logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: რა დააშავა ილიკო სუხიშვილმა, პოლიციელებს აგინა და პატრიარქიც ზედ მიაყოლა?!
- +

16 იანვარი. 2018. 21:01



ილიკო სუხიშვილს, ანსამბლ „სუხიშვილების" ხელმძღვანელს, ახალი ცეკვა შეუქმნია და „ქართული" დაურქმევია. ჰო, უფიქრია, უწვალია, უშრომია და ანსამბლის წევრები ცოტა სხვანაირად აუცეკვებია. არც არავინ აუჩეხავს, არც არავინ მოუკლავს, უბრალოდ შემოქმედებითი "პონტი" გაუშვია. მერე? მერე ისა, რომ ჩვენი განსწავლული საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებულა, ლამის ჭკუიდან გადასულა - როგორ, რანაირად, ეს ქართული კი არა, ზანგურ-აფრიკული როკვააო. კი, ბატონო, ვუყურე, დავაკვირდი და რაღაც უცხოური როკვის ელემენტები მეც შევამჩნიე. არ ვარ სპეციალისტი, არ ვიცი ცეკვა, მაგრამ ვიცი, როგორია კარგი შესრულება. ვერ ვიტყვი, რომ ილიკომ საზოგადოებას შედევრი შესთავაზა, მაგრამ ასეთი ლანძღვა-გინება და ტალახში თრევაც არ დაუმსახურებია. ეს არ გახლავთ კრიტიკა, ეს ჭკუიდან გადასული ხალხის ისტერიკაა!


მოცეკვავეებსაც დავაკვირდი (თუმცა რა დაკვირვება უნდა), მაგარი გოგოები და ბიჭები არიან, ძალიან მაგარი. ტაშს ვუკრავ! იცეკვონ, იმღერონ, იარონ, საქართველო ასახელონ, რა პრობლემაა?! კი, ბატონო, დაარქვით „ქართული", თუნდაც არ იყოს ქართული, იშრომეთ, იღვაწეთ... ვინც არ შრომობს და არაფერს აკეთებს, იმას არც არაფერი ეშლება და იმას არც არავინ აკრიტიკებს!


დიახ, კრიტიკა მოსულა, კრიტიკა აუცილებელიცაა, მაგრამ დედის გინება და წინაპრების ამოთხრა? ოოოო... ეს უკვე ერის გათახსირების დასაწყისია! გეკითხები, პატივცემულო საზოგადოებავ, რა დააშავეს ამ გოგო-ბიჭებმა, ვინმე აჩეხეს? ვინმე მოკლეს? ვინმე დააყაჩაღეს? ან იქნებ გამოტყვრა ილიკო სუხიშვილი არყით და პოლიციელებს აგინა? იქნებ პატრიარქიც ზედ მიაყოლა?! მსგავსი არაფერი ჩაუდენია, ხომ? მაშინ ამიხსენით, რა უფლებით აგინებთ?! საოცარია, არყით გალეშილ ზვიად რატიანს უფრო მეტი ქომაგი ჰყავს, ვიდრე ილიკო სუხიშვილს! აი, ეს გახლავთ ტრაგედია და არა ის, თუ რა და როგორი ცეკვა დადგა „სუხიშვილებმა"!

 

გელა ზედელაშვილი

 

 









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner