logo_geo
eng_logo
ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშაოებში ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი ჩაერთვება
- +

21 მაისი. 2018. 11:35

 

 

ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშაოებში ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი ჩაერთვება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთის მთავრობას შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ქართულმა მხარემ ოშკის გუმბათზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება მოითხოვა. თურქულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი პროექტის სახით დაიწყოს ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები.

 

„ამ მიზნით ჩვენ მათ ძალოვანი ხარაჩოს პროექტი გადავეცით. ოშკის გუმბათის გამაგრების პროექტი კი თურქული მხარის მიერ მომზადდა. ამ მომენტისთვის ჯერ გარკვეული არ არის, თუ როდის გაემგზავრება ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი თურქეთში. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტროსთან და თურქეთში საქართველოს საელჩოსთან ერთად

ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. სპეციალისტები უკვე მზად არიან იმისთვის, რომ სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობა მიიღონ. მინიმუმ 4–5 სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფი გაემგზავრება, რომელთა შორის იქნებიან არქიტექტორ–რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და ერთი კონსტრუქტორი“, – განაცხადა ანთიძემ.

 

მისივე თქმით, ოშკის გუმბათის გამაგრების სამუშაოები გადაუდებელი აუცილებლობაა. მთლიანი ტაძრის რეაბილიტაციის პროცესისთვის კი თურქეთში უფრო მეტი სპეციალისტი გაიგზავნება.

 

„ოშკის ტაძრის მთლიანი რეაბილიტაციის პროექტი არსებობს. ჩვენ ჯერჯერობით ველოდებით, რომ ეს პროექტი გადმოგვიგზავნონ და განხილვა დავიწყოთ.

 

საქართველოსა და თურქეთის მთავრობას შორის ხელშეკრულება ერთი წლის წინ გაფორმდა, რომელსაც საქართველოს მხრიდან კულტურის სამინისტრომ, ხოლო თურქეთის მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოაწერეს ხელი.

 

ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ეს ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ერთობლივად ვიზრუნებთ კულტურულ მემკვიდრეობაზე როგორც საქართველოში ოსმალურ ძეგლებზე, ასევე თურქეთში ქრისტიანულ ძეგლებზე“, – განაცხადა ანთიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner