logo_geo
eng_logo
ირაკლი ბენდელიანი: 30 მილიონი ლარით რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება
- +

16 მაისი. 2018. 14:56

 

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 30 მილიონი ლარით აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე სათადარიგო ზოლის, ბარათაშვილის აღმართის და რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.

 

„აღნიშნული თანხის გამოყოფა საჭირო გახდა ქალაქში დამატებითი მოცულობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ იცით, რომ ბიუჯეტის შესრულება ამ ნაწილში კარგად მიმდინარეობს, ანუ კაპიტალურ სამუშაოებზე დიდი ათვისება გვაქვს, დამატებით ცენტრალურმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ 30 მილიონის გამოყოფასთან დაკავშირებით. ამ ღირებულების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები უნდა დასრულდეს წლის ბოლომდე, აქ არის 30 მილიონზე საუბარი და ყველა პროექტი, რომელიც იქნება მასშტაბური, დავიწყებთ უახლოეს პერიოდში და დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

 

როგორც ვთქვით, იქნება დიდი პროექტები ქალაქის მასშტაბით, მაგალითად, თქვენ იცით, რომ ახლა ვახორციელებთ აეროპორტის სათადარიგო ზოლის მარცხენა მხარეს სამუშაოებს, დაგეგმილი გვაქვს, რომ მარჯვენა სათადარიგო ზოლიც გავაკეთოთ, ასევე ჩვენ გვინდა ბარათაშვილის აღმართის სრული რეაბილიტაცია განვახორციელოთ და მსგავსი ქუჩების რეაბილიტაციაც“, - აღნიშნა ბენდელიანმა.

 

რაც შეეხება მომდევნო წელს განსახორციელებელ პროექტებს, როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, კვლავ იგეგმება 30 მილიონი ლარის გამოყოფა, რაც უშუალოდ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

 

„ის თანხები, რაც მომდევნო წელს უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ინფრასტრუქტურულ პროექტებში, წელს გამოგვეყო, ხოლო იმ გამოთავისუფლებული თანხით, რასაც მომავალ წელს გამოგვიყოფს ბიუჯეტი მთლიანად მოხმარდება ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას, სპორტული ცენტრების, მოედნების მშენებლობას და ამ მიმართულებითაც აქტიურად დავიწყებთ მუშაობას“, - განაცხადა ბენდელიანმა.

 

ცნობისთვის, დედაქალაქის მერიას ცენტრალური ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოეყო, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. თანხის დახარჯვა მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგეგმებოდა, თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, მერიას ამის შესაძლებლობა წელსვე მისცეს.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner