logo_geo
eng_logo
რა მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა თბილისის ბაგა-ბაღებში
- +

13 ნოემბერი. 2017. 23:05



თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თაკო კვირტიამ „რეპორტიორთან" საუბარში იმ მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც თემურ თორდინავას ხელმძღვანელობის პერიოდში ბაგა-ბაღებში განხორციელდა.


„თემურ თორდინავას ხელმძღვანელობის პერიოდში მოხერხდა ის, რომ გაიხსნა 12 ახალი საბავშვო ბაღი.

 

გაიხსნა გასულ წლებში დახურული 132-ე  საბავშვო ბაღი, ასევე, 109-ე და 196-ე საბავშვო ბაღების დახურული ფლიგელები და 16-ე საბავშვო ბაღში გაუქმებული საცურაო აუზის შენობაში გაიხსნა 3 ახალი ჯგუფი.

 

სარემონტო და გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა 56-ე საბავშვო ბაღს, რომელიც მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო. სარემონტო სამუშაოების შემდეგ კი, ბაღმა სრული დატვირთვით განაახლა ფუნქციონირება.

 

ასევე, აღსანიშნავია ის, რომ მიმდინარეობს 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების გახსნის, ჯგუფების და შტატების დამატების შედეგად დასაქმდა 3000-ზე მეტი ადამიანი.

 

სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა თითქმის ყველა საბავშვო ბაღში. მოწესრიგდა სააღმზრდელო ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულოები (მათ შორის,  სამზარეულოები აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით: ელექტროღუმელით, კარტოფილის სათლელი აპარატით, ცომის საზელი დანადგარით, ბოსტნეულის საჭრელი ხელსაწყოთი).

 

82 საბავშვო ბაღში გაკეთდა სპორტულ-გასართობი მოედნები, 84 საბავშვო ბაღის ეზოში მოეწყო ღობე, 60-მდე საბავშვო ბაღში მოეწყო პანდუსი, 3 საბავშვო ბაღის შენობას ჩაუტარდა გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები, 10 საბავშვო ბაღში გარემონტდა შენობის ფასადი, 10-ზე მეტი საბავშვო ბაღის ეზო დეკორატიულად მოეწყო. ხოლო გსმ ბავშვებს, რომლებსაც ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე ესაჭიროებოდათ ბაღში სააღმზრდელო პროცესის გაგრძელება, აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სკოლამდელი განათლება 7 წლის ასაკამდეც, რაც აქამდე არ ყოფილა.

 

2016 წლის იანვრიდან თბილისის ბაგა-ბაღებს დაემატა ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეცპედაგოგის შტატი. დღეის მდგომარეობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულია 120 ლოგოპედი, 150 ფსიქოლოგი და 160 სპეცპედაგოგი. მიმდინარეობს ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგების, ლოგოპედების და სპეცპედაგოგების გადამზადება. მთლიანობაში გადამზადდება 410 ადამიანი.

 

სააგენტოს ინიციატივით, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედებისათვის შეიქმნა სახელმძღვანელო, სპეციალური გზამკვლევი, რითაც ისინი უკვე ერთიანი მიდგომით ხელმძღვანელობენ. კვალიფიციური კადრების დასაქმების მიზნით, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გასულ წელს გამოაცხადა კონკურსი აღმზრდელის თანაშემწის, აღმზრდელისა და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის (მეთოდისტის) პოზიციის დასაკავებლად. ბაგა-ბაღების დირექტორებს ჩაუტარდათ ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის შესახებ. ყველა ბაგა-ბაღის ჯანმრთელობის დაცვისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორებს ჩაუტარდათ ტრენინგი ახალი გაიდლაინის (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა)  გაცნობის მიზნით. დაინერგა სასკოლო მზაობის პროგრამა, რომლის მიზანია, განუვითაროს ბავშვს მოტორული, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარები, კომუნიკაცია და მეტყველება, სწავლისათვის საჭირო ნებელობა, რაც მათ ბაღიდან სკოლაში ტრანზიციის პერიოდს უადვილებს. თბილისის ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა ტრენინგი  ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს როგორც ბავშვების, ისე აღმზრდელების უსაფრთხოების კულტურის ამაღლებას.

 

ბავშვთა კვების რაციონის მოწესრიგების მიზნით, ყველა ბაღისთვის საერთო მენიუ შემუშავდა. კვების რაციონი გახდა უფრო მრავალფეროვანი და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში, ბავშვთა კვება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #78 დადგენილების მოთხოვნებთან  შესაბამისობაში მოვიდა. 2015 წლის 1 იანვრიდან საბავშვო ბაგა-ბაღში მომუშავე პერსონალისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა გახდა უფასო.

 

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ბაგა-ბაღის თანამშრომლებისთვის გახდა ანაზღაურებადი. 2016 წლის 1 თებერვლიდან კი საბავშვო ბაღების თანამშრომელებს გაეზარდათ შრომის ანაზღაურება 5-20%-ით", - განაცხადა კვირტიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner