logo_geo
eng_logo
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის წელს 50 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
- +

17 იანვარი. 2018. 11:59



„მიმდინარე წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 50 მილიონამდე ლარია გამოყოფილი", - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, ღონისძიებები სამ ეტაპად განხორციელდება.


„პირველი ეტაპი არის მასიური და საყოველთაო მონიტორინგი მთლიანად საქართველოში ფერომონების მეშვეობით. განთავსდება 100 000-ზე მეტი ფერომონი და იქნება პრაქტიკულად ყოველკვირეული მონიტორინგი, რის მეშვეობითაც გვეცოდინება, სად და როგორ ვრცელდება აზიური ფაროსანა. მეორე ძირითადი პოსტულატი არის, რომ ფერმერები თვითონ დაამუშავებენ თავიანთ ნაკვეთებს და სახელმწიფოსგან ისინი მიიღებენ დამუშავებისთვის საჭირო რეკომენდაციებს, როდის და რა ნაბიჯები უნდა გადადგან. მესამე მნიშვნელოვანი ნაწილია სახელმწიფო, რომელიც აძლიერებს ავტოპარკს - 2012 წელს გვყავდა მხოლოდ 12 ერთეული მანქანა და 2018 წელს გვეყოლება დაახლოებით 152 ერთეული საშუალება. ამ საშუალებებით ჩვენ დავამუშავებთ მილიონ ჰექტრამდე საჯარო სივრცეს და ეს არის ის ადგილები, რომლებიც არ არის ვინმეს საკუთრება, მაგრამ ამ ადგილების დამუშავება არის აუცილებელი. მიმდინარე ღონისძიებები როგორც ფერმერების, ისე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება გარემოს დაცვის ღონისძიებების უმკაცრესი დაცვით", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


რაც შეეხება ბიუჯეტის განკარგვას, დაახლოებით 50 მლნ ლარით მოხდება შესაწამლი ტექნიკის შესყიდვა, მოხდება წამლის შეძენა და ასევე საწვავის შეძენა, მომსახურე პერსონალის დაქირავება და ა.შ.


ხანიშვილის ინფორმაციით, დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიაც. მისივე განმარტებით, გამოყოფილია თანხა მეცნიერებისთვის, რომ ჩატარდეს კვლევები, ამა თუ იმ მიმართულებით.


ხანიშვილის განმარტებით, შესაძლოა დაიწყოს მოკვლევა ბიოლოგიური მტრის შემოყვანის მიმართულებით.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად ფაროსანასთან ბრძოლაში დონორი ორგანიზაციების დაფინანსებაც არის გათვალისწინებული.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner