logo_geo
eng_logo
ია ანთაძე: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ზოგიერთი გადაცემა „მაყურებლის მიგრაციას“ იწვევს
- +

17 თებერვალი. 2017. 17:50



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ ახალ გეგმაზე, რომელიც ე.წ. წითელ ზოლში მყოფი დაბალრეიტინგული გადაცემების დახურვას ითვალისწინებს, განაცხადა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" 10 გადაცემა თავის მხრებზე ეწეოდა 20 გადაცემას და ამის გამო მაყურებლების რაოდენობა მუდმივად იკლებდა,


ია ანთაძის განცხადებით, ხარისხობრივი და ზეგავლენის კვლევები მოითხოვს როგორც ფინანსებს, ასევე დროს, ამიტომაც არხის მენეჯმენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რეფორმა განხორციელდეს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.


მისივე თქმით, მსჯელობის შედეგად უნდა გადაწყდეს, ბორდს სურს თუ არა რეალური რეფორმა.

 

„რა გადაცემებიც დაგვხვდა ეთერში, მათთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობდა არასდროს, იმიტომ, რომ ეს იყო ტელევიზია, რომელიც ქმნიდა გადაცემებს იმ ნიშნით, რომ ისინი უნდა ყოფილიყო ხარისხიანი, ღირებულებებზე ორიენტირებული. ერთადერთი, რასაც არ ითვალისწინებდნენ, იყო ის, - ჰყავს თუ არა მაყურებელი გადაცემებს. ამბობდნენ, რომ ეს არის უმნიშვნელო, შედეგად მივიღეთ ის, რომ წლიდან წლამდე ეცემოდა არხის რეიტინგი და ამას ადასტურებს „ფიფლმეტრებიც" და სხვა კვლევებიც.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ხარისხობრივი კვლევა და ზეგავლენის კვლევა არის ძალიან გრძელვადიანი კვლევები, რომლებიც მოითხოვს როგორც დროს, ასევე დიდ ფინანსებს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ თუ რეფორმა გვინდა, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება რაც შეიძლება ობიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით. ეს არის ის კრიტერიუმი, რომლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არ შეიძლება კითხვა გაჩნდეს, ეს არის შეწონილი რეიტინგი ყველა გადაცემის 12 სექტემბრიდან 12 თებრვლამდე 6 თვის განმავლობაში, რომლის მიხედვითაც, ზოგი გადაცემა არის არხის საშუალო რეიტინგზე მაღალი, ზოგი ინარჩუნებს სტატუს-კვოს, ზოგი კი იწვევს „მაყურებლის მიგრაციას" ანუ მაყურებელი იღებს პულტს და სხვა არხზე რთავს.

 

მარტივად რომ ვთქვათ, არხის 10 გადაცემას ზურგში ჰქონდა მოკიდებული ე.წ. ყვითელ ზოლში მყოფი ხუთი გადაცემის და ე.წ. წითელ ზოლში მყოფი 15 გადაცემის ტვირთი", - განაცხადა ია ანთაძემ.


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" მენეჯმენტის წევრმა გიორგი გვიმრაძემ არხის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემების ნაწილის დახურვისა და ნაწილის სამაუწყებლო ბადეში დატოვების სავარაუდო გეგმა წარუდგინა.


გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადეში რჩება ე.წ. მწვანე ზოლში არსებული გადაცემები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს და რეიტინგი მაღალია. მათ შორისაა გადაცემები: „გამომძიებელი რეპორტიორი", „გურმანი", „ფერმა", „ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ", „შაბათს საღამოს ლიზასთან", „წიგნების თარო", „ტელებლოგი", „პირადი ექიმი", „სიტყვების თამაში", „გააგრძელე საქართველოს ისტორია".


ასევე, სამაუწყებლო ბადეში რჩება მეორე კატეგორია, ე.წ. ყვითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებიც საშუალო რეიტინგისაა, მათ შორისაა, „დოკუმენტური ფილმების სტუდია", „ეპოქა", „დღე მუზეუმში", „რადიო თავისუფლება - ინტერview".


გიორგი გვიმრაძის გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადიდან ამოღებული უნდა იქნეს ე.წ. წითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებიც დაბალი რეიტინგისაა და „მაყურებლის მიგრაციას" იწვევს, მათ შორისაა გადაცემები: „ხანმოკლე XX საუკუნე", „ეკონომეტრი", „ვაშინგტონი დღეს", „სპორტი 360 გრადუსი", „მთავარი", „რეალური სივრცე", „ვექტორი", „სპორტის დაფა", „რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", „ტელემანი", „კაცების დრო", „C სტუდია", „უცნობი მუსიკა".


არხის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ეს საბოლოო ვარიანტი არ არის და საკითხზე მუშაობას სამშაბათს, 21 თებერვალს გააგრძელებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner