logo_geo
eng_logo
მიტროპოლიტი დიმიტრი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება!
- +

25 აპრილი. 2018. 02:41

 

 

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„გვსურს გამოვეხმაუროთ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს: „უცხოეთში, ქართულ სამრევლოებს, დახურვა ემუქრება“, სადაც ავტორი ეკლესიაში არსებულ ფინანსურ კრიზისზე საუბრობს და უშუალოდ, საზღვარგარეთ მოქმედი ეპარქიების და სამრევლოების მძიმე ფინანსურ მდგომარეობას გვაუწყებს. სიუჟეტში საუბარია საპატრიარქოს 25 მილიონიანი დაფინანსების განკარგვასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე, სასულიერო პირთა მხრიდან.

 

„რუსთავი 2“ აღნიშნავს, რომ თანხის დიდი ნაწილი განკუთვნილია მცხეთა-თბილისის, სხალთისა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისათვის.

 

უპირველესად მინდა ჩემი უაღრესად დიდი პატივისცემა გამოვხატო უცხოეთში მოღვაწე ყველა მღვდელმთავრისა და სასულიერო პირის მიმართ. ძალიან კარგად ვუწყი, რაოდენ დიდი ძალისხმევა და ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო იქ შექმნილ სირთულეებთან გასამკლავებლად, რადგან თავად დავაარსე და ხუთი წელი ვხელმძღვანელობდი ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიას.

 

მიუხედავად ზემოთქმულისა, მინდა მათ შევახსენო, რომ თანხები, რომელიც ჩვენი ეპარქიისათვის არის გამოყოფილი, ხმარდება არა სასულიერო პირების კეთილდღეობას, არამედ საგანმანათლებლო და სოციალურად დაუცველ ადამიანთათვის დაარსებულ თერთმეტ დაწესებულებას, რომელთა უმრავლესობაც, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ფუნქციონირებს. მათ შორისაა: მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლი, სადაც 120 მობინადრეა. აღსანიშნავია, რომ ეკლესიის წიაღში ის ერთადერთია და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გვიხდება მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანთა მიღება; ეპარქიაში მოქმედებს სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრი და ინკლუზიური ბაღი, სადაც ორასამდე აღსაზრდელია; ხელი ემართებათ შეჭირვებულ ოჯახებს, შვილების აღზრდაში, რომელთათვისაც გახსნილია გიმნაზია-პანსიონი. მასში ცხოვრობს და განათლებას იღებს 120 ბავშვი; ეპარქია ხელმძღვანელობს საბავშვო ბაღებს, გიმნაზიებს, სემინარიასა და საზაფხულო სკოლა-ბანაკს „სამშობლო“, რომელიც მასპინძლობს უცხოეთში მოღვაწე მოძღვართა რეკომენდაციით გამოგზავნილ იქ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად სამასამდეა. ბანაკში მათ შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ და გაითავისონ თავიანთ წინაპართა სამშობლოს კულტურასა და ადათ-წესებს.

 

ეპარქიის ყველა დაწესებულებაში დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი, ხოლო ცხოვრობს და სწავლობს 3000-მდე მოხუცი თუ აღსაზრდელი, რომელთა ოჯახის წევრთა უმრავლესობა უცხოეთში მუშაობს და ბევრი მათგანი საზღვარგარეთ მოქმედ ეპარქიათა სამრევლოების წევრია. მათ ახლობლებზე ზრუნვას კი ჩვენი ეპარქია უზრუნველყოფს.

 

რაც შეეხება თანხების ხარჯვას, ბიუჯეტის განკარგვა ხდება სახაზინო კონტროლითა და მათივე გადარიცხვებით. მე, როგორც ეპარქიის მღვდელმთავარს, არანაირი შემხებლობა არ გამაჩნია საბიუჯეტო თანხებთან და ამის გარკვევა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ფინანსთა სამინისტროში.

 

თუ ზემოხსენებული ტელემაუწყებლობა დაინტერესდება, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, როგორც სოციალური, ასევე საგანმანათლებლო პროექტების მიღწევებით, ჩვენ მზად ვართ კარი გავუღოთ მას, რომლის ეკლესიისადმი კეთილგანწყობაშიც, სამწუხაროდ ეჭვი გვეპარება“, - ნათქვამია მიტროპოლიტ დიმიტრის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner