logo_geo
eng_logo
„სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, შესაბამის ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს
- +

13 მარტი. 2018. 11:55




„ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება „სითი პარკთან" ხელშეკრულება შეწყვიტონ.


„მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ. გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს", - განაცხადა კალაძემ.


მისივე თქმით, თბილისელებისთვის და პირადად მისთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომ თბილისი იყოს თანამედროვე და კომფორტული ქალაქი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება მოწესრიგებული და თითოეული გადაწყვეტილება მიმართულია ამ მიზნის განხორციელებისკენ.


„ჩვენს მიერ დაანონსებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია კერძო ავტომობილების როლის შემცირება და ფეხით მოსიარულეებისთვის მაღალი სტანდარტების საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამკვიდრება, სადაც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პარკირების პრობლემის მოგვარებაა. ეს ნიშნავს სამართლიანი პარკირების სისტემის შექმნას, რომელიც ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნება ახალი საპარკინგე სისტემის შექმნაზე, მეორე მხრივ კი, ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის ხელშეწყობაზე. განვითარებასა და მაღალ სტანდარტებთან რადიკალურად მიუღებელია არაკეთილსინდისიერი მიდგომები, მიუღებელია მოქალაქეების უფლებების შელახვა. არანაირად არ შევეგუები არც ერთი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობას, საჯარო უფლებამოსილებების არა სათანადო შესრულებას. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ვქმნით ქალაქის უკეთეს მომავალს და ვნერგავთ საზოგადოებრივი მომსახურებების მაღალ სტანდარტებს", - აღნიშნა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner