logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა
- +

14 მარტი. 2018. 11:16



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიმართა, სამედიცინო დაწესებულებებში სადაც უმწეო ადამიანები მკურნალობენ, განსაკუთრებული კონტროლი დაწესდეს.


მთავრობის მეთაური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია ამ დაწესებულებაში შექმნილ აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებს.


გიორგი კვირიკაშვილმა სახალხო დამცველს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.


„სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი ინფორმაცია ჩემთვისაც საგანგაშო იყო. მინდა, ბატონ დავით სერგეენკოს ვთხოვო, მაქსიმალურად დავინტერესდეთ ამ მიმართულებით დაწესებულებებში არსებული მდგომარეობით. ის მიმართულება, რომელიც არის ჩვენთვის საამაყო და რეფორმები, რომლებიც განვახორციელეთ - საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, ნამდვილად გასაფრთხილებელია. განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები იკურნებიან, აუცილებელია გაძლიერებული ყურადღება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაური მიესალმა ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირებას და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს სპეციალური წარმომადგენლის გაგზავნას, რომელიც დაწესებულებას დროებით მართავს.

 

„მინდა, ასევე გთხოვოთ, რომ ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები. მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ. ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო ერთი - კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით. ნამდვილად, სახალხო დამცველს მადლობა ეკუთვნის იმისათვის, რომ იგი ასეთი ყურადღებით მიუდგა ამ საკითხს, რადგან ჩვენთვის ეს მართლაც საგანგაშო ზარი აღმოჩნდა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner