logo_geo
eng_logo
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ პასუხები თბილისის განახლებული გენგეგმის შეფასების საექსპერტო დასკვნაზე
- +

14 ნოემბერი. 2017. 13:00

 

თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი „სითი ინსტიტუტი საქართველო“, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაქირავებული ექსპერტის – ერიკ ჰიუბრეხტის მიერ წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნას გაეცნო, რომელშიც შეფასებულია გენგეგმის ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაო და მათი ხედვები, რასაც ისინი დედაქალაქის შემდგომი განვითარებისთვის სთავაზობენ ქალაქის მთავრობას.

 

„სითი კვირა“ უცვლელად გთავაზობთ გენგეგმის ჯგუფის წერილს, რომლის ადრესატი   არქიტექტურის საქალაქო სამსახურია.

 

გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი ყურადღებით გაეცნო თბილისის მუნიციპალიტეტის თხოვნით, აზიის განვითარების ბანკის მიერ  დაქირავებული ექსპერტის ერიკ ჰიუბრეხტის მიერ შესრულებულ თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასების  საექსპერტო დასკვნას.

 

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პატივცემული ექსპერტი გაეცნო მხოლოდ მე-6 ეტაპის მასალებს (რომლის თარგმნაც უზრუნველყო დამკვეთმა) და მისი ყურადღების მიღმა დარჩა წინასაპროექტო კვლევის, საყრდენი გეგმისა და კონცეფციის შემუშავებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (როგორც ტექსტური, ისე გრაფიკული). ეს ფაქტორი მეტად მნიშვნელოვანია, რამდენადაც საბოლოო ეტაპზე წარდგენილი ყველა გადაწყვეტა ეფუძნება წინა ეტაპებზე მომზადებული კვლევებისა და ანალიზის შედეგებს.

 

ამდენად, ამგვარმა წყვეტამ საექსპერტო მასალის გაცნობასთან დაკავშირებით, გამოიწვია გარკვეული შეუსაბამობები, რამაც ფრანგი ექსპერტის საექსპერტო დასკვნის შეფასებით ნაწილზე მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტის გარკვეული შეხედულებების ფორმირება სავარაუდოდ გამოწვეულია პროექტის ბოლოს, მისი ეპიზოდური და ხანმოკლე ჩართვით და იგი ყველა შემთხვევაში, ვერ ასახავს იმ რეალობას, რაც დამახასიათებელია თბილისისათვის.

 

როგორც თავად ექსპერტი აღნიშნავს, საბოლოო დოკუმენტის შეფასების პროცესში, მის მიერ განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:

 

თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციის საექსპერტო დასკვნისა და შესაბამისი რეკომედაციების მომზადება;

მგგ-ს გეგმარებითი დავალების საფუძველზე შემუშავებული GIS რუკების თვისებრივი შეფასება;

საექსპერტო შეფასების/ანალიზის შედეგად გაკეთებული დასკვნებისა და რეკომენდაციების საბოლოო ანგარიშის წარმოდგენა.

საინტერესოა, რომ პატივცემულ ექსპერტს, დამკვეთმა (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური) ერთ-ერთ დავალებად, როგორც ირკვევა, განუსაზღვრა თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციის საექსპერტო დასკვნისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. გვინდა, ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციის შემუშავება თავად დამკვეთის მიერ იყო განსაზღვრული   საპროექტო მომსახურების  მე-4 ეტაპზე და შესაბამისი სამუშაო მის მიერვე იქნა მიღებული 2017 წლის 27 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. შესაბამისად, სარევიზიო ხასიათის დაკვეთა მხოლოდ შიდა ორგანიზაციული მოხმარების მიზნებს უნდა ატარებდეს და არ უნდა ვრცელდებოდეს მიმწოდებელზე. მიუხედავად აღნიშნულისა, თქვენი 2017 წლის 19 ოქტომბრის 60-01172922268 წერილის გათვალისწინებით, „სითი ინსტიტუტი საქართველოსა“ და მის ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებს საჭიროდ მიაჩნიათ, პასუხი გაეცეს ექსპერტის შეფასებებს კონცეფციის ნაწილშიც.

 

უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ ექსპერტი მართებულად მიანიშნებს იმ მნიშვნელოვან გარემოებებზე, რამაც მგგ-ს განახლებაზე მომუშავე გუნდს  გაურთულა პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობა (იხ. დასკვნის მე-6 გვერდი – მუნიციპალიტეტის სტრატეგიებთან, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავების მასშტაბთან, ტექნიკურ დავალებაში არსებულ რიგ შეუსაბამობებთან, ინსპექტირების და ვალიდაციის პროცესთან,  შემსრულებლისთვის არასაკმარისი კვლევითი მასალების, ხოლო რიგ შემთხვევაში, მოძველებული მასალების მიწოდებასთან  დაკავშირებით),

 

ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განხილვების ორგანიზება ძირითადად დამკვეთის ფუნქციაა (სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაგეგმვის დოკუმენტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს დაგეგმვაზე უფლებამოსილი უწყება.“) ვერ დავეთანხმებით ექსპერტს, როდესაც იგი აღნიშნავს:  „ფაქტიურად არ ყოფილა რეალური მონაწილეობითი პროცესი, რომელიც გაითვალისწინებდა კერძო სექტორისა და მოსახლეობის მოთხოვნებს და საჭიროებებს. თუმცა ჩატარდა რამდენიმე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა. შესაბამისად, ეს პროცესი ძირითადად ტექნიკური და ბიუროკრატიული იყო და არ მოიცავდა ეკონომიკურ და სოციალურ განზომილებებს“  (იხ. დასკვნის მე-6 გვერდი). სამწუხაროა, რომ დამკვეთმა არ ან ვერ მიაწოდა ექსპერტს სათანადო ინფორმაცია მგგ-ს შემუშავების მთელი პროცესის განმავლობაში გამართული შეხვედრებისა და საჯარო განხილვების შესახებ, რაც თავად ექსპერტს არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რამეთუ იგი დამკვეთი მხარის მიერ, მგგ-ზე მუშაობის ფინალურ ფაზაში იქნა ჩართული. რეალურად, მრავალი შეხვედრა შედგა სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებთან. შედგა შეხვედრები როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების მოსახლეობასთან, ისე ქალაქის სამშენებლო და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან. 12 შეხვედრა და განხილვა შედგა საქართველოს არქიტექტორთა კავშირში საპროექტო დარგის სპეციალისტებთან, მათ შორის მგგ-ს განახლებაზე მონაწილე უცხოელი პარტნიორების ჩართულობით. დამოუკიდებლად მიმდინარეობდა კონსულტაციები და შეხვედრები, სპეციალურად მგგ-ს პროცესის მონიტორინგის მიზნით შექმნილ საზოგადოებრივ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსთან. რამდენიმე დღიანი განხილვა გაიმართა  გუდაურსა და ბორჯომში მედიისა და მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან. გაიმართა საჯარო განხილვები საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში, თბილისის ტექნოპარკში (ბიზნესის წარმომადგენლებთან და დეველოპერებთან). სამი ეტაპობრივი განხილვა შედგა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სხვადასხვა პარტიებისა და ფრაქციების წარმომადგენლებთან და სხვ.

 

მგგ-ს განახლებაზე მუშაობის მთელი პროცესის განმავლობაში, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ღია იყო ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლებისათვის, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებისა და კონსულტაციისათვის. ამდენად, მივიჩნევთ, რომ ამგვარი პროექტების განხორციელების კუთხით მგგ-ს განახლების საჯაროობის ხარისხი ჩვენი ქვეყნის პირობებში უპრეცენდენტოდ მაღალია.

 

ერიკ ჰიუბრეხტის ექსპერტიზის დასკვნის მე-3 თავის (ძირითადი შედეგები) საპასუხოდ,  უნდა აღინიშნოს:

 

ექსპერტი მიუთითებს: „მგგ-ს ხედვები არ შეესაბამება ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ მხარდაჭერილ სატრანსპორტო დერეფნებს. ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს ძირითადი კორიდორი, ამ დერეფნებთან დაკავშირებული ურბანული ქსოვილის მოდიფიკაციისთვის, რაც სტრატეგიულ საკითხს წარმოადგენს”. აღნიშნულის საპასუხოდ, უნდა ითქვას, რომ გენერალურ გეგმაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპებზე, მგგ-ზე მომუშავე ტრანსპორტის ჯგუფის წევრებს, მათ შორის BRENNER INGENIEURGESELLSCHAFT MBH-ს სპეციალისტებსა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შორის, მიმდინარეობდა კონსულტაციები, რა დროსაც სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებულ საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები არ დაფიქსირებულა. უფრო მეტიც, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 24 ივლისის 16-01172052252 წერილით მოთხოვნილია მხოლოდ რკინიგზის სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებული ურთიერთშეთანხმების ასახვა საბოლოო დოკუმენტში, რაც უკვე გათვალისწინებულია.

 

ექსპერტის შენიშვნა ეხება რკინიგზის, როგორც საქალაქთაშორისო მგზავრობისა და ქალაქის შიდა ურბანული საზოგადოებრივი ტრანსპორტირების მიზნებისთვის შენარჩუნების აუცილებლობას. მისი და მგგ-ს ჯგუფის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრაქტიკულად იდენტურია.

 

პრინციპული თანხმობაა ექსპერტისა და მგგ-ს განახლებაზე მომუშავე გუნდის პოზიციაში ცენტრალური რკინიგზის სადგურის მიმდებარე 70 ჰექტარ მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების კუთხით, რათა აღნიშნული ტერიტორია გამოყენებულ იქნას მაღალი დონის სტრატეგიული ურბანული განვითარებისათვის, მათ შორის მსხვილი რეკრეაციული ტერიტორიის მოსაწყობად, რაც არაერთხელ დაგვიფიქსირებია საჯარო გამოსვლებში და ასახულია მგგ-ს დოკუმენტებში.

 

მთლიანად ვიზიარებთ ექსპერტის პოზიციას და მგგ-ს დოკუმენტებში, სხვადასხვა ეტაპებზე ასახულ იქნა, ქალაქის ცენტრიდან სატვირთო გადაზიდვების მოცილებისა და მისი ალტერნატიულ შემოვლით გზაზე გადატანის საკითხი.

 

ექსპერტის მოსაზრება სარკინიგზო ხაზის გასწვრივ გამჭოლი ახალი მაგისტრალის მშენებლობის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ, ვფიქრობთ, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ იგი ვერ გაეცნო მგგ-ს განახლებაზე მომუშავე გუნდის კონცეფციას მდინარე მტკვრის ქალაქისათვის დაბრუნების თაობაზე. მგგ-ს ჯგუფის შეთავაზება, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (I ეტაპი – გალაქტიონის ხიდიდან ზაარბრუკენის მოედნამდე არსებულ სანაპიროზე, მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატოვებით) მდინარის მნიშვნელოვან არეალში საქალაქო სარეკრეაციო სივრცის გრძივი განვითარება სასეირნო-დასასვენებელი ბულვარის მოწყობით, შესაძლებელი იქნება სწორედ დამატებითი გრძივი უწყვეტი კავშირის შექმნით, რკინიგზის ტერიტორიის არეალში. ამდენად, ზემოთხსენებული საკითხი ჩვენთვის მეტად პრინციპული და მნიშვნელოვანია. იგი გამოწვეულია ობიექტური ფაქტორებით და არ უნდა იყოს აღქმული როგორც ავტომობილების წილის ზრდის ხელშეწყობის მცდელობა.

 

ექსპერტი სამწუხაროდ არ იცნობს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ და მისი პარტნიორების მიერ მომზადებულ „თბილისის საველოსიპედო ქსელების განვითარების კონცეფციას“, რომლის მიზანია, საფუძველი ჩაუყაროს თბილისში არსებული სატრანსპორტო ქსელის ტრანსფორმაციას, რაც მოსახლეობას შესთავაზებს გამოიყენოს ქალაქში გადაადგილების ალტერნატიული საშუალება. ყოველივე ეს არა მარტო ხელს შეუწყობს ქალაქში გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ დადებითად აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე.

 

ვერ მივიღებთ ექსპერტის შენიშვნას ჯენტრიფიკაციის გზით ძველი უბნების განახლებასთან დაკავშირებულ საშიშროებებზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო – აღნიშნული ტერმინი, არც მისი შინაარსობრივი შესატყვისი, არც ამგვარი მიდგომის აუცილებლობის დასაბუთება, მგგ-ს დოკუმენტის შემუშავების არც ერთ ეტაპზე არ გამოყენებულა და ამდენად, იგი არ ასახავს რეალობას.

 

ექსპერტი თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ ურბანული გაფართოების შეჩერება არასწორია, რადგანაც შეიძლება დიდი წინააღმდეგობა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ინვესტორებისა და ქალაქის მოსახლეობის მხრიდან, ასევე შეამციროს თბილისის მიმზიდველობა ინვესტირების თვალსაზრისით. ნათელია, რომ ექსპერტს არ გააცნეს მგგ-ს განახლების ფარგლებში განხორციელებული წინასაპროექტო კვლევები, ფართების მოთხოვნის ანალიზი, დემოგრაფიული პროგნოზები, ნებართვაგაცემული მშენებლობები და პროექტები, 7000 000 კვ.მ-ზე მეტი ნებართვაგაცემული აგდ-ეები და არსებული ტერიტორიული რესურსი განაშენიანების კონტურის შიგნით „ბრაუნფილდების“ სახით (849 ჰა-ზე მეტი). ვფიქრობთ, ამ ინფორმაციის გაცნობის შემდგომ, ექსპერტის დასკვნა თვისობრივად სხვა შინაარსს შეიძენდა.

 

ამავე დროს, მგგ-ს განახლების ფარგლებში ჩამოყალიბებულია გადაწყვეტილება ახალი საზღვრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე, რომლებიც ინარჩუნებენ გეგმარებით და სივრცით-მოცულობით თვითმყოფადობას, განაშენიანების საკუთარ პარამეტრებს. აქ არ უნდა შეიცვალოს განაშენიანების ხასიათი, გარემოში დისონანსი მშენებლობებმა არ უნდა შეიტანონ, განვითარება უნდა დაისახოს თბილისის საგარეუბნო ზონის სასოფლო და სააგარაკე დასახლებების გენსქემით. დაკონკრეტება უნდა მოხდეს დასახლებების მგგ-ით ან გრგ-ით (წინუბანი, ნასაგური, დიდი ლილო, თელოვანი და ა.შ.)

 

მე-3 თავის მე-11 პუნქტში, ექსპერტის მიერ გამოთქმულია შემდეგი შენიშვნა: „მწვანე სივრცეების რაოდენობის ზრდა ძირითადად განპირობებულია რეკრეაციული ზონების კატეგორიიდან ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონებზე გადასვლით. ფაქტიურად შემოთავაზებულია სულ რამდენიმე ახალი მწვანე არეალი, შესაბამისად მგგ არ გვთავაზობს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.“

 

როგორც სჩანს, ამ შემთხვევაშიც, ექსპერტის მხრიდან საქმე გვაქვს შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობასთან. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, სხვა უამრავ აქტუალურ საკითხთან ერთად საპარკე-სარეკრეაციო სივრცეების განსავითარებლად დედაქალაქს, რამდენიმე ასეულ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორიას სთავაზობს. ასეთი ტერიტორიები თბილისის თითქმის ყველა რაიონში მოინიშნა, როგორც ქალაქის გარეუბნებში, ასევე მის ცენტრალურ ნაწილში. საპარკო არეალებთან დაკავშირებით მიღებული გეგმარებითი გადაწყვეტილებები ეყრდნობა თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციაში წარმოდგენილი „მწვანე ქალაქის“ სქემას. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა გენერალური გეგმის განახლების კონცეპტუალური ხედვა, მათ შორის, ქალაქის მდინარეთა ხევებისა და ხეობების გამოთავისუფლება, მათი ქალაქის ურბანულ სტრუქტურაში ჩართვა, მათი სარეკრეაციო პოტენციალის ათვისება. აღნიშნული ტერიტორიები გენგეგმის მასალებში შესაბამისი საკადასტრო კოდებითაა მოცემული.

 

ექსპერტს, დამკვეთის მხრიდან, სამწუხაროდ არ მიეწოდა ის უმნიშვნელოვანესი მასალები, რომლებიც მომზადებულ იქნა მგგ-ს განახლებაზე მომუშავე სპეციალისტების მიერ, სხვადასხვა ეტაპზე. სწორედ ამითაა განპირობებული მისი შენიშვნა, თითქოს: „მგგ არ განიხილავს დასაქმებასა და ინვესტიციებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს“.ჯერ კიდევ წინასაპროექტო მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზე (მე-2 ეტაპი), მგგ-ზე მომუშავე ეკონომისტთა ჯგუფის მიერ, რომელსაც ჰოლანდიელი ეკონომისტი მარტინ კანტერსი ხელმძღვანელობდა, განხილულ იქნა ისეთი საკითხები როგორებიცაა: საქართველოსა და თბილისის სოციალურ-ეკონომიკური მიმოხილვა, საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური განვითარების პროგნოზი. მგგ-ს მე-4 ეტაპის სამუშაოებში წარმოდგენილია  მთელი თავი „ახალ სამშენებლო ტერიტორიებზე მოთხოვნების ანგარიში (დასაბუთება)-არასაცხოვრებელი ფართები“, რომელსაც ახლავს მგგ-ზე მომუშავე ურბანულ ეკონომისტთა და უძრავი ქონების გუნდის მიერ შემუშავებული მოხსენება თბილისის ეკონომიკური განვითარების პრინციპებთან, უძრავი ქონების სხვადასხვა გამოყენებით ფუნქციის ჯგუფებისათვის მოთხოვნის გრძელვადიან ანალიზთან, თბილისის განვითარების სივრცით-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ პრინციპებთან, მიწათსარგებლობით გეგმარების პრიორიტეტული ჩარევის არეალებთან დაკავშირებით.

 

ექსპერტმა შენიშვნის სახით, თბილისის ზღვის თემატიკასთან დაკავშირებით, დააფიქსირა იმ წინადადების გათვალისწინების  აუცილებლობა, რაც თავად მგგ-ზე მომუშავე გუნდის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია ქალაქის ხელისუფლებისთვის. მგგ-ს ყველა ეტაპის დოკუმენტში, დამკვეთისადმი მიწერილ არაერთ წერილში, მგგ-ს მომუშავე გუნდის წევრების საჯარო პუბლიკაციებსა და განცხადებებში მუდმივად ხაზგასმულია, რომ დაუშვებელია თბილისის ზღვის სანიტარულ-დამცავი ზონის ფარგლებში ყოველგვარი მშენებლობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მგგ-ს ძირითადი მოთხოვნაა: ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე თითოეული პროექტი დამუშავებულ იქნას წყლის შესახებ კანონისა და კომპანია „GWP”-ის მოთხოვნების შესაბამისად.

 

სამწუხაროდ, კვლავ გვიწევს გამეორება, რომ ფრანგი ექსპერტი არ იცნობს მგგ-ზე მომუშავე გუნდის ექსპერტების მიერ შემუშავებულ, წინა ეტაპების დოკუმენტურ მასალებს. ასე მაგალითად, მე-2 ეტაპის დოკუმენტში, მგგ-ს ჯგუფის სპეციალისტების მიერ მოყვანილია თბილისის ქვაბულის გეოლოგიური და ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების ზოგადი მიმოხილვა, სადაც, მათ შორის, საუბარია წყალდიდობების საფრთხეებსა და მათი პრევენციისათვის საჭირო რეკომენდაციებზე. მე-4 ეტაპის დოკუმენტში წარმოდგენილია თბილისის ქვაბულის ფერდობებზე და ქ. თბილისის განაშენიანებულ ნაწილში გეოლოგიური და ფიზიკურ–გეოგრაფიული პროცესების განვითარების თავისებურებების აღწერა ანთროპოგენული ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედების გათვალისწინებით. მგგ-ს განახლებაზე მომუშავე პარტნიორი ორგანიზაცია „CENN“-ის მიერ, დამუშავებულია შესაბამისი გრაფიკული მასალა – „საშიში გეოდინამიკური პროცესების მიხედვით ქალაქ თბილისის დარაიონების (ზონირების) რუკა. ამავე დროს, ექსპერტს თავისი დასკვნის მე-3 თავში (პუნქტი 9, 10,13), მოყვანილი აქვს გარკვეული გრაფიკული მასალა, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ, მგგ-ზე მომუშავე ჯგუფისთვის მომზადებული ალბომიდან „უფლებრივი ზონირების ხარვეზების და რეკომენდაციების ალბომი“, რომელიც ჩვენს მიერ განხილულ და რიგ შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა, გრაფიკული მასალის კორექტირებისათვის.

 

ექსპერტი თავის დასკვნაში ამტკიცებს, რომ მგგ-ს განხორციელების ხარჯები ძალიან მაღალია მუნიციპალურ შესაძლებლობებთან მიმართებაში, თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი გათვლა და მონაცემი არ მოყავს. უფრო მეტიც, იგი თითქოს თავად ეწინააღმდეგება თავისივე კონცეპტუალურ ხედვას, რომელიც ურბანული გაფართოების აუცილებლობას გულისხმობს. ექსპერტს კარგად მოეხსენება ალბათ, რომ ქალაქის განაშენიანებული საზღვრებიდან გასვლა და ახალი ტერიტორიების ათვისება ინვესტორების მხრიდან, ქალაქს უდიდეს საზრუნავს გაუჩენს დამატებითი უზარმაზარი ფინანსური სახსრების მოსაძიებლად საინჟინრო კომუნიკაციების, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის. ამ დროს, მგგ-ს გუნდის მიერ შემოთავაზებული კომპაქტური ქალაქი, სწორედაც რომ გამორიცხავს აღნიშნულ პრობლემას ქალაქისათვის, ისევე როგორც, მგგ-ს განახლებაზე მომუშავე სპეციალისტების მხრიდან, უარის თქმა რთულ სატრანსპორტო-საინჟინრო ნაგებობების მშენებლობაზე, რაც აუცილებლად იქნება განსახორციელებელი ქალაქის ნაწილების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, თუ საქალაქო ტიპის სარკინიგზო ტრანსპორტის ნაცვლად, ქალაქში მომავალშიც იმოძრავებს რკინიგზის შემადგენლობები არსებული ფორმით. რაც შეეხება, მგგ-ს განხორციელების არარეალიზმს, ხარჯების მკაფიო ანალიზისა და ფინანსურ შესაძლებლობებთან მათი მიბმის გარეშე, ექსპერტმა სავარაუდოდ იცის, რომ ამგვარი მოთხოვნა არ დევს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ გეგმარებით დავალებაში, რომელიც სახელმძღვანელოა მგგ-ს განახლებაზე მომუშავე გუნდისათვის და რომელსაც თავადაც იწონებს.

 

რუკებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე, პასუხი გაცემულია ქვემოთ, შესაბამის თავში.

 

ვერ გავიზიარებთ ფრანგი ექსპერტის შენიშვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ: „სქემები და სტრატეგია არ არის წარმოდგენილი. ამდენად, დოკუმენტი ძირითადად წარმოადგენს არადეტალიზებულ მიწათსარგებლობის გეგმას, რომელიც არ განსაზღვრავს სივრცითი განვითარების სტრატეგიას. შესაბამისად, ძნელი გასაგებია, თუ რა სტატუსი აქვს დოკუმენტს”.

 

მაშინ, როდესაც თანახმად საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული გეგმარებითი დავალებისა, მგგ-ზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე, შემსრულებლის მიერ შემუშავებული და წარდგენილი იქნა, ხოლო დამკვეთის მიერ, შესაბამისი აქტებით მიღებულ იქნა თბილისის მიწათსარგებლობის საყრდენი გეგმა, თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფცია, სადაც მკაფიოდაა განსაზღვრული ქალაქის ურბანული განვითარების ძირითადი მიმართულებები და დეტალიზირებულია ისინი, ექსპერტის მხრიდან საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ სქემები და სტრატეგიები არ არის წარმოდგენილი, მსუბუქად რომ ვთქვათ გაუგებარია. მგგ-ზე მომუშავე ჯგუფი, კიდევ ერთხელ რწმუნდება იმაში, რომ ექსპერტს ერიკ ჰიუბრეხტს არ ეყო დრო და საშუალება, რათა კარგად გაცნობოდა ქართულ კანონმდებლობას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში, სადაც განსაზღვრულია, რომ:  „მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში წარმოდგენილია დასახლების სივრცით-ტერიტორიული განვითარების ზოგადი პრინციპები, რომლებიც საჭიროებისამებრ ზუსტდება განაშენიანების რეგულირების გეგმებში“. ფრანგ ექსპერტს, როგორც ჩანს, არ მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად: „დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვა ხორციელდება დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების პრინციპზე დამყარებული მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტაციის ორსაფეხურიანი სისტემით: ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის ნაწილია დასახლების მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების ზოგადი რუკა; ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ნაწილია დასახლების ტერიტორიის ნაწილებისათვის ან მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა.

 

ფრანგმა ექსპერტმა, როდესაც იგი გამოთქვამს შენიშვნას, რომ მგგ-ს დოკუმენტებში არ არის წარმოდგენილი იმპლემენტაციის დეტალები, არ არის წარმოდგენილი ფართომასშტაბიანი ურბანული პროექტების განხორციელების ინსტრუმენტები და მიიჩნევს, რომ კონკრეტული პროექტების შესახებ ინფორმაცია ბუნდოვანია, როგორც სჩანს არ მიაქცია ჯეროვანი ყურადღება შემაჯამებელი დოკუმენტის ერთ-ერთი ტომის შესაბამის თავს „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეფექტიანობის შეფასება“.[8] აღნიშნულ თავში საკმაოდ გასაგებადაა ჩამოყალიბებული მგგ-ს იმპლემენტაციის დეტალები და საუბარია იმ ინსტრუმენტებზე, რომლებიც განაპირობებენ ფართომასშტაბიანი ურბანული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას, იგივე განაშენიანების რეგულირების გეგმების აუცილებელი დამუშავების გზით ქალაქმშენებლობით, ლანდშაფტის, სატრანსპორტო და საინჟინრო უზრუნველყოფის ნაწილებში. არსებული მდგომარეობის ანალიზისა და კვლევის შედეგად, მგგ-ს მასალებში ასახულია კონკრეტული კვლევების ჩატარებისა და სტრატეგიების შემუშავების აუცილებლობა, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფართომასშტაბიანი ურბანული პროექტების სწორად განხორციელებას და გაზრდის განახლებული მგგ-ს იმპლემენტაციის შესაძლებლობებს. ამავე ტომში, წარმოდგენილია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებისა და შესაბამისი პროცესების მონიტორინგის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით შემუშავებული აქტივობების ნუსხა, რომელიც დაყოფილია აქტუალობის/პრიორიტეტულობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი დროის მიხედვით 3 ჯგუფად: მოკლევადიან (მ), საშუალოვადიან (ს) და გრძელვადიან (გ) აქტიობებად. მოცემულ დოკუმენტში აქტიობები  განხილულია  დარგების მიხედვით და წარმოდგენილია ცხრილების სახით, რაც ხელს შეუწყობს მათ ადმინისტრირებას მუნიციპალური ორგანოების მხრიდან. ასევე, განმარტებულია პროექტის მნიშვნელობა და ადმინისტრაციული დონე (ქვეყანა, ქალაქი, აგლომერაცია). საგულისხმოა, რომ ყოველი კონკრეტული პროექტისა თუ კვლევის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია, მგგ-ზე მომუშავე ჯგუფს ჩამოყალიბებული აქვს დამკვეთისთვის წარდგენილ, მგგ-ს შემუშავების სხვადასხვა ეტაპების მასალებში.

 

ექსპერტი აღნიშნული თავის ბოლო შენიშვნაში, გამოთქვამს ეჭვს, თუ როგორ მოხდება მგგ-ს ადაპტაცია არსებულ გეგმარებასთან, რამეთუ მისთვის არ არის ცხადი მოქმედი გენგეგმის ახლით ჩანაცვლების მექანიზმი. ექსპერტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ სხვადასხვა მიზეზის გამო, ბევრი ცვლილება შესთავაზა ქალაქს და მიიჩნევს, რომ  აუცილებელია განმარტებულ იქნას ცვლილებების მიზეზი და წარმოდგენილ იქნას პრობლემების ნუსხა, რომელთა გადაჭრა მოხდება მგგ-ს იმპლემენტაციის ფარგლებში.

 

უნდა აღვნიშნოთ, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, მგგ-ს განახლების დოკუმენტზე მუშაობის საწყის ეტაპზევე სთავაზობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შემდგომ, მისი ეფექტურად განხორციელებისა და მის შესრულებაზე მუდმივი მონიტორინგის მიზნით,  შესაბამისი ინსტიტუციის ჩამოყალიბებას, რომელიც დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლოა წარმოადგენდეს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურას (სსიპ-ს სახით ან კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე სხვა ფორმით). თბილისის მერიაში შექმნილი რეალობა და დასავლური გამოცდილება გვანახებს, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს არ ექნება შესაძლებლობა და რესურსები, შეითავსოს ამგვარი ინსტიტუციისთვის განსაზღვრული ფუნქციები და იგი უნდა დარჩეს როგორც სამშენებლო ნებართვების გამცემი ორგანო.

 

ამგვარი ინსტიტუციის ფუნქციებში უნდა შედიოდეს: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დასახული პოლიცენტრული არეალებისა და სასწრაფოდ განსახორციელებელი ქალაქგეგმარებითი, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის პროექტებისა და გრგ-ების საპროექტო დავალებებისა და საკონკურსო პირობების შემუშავება. აღნიშნული ინსტიტუცია აუცილებელია აგრეთვე, მგგ-ით დადგენილი ახალი ზონის სახეობების საზღვრების დასაზუსტებლად უფრო დიდ მასშტაბში და სხვ.

 

ამავე დროს, ექსპერტის მხრიდან, სამწუხაროდ არ გამახვილდა ყურადღება მგგ-ს გუნდის მიერ შემუშავებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებზე“, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე განსაზღვრავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების მომზადებისა და დამტკიცების წესსა და პირობებს და სხვა სამართლებრივ საკითხებს, რაც აგრეთვე მეტად მნიშვნელოვანია, განახლებული მგგ-ს ადაპტაციის კუთხით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს მიერ, მგგ-ზე მუშაობის მთელი პროცესის განმავლობაში, ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს ეგზავნებოდა წერილობითი ფორმით ინფორმაცია განახლებული მგგ-თი განსაზღვრული ზონის ცვლილებების, შეზღუდვების და ა.შ. შესახებ, მსხვილი საპროექტო წინადადებების განხილვის შემთხვევებში.

 

 ობიექტური მიზეზის გამო, ექსპერტი ვერ გაეცნო მგგ-ს ჯგუფის მიერ შემუშავებულ „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განმარტებით ბარათს“, რომელიც ასახავს მგგ-ს დოკუმენტებში ასახულ ძირითად ცვლილებებსა და მესიჯებს,

 

ერიკ ჰიუბრეხტის ექსპერტიზის დასკვნის მე-4 თავის (ძირითადი შედეგები) საპასუხოდ,  უნდა აღინიშნოს:

 

ექსპერტის დასკვნის მე-3 თავის შენიშვნების პასუხად, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ, წინამდებარე დოკუმენტში უკვე დაფიქსირდა განმარტებები მთავარ კონცეპტუარულ საკითხებთან დაკავშირებით: კომპაქტური ქალაქი, მწვანე ქალაქი და კარგად შეკავშირებული ქალაქი. გამოიკვეთა, რომ ექსპერტი მთელ რიგ შემთხვევებში, ვერ ფლობდა სრულ ინფორმაციას მგგ-ს კონცეფციის ძირითადი მიმართულებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტების, აგრეთვე, მგგ-ს განახლებაზე მომუშავე ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევებისა და ანალიზის შედეგების შესახებ, რისი უზრუნველყოფაც, ჩვენი აზრით, მის მომწვევ მხარეს უნდა ეკისრა.

 

სამწუხაროდ, მოკლევადიანი ჩართულობის შედეგად, ექსპერტი სრულყოფილად ვერ გაეცნო ქართულ კანონმდებლობას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შენიშვნა, რომ დოკუმენტი არ არის საკმარისად დეტალური, რათა იგი გამოყენებული იქნეს მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვების გასაცემად, არ აღმოჩნდებოდა საექსპერტო დასკვნის ფურცლებზე. საქართველოს მოქმედი კანონით „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს განაშენიანების რეგულირების გეგმა,

 

გვინდა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმ გარემოებას, რომ თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციის შემუშავება თავად დამკვეთის მიერ იყო განსაზღვრული საპროექტო მომსახურების  მე-4 ეტაპზე და შესაბამისი სამუშაო მის მიერვე იქნა მიღებული 2017 წლის 27 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტის რეალურობასა და მართებულობაში, მგგ-ზე მომუშავე გუნდს, მათ შორის „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს უცხოელ პარტნიორებსაც ეჭვი არ ეპარებათ და მისი რევიზია (გარდა შიდა ორგანიზაციული მოხმარების მიზნებისა), პროექტის ბოლო სტადიაზე არაეფექტურად მიგვაჩნია.

 

ექსპერტს გვინდა შევახსენოთ ის უმნიშვნელოვანესი გარემოებაც, რომ სწორედ მიწათსარგებლობის კონცეფციაში განხილული ძირითადი პრინციპები იყო იმ  ხედვის განუყოფელი ნაწილი, რომლის გამოც „სითი ინსტიტუტი საქართველოსა“ და მის ქართველ და უცხოელ პარტნიორებს მიანიჭეს გამარჯვება 2015 წელს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ დიდ საერთაშორისო კონკურსში, რომლის საფუძველზეც სწორედ ამ ჯგუფების მიერ განახლდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

 

ამავე დროს, ჩვენი არგუმენტების გასამყარებლად, გათვალისწინებულ უნდა იქნას  შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოება:

 

გაეროს ჰაბიტატის მიერ შემუშავებულ და კიტოს საერთაშორისო ფორუმზე დამტკიცებულ „ახალ ურბანულ დღის წესრიგში“ მკაფიოდ არის მითითებული ქალაქის კომპაქტურობის უპირატესობის შესახებ.

 

კერძოდ, 51 და 52 მუხლებში (გვ. 11) აღნიშნულია, რომ უპირატესობა ენიჭება და წახალისებულია „ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბუნებრივი რესურსებისა და მიწის მდგრად მენეჯმენტს, სათანადო კომპაქტურობასა და სიმჭიდროვეს, პოლიცენტრულობას და შერეულ გამოყენებას…“ (იხ. ინგლისური ტექსტი).

 

We commit ourselves to promoting the development of urban spatial frameworks, including urban planning and design instruments that support sustainable management and use of natural resources and land, appropriate compactness and density, polycentrism and mixed uses, through infill or planned urban extension strategies, as applicable, to trigger economies of scale and agglomeration, strengthen food system planning and enhance resource efficiency, urban resilience and environmental sustainability.

 

ასევე, ახალი ურბანული დღის წესრიგი მხარს უჭერს სივრცითი განვითარების სტრატეგიებს, რომლებიც ითვალისწინებენ ურბანული განვრცობის მართვას, ურბანული განახლების პრიორიტეტულობას დაგეგმვის საშუალებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ხელმისაწვდომი და კარგად დაკავშირებული ინფრასტრუქტურა და სერვისები, მდგრადი მოსახლეობის სიმჭიდროვე და კომპაქტური დიზაინი და ახალი უბნების ინტეგრაცია ურბანულ ქსოვილში, რათა თავიდან ავიცილოთ ურბანული ცოცვა და მარგინალიზაცია.

 

We encourage spatial development strategies that take into account, as appropriate, the need to guide urban extension, prioritizing urban renewal by planning for the provision of accessible and well-connected infrastructure and services, sustainable population densities and compact design and integration of new neighbourhoods into the urban fabric, preventing urban sprawl and marginalization.

 

უდავოა, რომ თბილისის  მიწათსარგებლობის წარმოდგენილი გენგეგმის პრინციპებიცა და გადაწყვეტებიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ და გაზიარებულ მოსაზრებებსა და ინსტრუქციებთან. ამ მიმართულებით ყველა სხვა მოსაზრება კერძო სახის საკამათო დებულებად უნდა ჩაითვალოს.

 

ერიკ ჰიუბრეხტის ექსპერტიზის დასკვნის მე-5 თავის (დასკვნა) საპასუხოდ,  უნდა აღინიშნოს:

 

ექსპერტი თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოიცავს თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული მენეჯმენტისთვის სასარგებლო და საინტერესო ანალიზსა და წინადადებებს. ამავე დროს, იგი მიუთითებს, რომ გეგმარებითი დავალების აუცილებელი ელემენტები ნაწილობრივ არის შესრულებული, მაგრამ საჭიროა მათი განსხვავებულად ორგანიზება და დასრულება. დოკუმენტი უნდა განახლდეს სხვადასხვა მიმართულებით, რაც შეიძლება მომდევნო კვირებში გაკეთდეს, პროექტის დასრულებამდე.

 

ექსპერტი მიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტისთვის წარსადგენი საბოლოო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგს: 1. სრულყოფილი (მდგრადი) ხედვა ინვესტორებისა და მოქალაქეებისთვის საკვანძო მესიჯებით; 2. მკაფიო სივრცით მოდელი ერთიანი სივრცითი მოწყობის საკითხებთან მიმართებაში სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულების კოორდინაციის მიზნით; 3. მარეგულირებელი ინსტრუმენტი, რომელიც განმარტავს თითოეული ზონის რეგულირებას (მიწათსარგებლობა, ურბანული დიზაინი, კომუნალური ობიექტების დაკავშირება და ა.შ.); 4. მონიტორინგის სისტემა ინდიკატორებით; 5. პროგრამა და ინსტრუმენტები (ფინანსები და ინსტიტუციები) მგგ-ს 2030 წლამდე იმპლემენტაციისთვის.

 

აქ, აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ექსპერტიზის პერიოდში, ექსპერტს  არ ჰქონდა ნანახი მგგ-ს ჯგუფის მიერ შემუშავებული „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განმარტებითი ბარათი“, დამოუკიდებელი და კორექტირებული სახით, სადაც ჩამოყალიბებულია სრულყოფილი ხედვა ინვესტორებისა და მოქალაქეებისთვის საკვანძო მესიჯებით.

 

 ექსპერტს, დამკვეთის მხრიდან, სამწუხაროდ არ მიეწოდა აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მგგ-ზე მომუშავე სპეციალისტთა მიერ, გენგეგემაზე მუშაობის მე-2 და მე-3 ეტაპებზე, დამუშავდა და დამკვეთს წარედგინა, ურბანული განვითარების შეფასების, პროგრესის მონიტორინგის მიზნით, საქალაქო ინდიკატორების კვლევითი მეთოდოლოგია, რომელშიც განხილულია ურბანული ინდიკატორების ძირითადი, აპრობირებული სისტემები და მათი შესაბამისობა „ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ განახლებული ვერსიის მიზნებთან და ამოცანებთან. აღნიშნულ დოკუმენტში მგგ-ზე მომუშავე სპეციალისტების მიერ, შემუშავებულია ქ. თბილისის ურბანული ინდიკატორების სისტემა (წინადადება), რომელიც ეფუძნება რამდენიმე წყაროს: „ჰაბიტატის“ ურბანული ინდიკატორები; ISO-ს ინდიკატორები – „თემთა მდგრადი განვითარება. საქალაქო სერვისებისა და ცხოვრების ხარისხის ინდიკატორები“ (ISO 37120); ორიგინალური, „ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების“ პროექტზე მუშაობის პროცესში საპროექტო ჯგუფის მიერ შემუშავებული ინდიკატორები.

 

ქვეყნის ერთიანი სივრცითი მოწყობის დოკუმენტის არ არსებობის პირობებში, მეორე შენიშვნის სრულყოფილად გათვალისწინება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა, საბოლოო ვერსიით წარმოდგენილი მგგ-ს პროექტს აქვს მკაფიო სივრცითი მოდელის წარმოჩენის ამბიცია.

 

მარეგულირებელი ინსტრუმენტი, რომელიც განმარტავს თითოეული ზონის რეგულირებას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, სათანადოდ არის წარმოდგენილი  როგორც მგგ-ს პროექტის დოკუმენტაციაში, ისე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ პროექტში. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტაციის ორსაფეხურიანი სისტემიდან გამომდინარე, დოკუმენტი არ უნდა განიხილებოდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირდაპირ წინაპირობად.

 

რაც შეეხება პროგრამასა და ინსტრუმენტებს მგგ-ს 2030 წლამდე იმპლემენტაციისთვის, ამის თაობაზე როგორც ზემოთ აღინიშნა, მგგ-ს განახლებაზე მომუშავე სპეციალისტთა მიერ მომზადდა შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც მე-6 ეტაპის მე-6 ტომში „შემაჯამებელი დებულებები“ არის წარმოდგენილი.

 

დოკუმენტის ფარგლებში, მგგ-ზე მომუშავე გუნდმა ნათლად და პრინციპულად ასახა ურბანული დაგეგმარების სამი ძირითადი საკითხის გადაწყვეტის გზები, რომელიც ეხება ქალაქის გამჭოლი რკინიგზას და მის მიმდებარე ტერიტორიის, აგრეთვე, ურბანული გაფართოების შეზღუდვას და ურბანული განახლების პრინციპებს, როგორც საცხოვრებელი, ასევე ყოფილი საწარმოო ტერიტორიებისთვის.

 

რაც შეეხება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითად მესიჯებს და ექსპერტის მოსაზრებას, რომ შეკავშირებული ქალაქის, მწვანე ქალაქის და კომპაქტური ქალაქის კომპონენტები არ წყვეტს ორ მთავარ – დასაქმებისა და საცხოვრისის პრობლემას, გვინდა ვუპასუხოთ შემდეგი:

 

მივიჩნევთ, რომ ამ შემთხვევაში, ექსპერტის მოსაზრება დეკლარაციულია და არანაირი მეტ-ნაკლებად რეალური საფუძვლით  არ არის გამყარებული. დასაქმების პრობლემას მგგ-ს განახლებული პროექტი ნამდვილად წყვეტს, გამომდინარე იქიდან, რომ მიწათსარგებლობის კონცეფციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი პოლიცენტრული (მრავალცენტრული) განვითარებაა, რომელიც ახალი დასაქმების კერების გაჩენას გულისხმობს. პოლიცენტრული არეალის სივრცეები უნდა იყოს სტრუქტურულად სწორად დაგეგმილი, მრავალფუნქციური, მათ შორის საზოგადოებრივ-საქმიანი ფუნქციის მატარებელი. რაც შეეხება კონკრეტულ წარმოებების საკითხს,  ეს ბუნებრივია ვერ იქნება მგგ-ს დეტალური განხილვის თემა, მაგრამ ახალი საზოგადოებრივ-საქმიანი სფეროების გაჩენა, ნამდვილად არის დაკავშირებული სამუშაო ადგილებთან. მხედველობაში აუცილებლად მისაღებია, რომ მიწათსარგებლობის გეგმის კონცეფციის კიდევ ერთი ძირითადი საკითხი, ყოფილი საწარმო ტერიტორიები – „ბრაუნფილდების“ განვითარებაა.  ამჟამინდელი მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საერთო ქალაქგეგმარებითი მოსაზრებებიდან გამომდინარე, (მაშინ როცა ჩვენს რეალობაში, ძირითადად მხოლოდ საცხოვრებელი ფუნქციით ხდება ქალაქის განაშენიანება) განვითარებულ ქვეყნებში სამუშაო ადგილების შექმნით აქცენტირებული პროექტები ხორციელდება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოო ტერიტორიები თბილისში შეადგენს განაშენიანებული ნაწილის მეოთხედს. აქედან ტერიტორიები, რომელთაც სჭირდებათ კონვერსია (რეორიენტაცია) ძალიან ბევრია – 800 ჰა-ზე მეტი. თბილისს აქვს არამიმზიდველი გაჩერებული წარმოებები მიმზიდველ ტერიტორიებზე. ამდენად, ეს არის შესანიშნავი რესურსი ქალაქისათვის, რათა მათი ტერიტორიები გამოყენებულ იქნას ან ახალი ფუნქციით, ან ამავე ტერიტორიებზე შეიძლება განთავსდნენ ახალი, ეკოლოგიურად არამავნე საწარმოები (მათ შორის საზოგადოებრივი საწარმოები). ისევე როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობისა და განვითარების საკითხი არის დასაქმებასთან კავშირში, ისე მგგ-ს მიერ შეთავაზებული უამრავი აქტივობაც, რომელიც კონკრეტული ღონისძიებების სახით არის წარმოდგენილი მგგ-ს დოკუმენტში. ამდენად, თუ ვინმე თვლის, რომ ყოველივე ზემოთჩამოთვლილი, არ არის კავშირში დასაქმების საკითხთან,  უნდა მოიყვანოს მყარი არგუმენტები ზემოთხსენებულის გასაბათილებლად, რაც ექსპერტის დასკვნაში არ არის მოცემული.

 

საცხოვრისის პრობლემას რაც შეეხება, მას წყვეტს სწორედ კომპაქტური, კარგად შეკავშირებული და მწვანე ქალაქის პრინციპები, რომლებიც მგგ-ს კონცეფციის  მთავარ სტრატეგიებს წარმოადგენენ.  გამწვანებულ, რეკრეაციულ  ტერიტორიებთან სიახლოვე, ზრდის საცხოვრისის ფასს.  კომპაქტურ ქალაქში მიწვდომადობა ამგვარი სივრცეებისადმი მაღალია, განსხვავებით გაფანტულად, ქაოტურად განვითარებული ქალაქისა. ზოგადად, თბილისში იმდენად საცხოვრისის პრობლემაა კი არა, არამედ საცხოვრისის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის პრობლემაა. საცხოვრისი უნდა იყოს ჯანსაღ გარემოში, რასაც მწვანე ქალაქის პრინციპი ნამდვილად სთავაზობს თბილისის მოსახლეობას. განახლებული მგგ ასევე პასუხობს გონივრული სიმჭიდროვის მიღწევის მოთხოვნას, რაც გულისხმობს რომ სადღაც ქალაქგარეთ არ უნდა იყოს განთავსებული დასახლებები და შორი ტერიტორიებიდან არ უნდა უწევდეს ადამიანს მანქანით სიარული, ქალაქის ცენტრალურ არეალებში მოსახვედრად და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ საცხოვრისთან დაკავშირებით, წინა პლანზე გამოდის საბინაო პოლიტიკა, რაც ბუნებრივია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადასაწყვეტი საკითხი არ არის. ეს არის ხელისუფლების გადასაწყვეტი, თუ როგორი ფორმით განხორციელდება იგი. განახლებული მგგ მხარს უჭერს არა იმდენად კომერციულ ბინათმშენებლობას, მით უფრო კომერციული ბინათმშენებლობის განაშენიანების კონტურის გარეთ, ახალ, აუთვისებელ ტერიტორიებზე გატანას, არამედ სოციალური საცხოვრისის ფუნქციის შემოტანას და ძველი და ამორტიზებული საცხოვრებელი ფონდის გაუმჯობესებას. ყოველივე ეს, პირდაპირ არის  კავშირში ცხოვრების დონის ზრდასთან, რაც განახლებული მგგ-ს უმთავრესი ამოცანაა.

 

ერიკ ჰიუბრეხტის ექსპერტიზის დასკვნის მე-6 თავის (წარმოდგენილ რუკებთან დაკავშირებული კომენტარები) საპასუხოდ,  უნდა აღინიშნოს:

 

საქართველოში არ არსებობს მგგ-ს გრაფიკული ნაწილის (რუკების) დამტკიცებული სტანდარტი. მგგ-ზე მომუშავე ჯგუფს თავად მოუწია საწყის ეტაპზევე შეემუშავებინა ერთიანი საბაზისო რუკა, განესაზღვრა ფერები და მიენიჭებინა ისინი ძირითადი თემატური ფენებისთვის. აღნიშნული ფერები უნიკალურია თითოეული ამგვარი ფენისათვის და მეორდება მგგ-ს გეგმარებითი დავალებით განსაზღვრულ, ყველა შესაბამის რუკაზე.

 

იქ, სადაც ქართველი თუ ფრანგი ექსპერტების მიერ გამოითქვა შენიშვნა ფერების გარჩევადობასთან, აგრეთვე ძირითადი მესიჯების აქცენტირებასთან დაკავშირებით, მგგ-ს შესაბამისი ჯგუფის მიერ განხორცილდა კორექტირება, საექსპერტო წინადადებების შესაბამისად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ქვეყანაში არ არსებობს რაიმე სახის სტანდარტი მგგ-ს ფარგლებში დასამუშავებელი რუკების დიზაინსა და გაფორმების საკითხებთან დაკავშირებით, იგი ინდივიდუალურად მუშავდება ყველა ამგვარი პროექტისათვის და წარმოადგენს დამკვეთსა და შემსრულებელს შორის მიღწეული შეთანხმების საგანს, რაც ასეც მოხდა  თბილისის მგგ-ზე მუშაობის პროცესში.

 

ამდენად, შერჩეული დამუშავებითი მიდგომების მხედველობაში მიღებასთან ერთად, გათვალისწინებულია როგორც ზოგადი ხასიათის ტექნიკური შენიშვნები, ისე კონკრეტულ რუკებზე შემოთავაზებული ცვლილებები. კერძოდ: მიწისქვეშა ურბანისტიკის რუკაზე, თბილისის საკადასტრო მონაცემების რუკაზე, არსებული ჩამოყალიბებული განაშენიანების რაიონების სამშენებლო განვითარების, მათ შორის სივრცითი შეზღუდვების რუკაზე, თბილისის ტერიტორიაზე არსებული საჯარო საბავშვო ბაღების რუკაზე, თბილისის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების რუკაზე, არსებული ზონირების ბალანსის რუკაზე, უფლებრივი ზონირების რუკაზე, პრიორიტეტულად გასავითარებელი  არეალების რუკაზე, საზოგადოებრივი სივრცეების მათი საზღვრებისა და რეგლამენტირების რუკაზე, ბუნებრივი მიკროდარაიონების რუკაზე, თბილისის ძირითადი საზოგადოებრივი სივრცეებისა და საეკლესიო ნაგებობების რუკაზე, თბილისის ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი ქსელების რუკაზე, თბილისის ტერიტორიაზე არსებული წყალსადენის ძირითადი ქსელების რუკაზე, თბილისის  ტერიტორიაზე არსებული სადრენაჟო ძირითადი ქსელების რუკაზე, ტექნოგენური საფრთხეებისა და რისკების რუკაზე, ტერიტორიების განვითარების ტენდენციების რუკაზე, ტურისტული ქსელის რუკაზე, განაშენიანების სიმაღლეების, განაშენიანების ინტენსივობის და გეგმარებითი სტრუქტურის მარეგულირებელ რუკაზე,  სტრუქტურული ზონირების რუკასა და თბილისის ტოპოგეოდეზიურ რუკაზე გათვალისწინებულ იქნა ტექნიკური ხასიათის შენიშვნები.

 

ამასთანავე, უნდა ითქვას ისიც, რომ განახლებული მგგ-სათვის საყრდენი მოდელი შეირჩა ევროპული მაგალითებიდან. განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითად და თემატურ რუკებში გამოყენებულია ბერლინის, კიოლნისა და ტირანას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების კარტოგრაფიული მოდელები და ელემენტები.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner