logo_geo
eng_logo
9 აპრილის სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე გამოსახული გოგონა იტალიაში ემიგრანტია
- +

12 აპრილი. 2016. 04:38



9 აპრილის გლოვისა და, ამასთან, საქართველოს ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე (რომელიც იური მეჩითოვმა გადაიღო) გამოსახული გოგონა ნაპოვნია.


მარი ნანა მახარაძემ მხოლოდ 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წლის შემდეგ მოისურვა გაემხილა, რომ ამ ფოტოზე თვითონაა გამოსახული. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 9 აპრილს ცნობილმა ჟურნალისტმა მანანა მანჯგალაძემ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ცნობილი ფოტო და მიაწერა, რომ 23 წელია, ამ გოგონას ეძებს.


მანანა მანჯგალაძე აღწერს, როგორ მიაგნო სოციალურ ქსელში ფოტოზე გამოსახულ გოგონას, რომელსაც გაეცნო, მან კი საკუთარი ისტორია უამბო და გამოქვეყნებაზეც თანხმობა მისცა.


მანანა მანჯგალაძე მარი ნანა მახარაძის ცხოვრებას, სიმბოლურად, ორ ნაწილად: 9 აპრილამდელად და 9 აპრილის შემდგომად ჰყოფს.


აი, რა უამბო მარი ნანა მახარაძემ მანანა მანჯგალაძეს:


მარი ნანა მახარაძე მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა ბატონ იური მეჩითოვს ამ საოცარი ფოტოსათვის, ეს დღე მუდამ უნდა ახსოვდეს ქართველ ხალხს. არასოდეს არ ვთვლიდი საჭიროდ მეთქვა: ამ ფოტოზე ასახული გოგონა მე ვარ, რადგან ეს არასოდეს ყოფილა ჩემთვის, მხოლოდ ჩემი ფოტო, დღეს ძალიან შორს ვარ ჩემი ქვეყნიდან ..." - მახარაძის ამ ციტატის შემდეგ მანანა მანჯგალაძე წერს:


სოციალურ ქსელში მისი სახელი და გვარი ავკრიფე - მარი ნანა მახარაძე და მივწერე.....ყველაფერი მაინტერესებდა.. ყველაფერი.. პასუხი ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა: „დიახ, მე გახლავართ იმ ფოტოზე. თქვენ საიდან მომაგენით?"; „პროფესია მაქვს ასეთი", - ვუპასუხე.


გავეცანი და შემდეგ კითხვაზე გადავედი. ფოტოს შესახებ ვკითხე... აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა იციან ამ სურათის შესახებ, ფოტოს ავტორიც კი ეძებდა. ფოტო 10 აპრილს საპროტესტო მსვლელეობის დროს ქუჩაში გადაიღო იური მეჩითოვმა.


ყველაფერი გამახსენდა.. თბილი აპრილის დღეები. რაღაცნაირი - უცნაური განწყობა და დამოკიდებულები, რამდენი მიტინგი და აქცია გამართულა თბილისში ისეთი მას შემდეგ არ მახსოვს...


არც ის წუთი მავიწყდება, საოცარი სიჩუმე.. მოარული კასეტები, ჯოხით ტანკთან შებმა... „ დაუკარიიით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს..." ეს ხმაც მახსოვს, მერე უკვე მორგის კადრები, დაღუპულების სახელები, კომენდანტის საათი, შევარდნაძის ჩამოსვლა, მისგან პირველად თქმული სიტყვა პლურალიზმი, განცხადებები, პატიაშვილი, ზვიადი, მერაბი, ხალხი... მოწამლულები, ექიმები, მილიცია, როდიონოვი, ალესილი ნიჩბები. „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" და ზინა კვერენჩხილაძის მიერ წაკითხული რაღაც უცანური გოდება სიონის ტაძარში.... ქუჩაში გამოსული ხალხიიი მანქანები გაუჩერებელი „სიგნალებით"( საყვირებით ) არ ვიცი, ვინ დაიწყო, საიდან და აგორდა, მაგრამ ეს მახსოვს - ყველა მანქანა ასე დადიოდა... ამ ხმას ვერ გაექცეოდი, ვერ დაემალებოდი... ეს სურათიც მაშინ არის გადაღებულიიი... იმ პროტესტის დროს...


„ამ ფოტოზე 19 წლის ვარ, უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი, ფიზიკის ფაკულტეტი. მე ნაცნობმა ჟურნალისტმა გოგონებმა მითხრეს: შენი ფოტოები დაიბეჭდა გაზეთებშიო. პლაკატებიც იყო ამ ფოტოსი. ცოტა რთულად გვქონდა საქმე.


მამიდაჩემი პარტორგანიზაციის მდივანი იყო, რაიკომში ერთ-ერთი დიდი თანამდებობა ეკავა, ჩემი მშობლებიც პარტიულები იყვნენ, ყველა ძალიან ნერვიულობდა, მამიდამ ჩემს გამო საყვედურიც მიიღო პირად საქმეში შეტანით, თუმცა მხოლოდ ის აღელვებდათ მოწამლული ვიყავი თუ არა. საბედნიეროდ არა.


ამ ფოტოზე რომ მანქანაა, იმ მანქანის კარებზე ვარ ჩამომჯდარი, მე და ჩემი ბიძაშვილი უცებ აწყობილი დროშით მივდივართ რუსთაველზე, დილის 11 საათი იქნებოდა. მაშინ დიდუბეში ვცხოვრობდით. პლეხანოვზე, კინოსტუდიასთან იქ მომუშავე მიჭები იდგნენ, ძალიან გაღიზიანებულები და დაღლილები, გვკითხეს გოგოებო სად მიდიხართ, ფრთხილად იყავითო და შემოგვთავაზეს შემოგიერთდებითო.


მართალი გითხრათ, არც კი ვიცნობდით ამ ბიჭებს, თუმცა ამას მაშინ არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა. ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული, ისეთი ერთსულოვნება და თავდადება, ისეთი სიყვარული რაც მაშინ იყო, აღარასოდეს აღარ მიგრძვნია...


...ახლა იტალიაში ვცხოვრობ, ჩემდა სამწუხაროდ. ვმუშაობ როგორც ყველა ემიგრანტი. იცით, ალბათ, ეს რას ნიშნავს. 3 თვის წინ მეუღლე გარდამეცვალა, ჩამოსვლაც ვერ მოვახერხე. მყავს ერთი გოგონა 22 წლის, რომელსაც ამ წუთას აღარც მამა ყავს და აღარც დედა. მქონდა ჩემი ბიზნესი, თუმცა როგორც უმეტესობას კრიზისის გამო ყველაფერი დამენგრა. ბინაც სადაც ვცხოვრობდით, ჯერ ბანკმა „შეგვიჭამა" და მერე კერძო იპოთეკარებმა. ბინის პრობლემა რომ არა, ამ ჯოჯოხეთში არც წამოვიდოდი. ძალიან მწყდება გული ასე რომ მოხდა. იმაზეც მწყებდა გული, რომ ვუყურებ ამ ქართველების ყოფას. არ ვიცი რამდენი ხანი დამჭირდება კიდევ ამ ჯოჯოხეთში გაძლება. თუმცა სასიკეთოს მართალი გითხრათ დღეს ვერაფერს ვხედავ საქართველოში. ერთიც არის, თავზე ჭერი რომ მქონდეს აქ ერთ დღესაც არ გავჩერდებოდი. იმიტომ არა რომ აქ ძალიან მიჭირს, უბრალოდ აქ არც კი ვარსებობ..."


მანანა მანჯგალაძე: - არც კი ვარსებობ - იქ სადღაც იტალიაში.... არადა სურათზე როგორი შეუვალია, წარმოვიდგინე დაღლილი, ამ სიტყვების თქმის თუ წერის დროს როგორი შეწუხებული, შეიძლება ცრემლიანიც იყო... ასობით ისტორიის მსგავსი თავგადასავლით..


მთელი 25 წელი ჩაჯდა ამ რამდენიმე წინადადებაში... სულ რაღაც ერთი საათი ვისაუბრეთ, მერე მომიბოდიშა ჩემი შესვენება მთავრდება და უნდა დაგემშვიდობოთო, მეც შევწუხდი - იქნებ შვილთან სასაუბრო ერთი საათი წავართვი...


ნებართვა ავიღე ამ ჩვენს საუბარს გამოვაქვეყნებ-მეთქი, დამთანხმდა და დამემშვიდობა... მე კი მინდა იცნობდეთ ამ გოგონას 9 აპრილის ფოტოდან 25 წლის შემდეგ, ოღონდ, იტალიიდან...


არადა გოგონა სურათზე სულ სხვანაირი ისტორიით მინდოდა რომ ყოფილიყო...


ისევე, როგორც სხვანაირი მინდოდა ყოფილიყო ჩემი ქვეყნის ისტორიაც...".


 

 

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×