logo_geo
eng_logo
საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა
- +

17 მაისი. 2018. 17:30

 

 

საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა  უნივერსიტეტმა, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივი კონფერენცია გამართეს.

 

კონფერენცია 15 მაისს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში გაიხსნა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში გაგრძელდა. 16-17 მაისს კი კონფერენციას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უმასპინძლეს.

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კი კონფერენციის მუშაობის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.

 

კონფერენციის ფარგლებში მომხსენებლები დამსწრე საზოგადოების წინაშე სხვადასხვა თემებით წარსდგნენ.

 

კონფერენციაში მონაწილე სამი უნივერსიტეტი მომავალშიც განაგრძობს თანამშრომლობას.

 

„სამი უმაღლესი სასწავლებლის ინიციატივით გაიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია. მე მჯერა, რომ ქართულ სახელმწიფოს აქვს მომავალი, ქართულ სახელმწიფოს აქვს საგანმანათლებლო ველი, სივრცე. მისი გამოყენება სამშვიდობო ფორმატში დღემდე არ მომხდარა, მაგრამ სამმა უმაღლესმა სასწავლებელმა გადავწყვიტეთ, რომ ყველა სტრატეგიული მიმართულება, ყველა ნაბიჯი, რომელიც მოემსახურება ერთიან ქართულ სახელმწიფოს, მათ შორის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ნდობის აღდგენას, ერთად გადავდგათ. ამ სამ უმაღლეს სასწავლებელს აქვს სერიოზული რესურსი, ჩვენი ერთიანობით ვაჩვენოთ ჩვენი საჭიროება და აუცილებლობა“, - განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

„იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ჩვენ ბატონ ზურაბთან და ბატონ გიორგისთან გვქონდა კომუნიკაცია და ვთქვით, რომ ცალ-ცალკე ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების გაკეთება შეიძლება ჩაიკარგოს და ხომ არ ჯობია, რომ სამივე უნივერსიტეტი ერთად წარვდგეთ. ამ იდეამ გაამართლა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ეს ღონისძიება იყო პირველი, რომლითაც დაიწყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები. ძალიან საინტერესო მოხსენებები იყო როგორც ჩვენთან, ასევე გორის სასწავლო უნივერსიტეტში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დღესვე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის იმ დარბაზში, სადაც 100 წლის წინ გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, შევაჯამებთ ამ კონფერენციას და განსაკუთრებით გამოვყოფთ იმ მოხსენებებს, რომლებიც გამორჩეული იყო“, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

„ეს არის უმნიშვნელოვანესი კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. წარმოდგენილი მოხსენებები არის უაღრესად საინტერესო და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც კიდევ ერთხელ გაგვააზრებინებს იმ სამ წელს, რომლის განმავლობაშიც ჩვენმა ქვეყანამ დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, რომ მას შეუძლია ღირსეულად დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. ასე რომ, ეს კონფერენცია არის ერთ-ერთი დიდი იმპულსი ჩვენი მომავალი სახელმწიფოებრივი ცხოვრებისათვის. მინდა, თითოეულ ორგანიზატორს მადლობა გადავუხადო და ჩემთვის, როგორც გორის უნივერსიტეტის რექტორისთვის დიდი პატივია, რომ ამ კონფერენციაში მიწევს მონაწილეობის მიღება, როგორც ერთ-ერთ ორგანიზატორსა და მომხსენებელს“, - განაცხადა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner