logo_geo
eng_logo
დავით ნარმანიამ ავტობუსების ბაზის მშენებლობა დაათვალიერა
- +

10 იანვარი. 2017. 13:18



თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დიდ დიღომში ავტობუსების ბაზის მშენებლობა დაათვალიერა. 377 ავტობუსზე გათვლილი ავტობაზა ევროპული ტექნოლოგიებით აღიჭურვება და იქ „მანის" 143 ახალი ავტობუსი განთავსდება, რომელთა მიღება მარტში დასრულდება.


ამჟამად, ტენდერში გამარჯვებული შპს „დაგის" სამშენებლო ჯგუფები ძირითადი ნაგებობების ფუნდამენტის ჩასხმას ამთავრებენ. ბაზისთვის გამოყოფილ 6 ჰექტარ მიწის ფართობზე ავტობუსების სადგომების გარდა, სერვის ცენტრი, სამრეცხაო, ბენზინ და CNG ტექნოლოგიის გაზგასამართი სადგურები, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები აიგება.


თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ავტობაზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდიანეობს.

 

 „ბაზა ახალი ავტობუსებისთვის არის განკუთვნილი, შესაბამისად, იქ იქნება ყველა ტექნიკური პირობა, რათა ახალ ავტობუსებს მოვემსახუროთ. მათ შორის, გაზგასამართი სადგური, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი. სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიში მიმდინარეობს, რათა მას შემდეგ რაც ყველა ავტობუსს მივიღებთ და შესაბამისი მიმართულებით გავუშვებთ, ადგილი მზად იყოს და მათი მომსახურება ახალი ბაზის პირობებში მოხდეს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


ავტობაზაზე ახალი ავტობუსებისთვის ყველა სახის მომსახურების გაწევა იქნება შესაძლებელი. მათ შორის, ყოველდღიური სერვისი და კაპიტალური რემონტი. ავტობაზა 12-მეტრიანი „მანის" ავტობუსების გარდა, საშუალო, 9-მეტრის სიგრძის ავტობუსების მიღებასაც შეძლებს.


დავით ნარმანიასთან ერთად, ავტობაზაზე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი და საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ.


დიდ დიღომში ავტობაზის მშენებლობა 2016 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო.


 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner