logo_geo
eng_logo
პრეზიდენტმა გურამ დოჩანაშვილი ვაჟა-ფშაველას პრემიით დააჯილდოვა
- +

25 მაისი. 2018. 00:10

 

 

პრეზიდენტმა მწერალ გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება პროზაული ნაწარმოებისათვის „ბრმადყოფილზე, და...“ და ასევე მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მიანიჭა. დაჯილდოების ცერემონია დღეს მწერალთა სახლში გაიმართა. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, პრეზიდენტმა სახელმწიფო პრემიების ლაურეატები გამოავლინა.

 

მხატვარ გიორგი ალექსი-მესხიშვილს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა სპექტაკლის „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“ სცენოგრაფიისა და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის;

 

პიანისტ ალექსანდრე კორსანტიას შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, სერგეი რახმანინოვის, აარონ კოპლენდის ვარიაციებისა და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

 

მხატვარ-მოქანდაკეს გიორგი შხვაცაბაიას შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალ „ამაღლებისა“ და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ბესიკ იაშვილს საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა ნაშრომისათვის „თერმული დაზიანებანი და პლასტიკური ქირურგია“.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს ერეკლე გამყრელიძეს საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა შრომათა ციკლისათვის „საქართველოსა და მისი მოსაზღვრე ხმელთაშუა ზღვის (ალპურ-ჰიმალაიური) კოლიზიური სარტყლის გეოლოგიურ-ტექტონიკური აგებულებისა და გეოდინამიკური ევოლუციის კვლევა თეორიულ და გამოყენებით ასპექტში“.

 

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს გაწეული სამუშაოსათვის, ათობით და ასობით მეცნიერს და ხელოვანს კი კონკურსში მონაწილეობისათვის.

 

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ და პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია ითვალისწინებს ფულად ჯილდოს - თითოეულ გამარჯვებულს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში 2 წელიწადში ერთხელ. პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებ(ებ)ისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია ითვალისწინებს ფულად ჯილდოს - თითოეულ გამარჯვებულს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა ყოველწლიურად. პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა, ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.

 

პრემია ითვალისწინებს ფულად ჯილდოს - თითოეულ გამარჯვებულს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner