logo_geo
eng_logo
„ყველაზე დიდი და გამორჩეული იყო თავად მისი სახელი - მარიკა, მარიამ ლორთქიფანიძე!“
- +

17 იანვარი. 2018. 03:24


 

შალვა გლოველი, თსუ და სამეცნიერო ორგანიზაციათა პროფესიული კავშირის გამგეობის თავმჯდომარე:


„ვალმოხდილი!


მას ანიჭებდნენ სოლიდურ წოდებებს, მედლებს, ორდენებს, სიგელებს... მაგრამ ყველაზე დიდი და გამორჩეული იყო თავად მისი სახელი - მარიკა, მარიამ ლორთქიფანიძე! ეს სახელი ჩრდილავდა ყველას და ყველაფერს.


საერთოდ თუ შეიძლება ფენომენზე და ფენომენალურობაზე საუბარი, სწორედ ამ შემთხვევაში! მან შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ვერც ერთმა მეცნიერმა. მთელი ერი, მთელი ქვეყანა, მიუვალ სოფელშიც კი ყველა ცნობდა მას, მისი ყველას სწამდა, ყველას სჯეროდა, ყველას ეამაყებოდა და ეიმედებოდა.


როგორ შეძლო, როგორ მოახერხა? ნუთუ მსგავსი მეცნიერი სხვა არ გვყოლია? ნუთუ კვლევის მასშტაბით სხვა ვერ შეედრებოდა მას? ამდენი ნაშრომი არავის შეუქმნია? წოდებები, ჯილდოები განა სხვებს გაცილებით მეტი არა ჰქონიათ? რა თქმა უნდა, ბევრი სახელოვანი, მსოფლიო დონის მეცნიერი გვყავს, გვყავდა და მომავალშიც გვეყოლება, მაგრამ მარიამ ლორთქიფანიძის მსგავსი აღიარება, ვერავინ მოიპოვა. ჭეშმარიტად ფენომენალური და მრავალმხრივ შემდგარი პიროვნება იყო! მან მიაღწია იმ სიმაღლეს, რომელზე ასვლა კი არა, ახედვაც კი გაუჭირდება ბევრს.


უმკაცრესი და საოცრად ლმობიერი, დისტანციური და ამავდროულად უშუალო, თბილი და გულისხმიერი... როგორ ახერხებდა ამას? როგორი სხვანაირი ჩანდა შორიდან და როგორი სხვანაირი იყო ურთიერთობაში... გიკვირდა და ამ კონტრასტის პასუხს ვერ პოულობდი! ან უბრალოდ, იმდენად მიუწვდომელი გეგონა, რომ ურთიერთობის დროს ვეღარ ანგრევდი მასზე ადრე შეთხზულ „ხელთუქმნელობის" მითს.


ბევრი კოლეგა გვინახავს, რომელიც ბაძავდა, ცდილობდა ყოფილიყო მისნაირი, მაგრამ ყველა მცდელობა კარიკატურული იყო! მათ შეუმდგარ მარიკა ლორთქიფანიძეებს ვეძახდით! მისი მსგავსნი ძალიან იშვიათად, ალბათ საუკუნეში ერთხელ იბადებიან! მსგავსი მარიამები მხოლოდ მარიამობას იბადებიან!




მახსოვს 80-იანი წლები... ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი, ახალი ტალღა, გამოფხიზლება, ისტორიის რეალური ფურცლების ახლად გაცნობა... ისმოდა ფრაზები: „საქართველო ოკუპირებულია...", „საქართველო ანექსირებულია...", „ავტონომიები საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე შეიქმნა...", „ქართული მიწები რუსეთმა მიითვისა-გაასხვისა...". მსგავსი ფრაზები ისმოდა ყველგან... მახსოვს, მთელი ერი კითხულობდა, „მარიკა ლორთქიფანიძე რას ამბობს?" „მარიკამ რა თქვა?" მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ახალი და უახლესი ისტორიის მკვლევარი არაერთი მეცნიერი თუ პოლიტიკოსი გამოდიოდა ტელევიზიით და რეალურ ისტორიაზე ლექციებს გვიკითხავდა, ხალხი ერთადერთ ავტორიტეტს, ჭეშმარიტების ერთადერთ მქადაგებელს - მარიკა ლორთქიფანიძეს ელოდა... მალევე გაისმა ქუჩებში, მიტინგებზე, მანიფესტაციებზე: „გუშინ მარიკა გამოვიდა ტელევიზიით და თქვა..."; „დღეს დილით მარიკას ვუსმინე და...". „ასეა, ნამდვილად ასეა, ეს მარიკამ თქვა...". დიახ! ისტორიის ახალ ეტაპზე ერი მარიკამ გაანათლა, უახლესი წარსულის ნამდვილი ისტორია მან მოგვიყვა! მხოლოდ მისი სიტყვის სჯეროდა ყველას!


როცა უკვე ქვეყნის შიგნით მოხდა პოლიტიკური დაპირისპირება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონენი მას საყვედურობდნენ, მისგან არ მოსწონდათ მოვლენების განსხვავებული შეფასება, ეკამათებოდნენ მას და ესეც იმიტომ, რომ მისი აზრი არავისთვის იყო უმნიშვნელო და ყველას მისი თანამოაზრეობა სურდა.


ვინ იყო ჩვენთვის, თანამედროვეებისათვის მარიკა ლორთქიფანიძე?


- ის ჩვენი ეპოქა იყო...

 

- ის იყო უმთავრესი მეტრი და სიმბოლო მეცნიერის, ისტორიკოსის, სიბრძნის, მოღვაწის...

 

- მარიკა ლორთქიფანიძე იყო ჩვენი უნივერსიტეტის სიმბოლოც. იმ უნივერსიტეტის, რომელიც, თავის მხრივ სიმბოლოა ქართული სულის, ქართველობის, ცოდნის, გარჯის, განათლების, კულტურის და მეცნიერების; ჩვენ ხომ უნივერსიტეტის ხსენებაზე მარიკა ლორთქიფანიძე გვახსენდებოდა და პირიქით...

 

- ის იყო უშესანიშნავესი პედაგოგი და ასეთივე ორატორი; საოცრად აკადემიური და ერუდირებული, განსწავლული ადამიანი.

 

- ის იყო ქვეყნის სადარაჯოზე მყოფი ქომაგი! გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საკუთარი პოზიციითა და შეხედულებით.

 

- ის იყო შესანიშნავი ოჯახის დედა, ისტორიის დედა, პატრიარქის თქმით, - „ქართლის დედა"!

 

- ამ ყველაფერს, და გაცილებით მეტს, იტევდა მისი სახელი. ის იყო უბრალოდ - მარიკა, ჩვენი მარიკა ლორთქიფანიძე!


ურთულესი პერიოდები გამოიარა, ურთულესი ცხოვრების გზა განვლო. რევოლუციები, ომები, სასტიკი რეჟიმი, რთული კარიერული გზა... ბუნებრივია, კეთილმოსურნეებთან ერთად მტრებიც ეყოლებოდა, მაგრამ პიროვნული სიძლიერით ყველა „ოპონენტი" დაამარცხა! მან თავისი პიროვნული სიძლიერით საკუთარ ასაკსაც კი აჯობა; ზოგადად ხანდაზმული ადამიანის მიმართ ისედაც განსაკუთრებული დამოკიდებულება, მოწიწება, პატივისცემა გიჩნდება, მიუხედავად იმისა ვინ არის ის და რა ცხოვრებით უცხოვრია. ხანდაზმულობა ადამიანის ცხოვრებაში ერთი ცალკე ამბავია! მაგრამ, როდესაც მარიკა ლორთქიფანიძე თავისი ცხოვრების მასშტაბს თავზე 95-წლოვან გვირგვინსაც ადგამს - ეს უკვე ასაკობრივი კატეგორია აღარაა! განგებაა! ეს რჩეულთა ხვედრია! მაშინ როდესაც საკუთარ თავზე ამბობდა: „ამდენი ხანი არ უნდა იცოცხლოს ადამიანმაო", ხალხში პასუხად ისმოდა: „მარიკასნაირები საერთოდ არ უნდა კვდებოდნენო".


გარდაცვალება მარტო ადამიანის სულის ზეცაში ცხოვრების გაგრძელებას არ გულისხმობს! გარდაცვალება მისი სახელის მიწაზე გარდასახული ცხოვრების გაგრძელებასაც გულისხმობს. გავა წლები, მისი სახელი მრავალ მოგონებაში გაგრძელდება, შეიძლება ლეგენდებშიც კი და ჩვენ ყველანი, ცხოვრების ბოლომდე ვიამაყებთ, რომ მასთან უშუალო ურთიერთობა გვქონდა, მასთან ერთად გვისაუბრია, გვიმსჯელია, მოგვილხენია, დავდარდიანებულვართ... ბევრიც უბრალოდ იმით იამაყებს სიცოცხლეში მისთვის სადმე თვალი თუ მოუკრავს, ბევრიც უბრალოდ იმით, რომ „მის ეპოქას" მოესწრო და მისი თანამედროვეა.

 

რამდენიმე ეპიზოდი პირადი ურთიერთობიდან:


- ქალბატონ მარიკასთან ჩემს ოჯახს ნათესაური კავშირიც ჰქონდა. ბათუმი... იმერეთი...


ბებიაჩემს, მისი ბავშვობის ამბებიდან, ერთი შთამბეჭდავი მოგონება მთელი ცხოვრება სასიამოვნო მოსაგონრად ჰქონდა. ის ბათუმში დაიბადა 1922 წელს (ქალბატონი მარიკაც.). ბავშვობაში ზაფხულს იმერეთში, წინაპრების ლამაზ სოფელ ღანირში, ბებია-ბაბუასთან ერთად ატარებდა. აქ მათ ხშირად სტუმრობდა ერთი ძალიან ლამაზი, დარბაისელი, საოცრად დახვეწილი, არიტოკრატიული გარეგნობის მქონე ნათესავი ქალი. ეს ქალბატონი მაშინ შემოივლიდა ღანირში, როცა სამტრედიიდან ხონში მიდიოდა (ღანირი სწორედ ამ გზაზე მდებარეობს). სამტრედიაში თურმე ის მიქელაძეებს, ხოლო ხონში ლორთქიფანიძეებს სტუმრობდა. როცა სამტრედია-ხონის გზიდან ღანირში გადმოუხვევდა, ყველამ იცოდა, რომ ის ჩვენთან მოდიოდაო, - იხსენებდა ბებია. ღანირში ამ ქალბატონს თურმე ყველა უდიდეს პატივს სცემდა. გზაში მომავალს ვინც კი დაინახავდა, ყველა ჩვენთან გამორბოდა სასიხარულო ამბით - თქვენთან მართა მოდის თავდგირიძეო. ჩვენებიც დიდი სიხარულით გადადიოდნენ ეზოდან, გზაზე შეეგებებოდნენ სტუმარს და ასე მოაცილებდნენ სახლამდე. ბებია ამბობდა, რომ ამ დიდებული ქალბატონის სტუმრობა არა მარტო ჩვენი ოჯახისთვის, არამედ მთელი სოფლისთვის იყო დღესასწაული; მის სანახავად, მისთვის პატივისცემის დასადასტურებლად თითქმის მთელი სოფელი მოდიოდაო. ბებიაჩემიც იდგა თურმე კუთხეში, აკვირდებოდა ამ ლამაზ ქალბატონს და იმახსოვრებდა მის სათნო სახეს.


ეს ქალბატონი იყო ქალბატონ მარიკას ბებია - მართა თავდგირიძე...


ამ ამბავთან ერთად ბებიაჩემი კიდევ იხსენებდა ფაქტებს, ადამიანებს, რომლებიც უკავშირდებოდნენ ქალბატონ მარიკას წინაპრებს; ამასთანავე წუხდა, რომ ბევრი რამ აღარ ახსოვდა, ბევრის შესახებ აღარაფერი იცოდა... მაგალითად, ახსოვდა, რომ მართა თავდგირიძე ღანირიდან მიდიოდა ხონში პლატონ თუ აპოლონ ლორთქიფანიძის ოჯახში, მაგრამ სხვა დეტალები ბუნდოვნად ახსოვდა. არადა ძალიან სურდა ბავშვობის მოგონების ამ ნათელი სურათის აღდგენა. როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე მთხოვდა, რომ მეკითხა ქალბატონი მარიკასთვის, მომეთხრო მისთვის ბებიისგან გაგონილი ამბები, მაგრამ მე მერიდებოდა და დიდხანს ვერ ვეუბნებოდი. ბებიის მოგონებების შესახებ ქალბატონ მარიკას მოვუყევი მხოლოდ 2004 წელს, ჩემი დისერტაციის დაცვის შემდეგ, ბანკეტზე. საოცრად გაუხარდა... ვიგრძენი რამდენად ბევრს ნიშნავდა მისთვის მისი საამაყო ბებია და მასთან დაკავშირებული ყველა მოგონება. იმ პლატონ თუ აპოლონ ლორთქიფანიძეზეც მითხრა, დიახ, აპოლონ ლორთქიფანიძე იქნებოდა, ბიძაჩემი, ხონში, კერძოდ ქუტირში ცხოვრობდაო (ქუტირი და ღანირი გვერდი-გვერდ სოფლებია, მაგრამ ღანირი სამტრედიის, ქუტირი კი უკვე ხონის რაიონია). მერე აპოლონის ამბებიც გაიხსენა. მეც ბებიაჩემისგან გაგონილი სხვა ამბებიც გავიხსენე და აქაც ბევრი დეტალი დამიზუსტა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დროს ბებიაჩემი უკვე ცოცხალი აღარ იყო...


- ძალიან მკაფიოდ მახსოვს ის დღე, როცა პირველად ვნახე ქალბატონი მარიკა. 1989 წელი იყო. ვიყავი 16 წლის, აბიტურიენტი. 9 აპრილის ტრაგედია ახალი მომხდარი იყო. ქალბატონი მარიკა მაშინ იყო ყველაზე დიდი ავტორიტეტი და ქომაგი ქართული სახელმწიფოებრიობის. მაშინ მეც, ჩემი იმდროინდელი ასაკიდან გამომდინარე, ყველაფერი ასმაგად გაიდეალებული მქონდა. როგორც ყველა, მეც რეპეტიტორთან ვემზადებოდი. იყო ივლისის დასაწყისი. გამოვედი გაკვეთილიდან (ჩემი პედაგოგი ი. ჭავჭავაძის №11-ში ცხოვრობდა). მოვუყვებოდი ფეხით ჭავჭავაძის გამზირს, ვაპირებდი ვარაზის ხევით მოედნისკენ ჩასვლას. გამოვცდი ე.წ. „ლეჩკომბინატს", მივუახლოვდი უნივერსიტეტს და რას ვხედავ, უნივერსიტეტის ბაღიდან გამოდის იმ დროის ყველაზე დიდი მოღვაწე და ამას ვხედავ არა ტელევიზიით, არამედ ცხადად. ქალბატონი მარიკა გამოვიდა უნივერსიტეტის წინ, მოტრიალდა და აუყვა ჭავჭავაძის გამზირს. მეც არ ვიცი როგორ, მაგრამ მოვტრიალდი და უკან გავყევი. 4-5 ნაბიჯით დაშორებული მივყვებოდი და ვცდილობდი კარგად დამემახსოვრებინა ეს წუთები. მახსოვს, რამდენიმე ადამიანს მიესალმა, მიუყვებოდა გზას უბრალოდ, ჩვეულებრივად, „მიწიერად" და ვერც კი წარმოიდგენდა თუ როგორი ემოციით მივყვებოდი მას უკან. ალბათ არც კი შევუმჩნევივარ. სავარაუდოდ ასე გავიარეთ 2-3 გაჩერება; შემდეგ ქალბატონი მარიკა ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა, მე კი ბედნიერი გამოვბრუნდი უკან - ის ხომ უკვე ნანახი მყავდა.


- შემდეგ იყო სტუდენტობა. მისი გაცნობა, ლექციები, ურთიერთობა, ჩათვლები, გამოცდები... მე-4 კურსზე სპეციალურ კურსს გვიკითხავდა. დავალებებს გვაძლევდა. გვითხრა, ვინც დავალების ლექციაზე წაკითხვა-განხილვას მოასწრებთ, ჩათვლას პირდაპირ დაგიწერთ, ვინც ვერა - ჩათვლაზე ცალკე გამოხვალთო. სემესტრი ისე დამთვარდა, რომ ჩემი დავალება არ გამიტანია ლექციაზე წასაკითხად. შესაბამისად, ჩათვლისთვის დავიწყე მომზადება. „ქართლის ცხოვრებას" გვიკითხავდა. თუ ოდნავი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა სტუდენტს, გასაგები იყო რა დონეზეც მოემზადებოდა ის ქალბატონ მარიკასთვის გამოცდის ჩასაბარებლად. მისი მოხიბვლა ხომ ყველა სტუდენტის დიდი სურვილი იყო. მოვიდა ჩათვლის დღეც. მივედი უნივერსიტეტში. ჩათვლა გვქონდა ქალბატონ მარიკას კაბინეტში. რამდენიმე ვიყავით, ჯგუფელები. ჯერ ერთი გავიდა საპასუხოდ, მერე მეორე... ჩემი დროც მოვიდა... მივედი მასთან, დავჯექი მისი მაგიდის წინ მდებარე სკამზე და ველოდები მისგან კითხვას, რის შესახებაც მომიწევს საუბარი. უცებ მკითხა: „თქვენ ხომ გაქვთ ჩათვლილი?" გულისხმობდა ლექციაზე წაკითხულ დავალებას. მე ვუპასუხე, რომ არ მქონდა ჩათვლა; მე არ მომიწია დავალების წაკითხვა. ამაზე უკვე არა კითხვით, არამედ მკაცრი იმპერატივით მიპასუხა: „თქვენ ჩათვლილი გაქვთ!" გამომართვა ჩათვლის წიგნაკი და ჩათვლა გამიფორმა. გამეღიმა, მადლობა გადავუხადე და გამოვედი. ასეთი იყო, ლექციაზე გამოვლენილ მინიმალურ აქტივობასაც კი გითვლიდა და გიფასებდა.


მერე იყო დისერტაცია. ჩემი დიპლომის ხელმძღვანელი იყო ნუკრი შოშიაშვილი. თემა ეხებოდა აფხაზეთს. როცა უკვე დისერტაციის თემები ნაწილდებოდა ხელმძღვანელებზე დამიძახა ქალბატონმა მარიკამ და დამაზუსტებინა კონკრეტულად რა თემაზე ვაპირებდი მუშაობის გაგრძელებას. მაშინ ქალბატონი მარიკა იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. მე ვუთხარი, რომ მინდოდა მემუშავა „აფხაზთა სამეფოზე". ჩატარდა კათედრის სხდომა, რომლის შემდეგაც კვლავ დამიბარა და მითხრა, - „კეთილი, მე ვიქნები თქვენი ხელმძღვანელიო". „აფხაზთა სამეფოზე" სწორედ მას ჰქონდა კვლევები, ის იკვლევდა აფხაზეთის შუა საუკუნეების ისტორიას და ბუნებრივიც იყო, რომ მას გაეწია ჩემთვის ხელმძღვანელობა. ამის მიუხედავად მაინც სასიამოვნოდ გამიკვირდა; ვერ ვიჯერებდი, რომ ეს დიდი მეცნიერი იქნებოდა ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი. თანაც, ცნობილი ფაქტი იყო, რომ საკმაოდ იშვიათად აჰყავდა დისერტანტები.




დისერტაციაზე მუშაობის პერიოდი იყო უაღრესად სასიამოვნო; ურთიერთობის ამ ეტაპზე სულ სხვა კუთხით დავინახე მისი, როგორც მეცნიერის და როგორც პიროვნების ხასიათი და თვისებები. კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი არც ერთი, მისგან განსხვავებული მოსაზრება შეცდომად არ მიუჩნევია და ყველა განსხვავებულ შეხედულებას გულისყურით ეკიდებოდა. უფრო მეტიც, ცდილობდა, რომ ზედმეტად არ მოეხდინა ჩემზე ზეგავლენა და, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია არგუმენტირებულად დამეცვა. სამაგიეროდ, საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, დასვამდა რამდენიმე კითხვას (თან ისე, თითქოს შენ კი არ გეკითხება, არამედ ზოგადი საუბრის ჭრილში), რომლებზე პასუხის გაცემის დროსაც შეიძლება მთლიანად დანგრეულიყო შენი მცდარი თეორიები და მიმხვდარიყავი, რომ ეს საკითხი გაცილებით სიღრმისეული კვლევის შესაძლებლობას გაძლევს და გეშლებოდა კვლევის არნახულად დიდი ასპარეზი. ამ მინიშნებისთვის, მადლობასაც არ იღებდა, - „ამას შენ მიმხვდარხარ, მე რა შუაში ვარო". არადა, როგორც წესი, სწორედ ეს მინიშნებები ხდებოდა თემის კვლევის მთავარი ქვაკუთხედი.


დისერტაციის დაცვის დროსაც აღვნიშნე მისი ამ უაღრესად მნიშვნელოვანი თვისების შესახებ, რაზეც თავის, როგორც ხელმძღვანელის, გამოსვლაში თქვა: „...მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეხედულებები, განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ მე მივეკუთვნები მეცნიერთა იმ სკოლას, რომლის სათავეშიც იდგა ივანე ჯავახიშვილი, ჩემი უშუალო პედაგოგები იყვნენ სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი და არანაირი უფლება არ მქონდა საწინააღმდეგო აზრის გამო მისთვის რაიმე დაბრკოლება შემექმნა..." (ამონაწერი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს ისტორიის, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის სპეციალიზირებული სადისერტაციო საბჭოს (H 07. 01. CN 1) 2004 წლის 20 სექტემბრის №1 სხდომის ოქმიდან). დიახ, ასეთი მეცნიერი იყო ქალბატონი მარიკა! ეს იყო მისი კრედო და მსოფლმხედველობა! ფაქტობრივად მან თავისი თემა გადმომაბარა, საკუთარი ნაშრომები მომანდო თავიდან გასააზრებლად, გასავრცობად, მონოგრაფიულად შესასწავლად... მას შეეძლო ამის გაკეთება, რადგანაც ის იყო მეცნიერი, დარგის გულშემატკივარი, მოწოდებით პედაგოგი, დიდი პროფესიონალი და უბრალოდ - დიდი ადამიანი.


მუდამ მადლიერებით და დიდი სიამაყით მოვიხსენიებ მის სახელს!


პ.ს. აქვე ვაქვეყნებ ჩემი დისერტაციის დაცვის დღეს მის მიერ წარმოთქმულ სიტყვას, როგორც მეცნიერის სანიმუშო გამოსვლას და ქალბატონ მარიკასგან ჩემთვის დატოვებულ ფასდაუდებელ საჩუქარს:


„უნდა მოგახსენოთ, რომ როდესაც დადგა საკითხი შალვა გლოველისათვის სადისერტაციო თემის შერჩევისა, ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ დაგვემტკიცებინა აღნიშნული თემა - „აფხაზთა სამეფო". მიუხედავად იმისა, რომ მე თავად მაქვს საკმაოდ ბევრი ნამუშევარი ამ პრობლემის ირგვლივ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს არაერთი მკვლევარი შეეხო ამ თემას, აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ შექმნილიყო ვრცელი, მონოგრაფიული გამოკვლევა, ახლებური მიდგომით თემის პრობლემატურობის გათვალისწინებით. მოგეხსენებათ, განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში რამდენად მნიშვნელოვნად წამოიწია აფხაზეთის თემამ ქართულ ისტორიოგრაფიაში, აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ ახალგაზრდა თაობის მიერ ახლებურად წარმოჩენილიყო მთელი წყება საკითხებისა და არჩევანიც სწორედ შალვა გლოველზე შეჩერდა. შალვა გლოველი თავიდანვე იყო ძალიან აქტიური სტუდენტი, სერიოზული, შრომისმოყვარე, ეტყობოდა, რომ ამ დიდ საქმეს გაართმევდა თავს და სწორედ მას მივანდეთ ამ თემის დამუშავება.


მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მე და მას გვაქვს აზრთა რადიკალური სხვადასხვაობა, მთელი პასუხისმგებლობით აღვნიშნავ, რომ შალვა გლოველმა წარმოადგინა ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული სადისერტაციო შრომა. მან ჩაატარა უაღრესად შრომატევადი, სკრუპულოზური სამუშაო და ის ნამდვილად იმსახურებს საძიებო ხარისხს.


შალვა ძირითადად დამოუკიდებლად მუშაობდა, პერიოდულად იღებდა ჩემგან გარკვეულ მითითებებს, კონსულტაციებს, როგორც ვთქვი, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეხედულებები, განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ მე მივეკუთვნები მეცნიერთა იმ სკოლას, რომლის სათავეშიც იდგა ივანე ჯავახიშვილი, ჩემი უშუალო პედაგოგები იყვნენ სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი და არანაირი უფლება არ მქონდა საწინააღმდეგო აზრის გამო მისთვის რაიმე დაბრკოლება შემექმნა. უფრო მეტიც, შალვა გლოველმა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მოგვცა ნამდვილად ახლებური, ძალიან საინტერესო შედეგები, ბევრ რამეში შეიძლება მეც გარკვეულწილად შევიცვალე შეხედულებები და მხარი დავუჭირე მის მოსაზრებებს, ბევრ საკითხში ის დამეთანხმა მე და ამგვარი ნამდვილი მეცნიერული თამაშრომლობის საფუძველზე დღეს სახეზეა მართლაც მნიშვნელოვანი, მაღალ სამეცნიერო დონეზე შესრულებული, სავსებით ახლებური მიდგომებით მდიდარი ნაშრომი. შალვამ შეძლო შემოეტანა ძალიან ბევრი ახალი ცნობა „აფხაზთა სამეფოს" ისტორიასთან დაკავშირებული, ბევრი ძველი ცნობის ახლებური ინტერპრეტაცია მოგვცა და მე, როგორც მისი მეცნიერ-ხელმძღვანელი, ძალზე კმაყოფილი ვარ"


(ამონაწერი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს ისტორიის, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის სპეციალიზირებული სადისერტაციო საბჭოს (H 07. 01. CN 1) 2004 წლის 20 სექტემბრის №1 სხდომის ოქმიდან).









 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner