logo_geo
eng_logo
გიორგი ჩოგოვაძე: საბავშვო ევროვიზიით მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვეტყვით, როგორი საინტერესო და უსაფრთხო ქვეყანა ვართ
- +

17 ნოემბერი. 2017. 15:48


 

„საბავშვო ევროვიზია ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, როგორი საინტერესო და უსაფრთხო ქვეყანა ვართ", - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისი თქმით, საბავშვო ევროვიზია 20 ქვეყანაში იქნება ტრანსლირებული, რაც საქართველოს ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

 

„საბავშვო ევროვიზია ტარდება პროექტ „Check in Georgia"-ს ფარგლებში. თვითონ პროექტი „Check in Georgia" ითვალისწინებს და ემსახურება იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა და პოპულარიზაცია გაიზარდოს მსოფლიო მასშტაბით.

 

ამ შოუს პირდაპირი ტრანსლირება მოხდება 20 ქვეყანაში და საბავშვო ევროვიზია და ევროვიზია, როგორც მსოფლიო მასმედიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტი, ალბათ, ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, როგორი უსაფრთხო ქვეყანა ვართ, როგორი საინტერესო ქვეყანა ვართ და რატომ უნდა ჩამოვიდეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ადამიანი დასასვენებლად", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, თუ 2016 წელს მეექვსმილიონე ტურისტს დახვდნენ, 2017 წლის ბოლოს მეშვიდმილიონე ტურისტს დახვდებიან.


„2017 წლის ბოლოს, უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეშვიდმილიონე ტურისტს დავხვდებით და მსგავსი პროექტები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იმას, რომ მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი ქვეყნის ცნობადობა და პოპულარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდება", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.


მისი თქმით, საბავშვო ევროვიზიის კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა შვიდ მილიონ ლარს შეადგენს. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, საქართველოში საბავშვო ევროვიზიის ჩატარების მთავარი სარგებელი ის იქნება, რომ კონკურსი 20 ქვეყანაში იქნება ტრანსლირებული და 20-ზე მეტი მილიონი ადამიანი ნახავს.


„კონკურსში ინტეგრირებული იქნება მინი ვიდეორგოლები საქართველოს შესახებ, რომელიც სპეციალურად დამზადდა ევროვიზიისთვის და, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, სახელმწიფო უწყებასა და სპონსორს, რომლებიც ჩართული იყვნენ საბავშვო ევროვიზიის ორგანიზების საკითხებში.



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner