logo_geo
eng_logo
თბილისსა და ტალინს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
- +

25 აპრილი. 2018. 15:36

 

 

ქალაქ თბილისსა და ქალაქ ტალინს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ტალინის მერმა ტაავი აასმა  მოაწერეს.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას  ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ელექტრონული მმართველობა. 

 

მემორანდუმის გაფორმებამდე გამართულ შეხვედრაზე მერებმა აღნიშნულ სფეროებში  მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. კახა კალაძემ  ტაავი  აასს  მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო და  სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.  თბილისის მერის განცხადებით, ერთობლივი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების  გაღრმავებას.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს დედაქალაქებს შორის შედგება უფრო მჭიდრო ურთიერთობა. ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არსებობდა, თუმცა გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.  ძალიან სიმბოლურია, რომ ორივე ქვეყანა  დამოუკიდებლობის 100  წლის  იუბილესთან  დაკავშირებით  აფორმებს ამ მემორანდუმს. ჩვენ გვსურს, გავიზიაროთ მათი გამოცდილება გარემოს დაცვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით,  ასევე, ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით. ამ სფეროში სტარტაპების დაფინანსების თვალსაზრისით ტალინი   ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია.   ჩვენ გვინდა, ყველა  ეს გამოცდილება  გადმოვიტანოთ ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ტალინის მერის თქმით,  მემორანდუმი   ქალაქებს   სხვადასხვა სფეროში  ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილების  გაცვლის შესაძლებლობას მისცემს.

 

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს, საქართველოსა და ესტონეთს, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. თბილისსა და ტალინს შორის ურთიერთგაგების  მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქალაქების დონეზეც დავიწყებთ ამ ურთიერთობას. ეს შეეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა კულტურა, ელექტრონული მმართველობა, ტრანსპორტი.  ჩვენ უკვე შევთანხმდით დელეგაციათა გაცვლაზე სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისათვის. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს მემორანდუმი არ დარჩება ქაღალდზე და რეალურ შედეგებს  ქალაქის მმართველობის სხვადასხვა სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაცვლის თვალსაზრისით“, - განაცხადა ტაავი აასმა.

 

 

საკრებულოში გამართულ შეხვედრას  მერის მოადგილეები მაია ბითაძე და ილია ელოშვილი, ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი, საქართველოს ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი, ტალინის მერიის წარმომადგენლები და თბილისის საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner