებით 3 800 ადამიანის დაბინავებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია რამდენიმე ფართომასშტაბიანი პროექტი: Millennium Hotel, Intercontinental, ახალი Radisson, Haytt, Moxy brand by Marriot და .." - განაცხადა ქუმსიშვილმა.



ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდაში საჰაერო მიმოსვლის გამარტივებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

 

 

2015 წელს სხვადასხვა ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად 33 ახალი რეისი და დანიშნულების ადგილი დავამატეთ. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით უმსხვილეს და დაბალი ფასებით გამორჩეულ ავიაკომპანია ჭიზზაირ-თან მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ. კონკრეტულად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახდება აღნიშნული კომპანიის რეგიონული ბაზა და ამავდროულად კომპანია დაამატებს 7 ახალ მიმართულებას საკმაოდ მისაღებ ფასად. მეტი ტურისტი საქართველოში - ეს მხოლოდ სლოგანი არ არის, ეს უკვე არსებული რეალობაა. ჩვენი მიზანია, საქართველოს უმდიდრესი ტურისტული პოტენციალი წელიწადის ოთხივე დროს მიმზიდველი გავხადოთ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



კითხვაზე, არსებობს ინფორმაცია, რომ ქვეყანაში შემოსული ვიზიტორი ხარჯავს იმაზე ნაკლებს, ვიდრე მოლოდინი არსებობს, -  დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ერთი საერთაშირისო ვიზიტორი საშუალოდ, 600 ლარს ხარჯავს.


 

right_banner
არქივი
right_banner