logo_geo
eng_logo
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები არ ეთანხმებიან ივანე კიღურაძის კანონპროექტს!
- +

5 მაისი. 2016. 04:38


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი განიხილეს. კანონპროექტი  პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ მოამზადა. განხილვას აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი და აკადემიის წევრები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი.



შეხვედრამ დისკუსიის ფონზე ჩაიარა. აკადემიკოსების განცხადებით, პროექტი აკადემიასთან შეთანხმებული არ ყოფილა და მხოლოდ იმის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.



აკადემიის წევრები არ ეთანხმებიან ცვლილებების პროექტის იმ მუხლებს, რომელთა თანახმადაც  აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება დაინიშნოს ის, რომლის ასაკიც 70 წელს აჭარაბებს. აკადემიის წევრები ასევე არ ეთანხმებიან ამავე პროექტით გათვალისწინებულ მუხლს, რომლის მიხედვითაც აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტს სტიპენდიანტთა ინსტიტუტი ჩაანაცვლებს. სტიპენდიანტებს კი 5 წლის ვადით აირჩევენ.



ცვლილებების პროექტის ავტორის ივანე კიღურაძის განცხადებით, ცვლილებები, განხორციელების შემთხვევაში, აკადემიაზე დადებითად იმოქმედებს. კიღურაძე ამბობს, რომ ცვლილებების პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მეცნიერებაში მოზიდვას, მათი მხარდაჭერის ეფექტური მეთოდების შემუშავებას და ეროვნული აკადემიის საქმიანობაში აქტიურ ჩართვას. რაც შეეხება სტიპენდიანტთა ინსტიტუტის დაარსებას, კიღურაძის თქმით, ის წევრ-კორესპონდეტთა ინსტიტუტს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს.



დღევანდელი სხდომა კამათის ფონზე წარიმართა. ხმაური და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა მოჰყვა აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის გამოსვლას, რომლის განცხადებითაც,  კანონპროექტის პარლამენტში გატანა მიზნად ისახავს გიორგი კვესიტაძისა და როინ მეტრეველის თანამდებობიდან გადადგომას. მისივე შეფასებით, ივანე კიღურაძე 4 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ებრძვის მეცნიერებათა აკადემიას.





კამათის ფონზე წარმართული შეხვედრის დასრულებისას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ეროვნული აკადემიის შესახებ კანონპროექტზე დასკვნას მოამზადებს.  კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: ირაკლი ჟორდანია, ლადო პაპავა, გია ჯაფარიძე, გუჩა კვარაცხელია, გივი ჯაფარიძე და ავთანდილ კორახაშვილი.


კომისია კანონში განსახორციელებელ ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნას აკადემიკოსებს ერთი კვირის შემდეგ გააცნობს. 


 

right_banner
არქივი
right_banner