logo_geo
eng_logo
ირაკლი ბენდელიანი: 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ინფრასტრუქტურის აღდგენაზე დაახლოებით 70 მლნ ლარი დაიხარჯა
- +

13 ივნისი. 2018. 18:51

 

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ინფრასტრუქტურის აღსადგენად დაახლოებით 70 მილიონი ლარი დაიხარჯა.

 

მისი თქმით, პირველ ეტაპზე, ჩატარდა ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც გადაუდებელი საჭიროებისთვის იყო აუცილებელი.

 

„ამ ინფრასტრუქტურის აღდგენის ჯამური ღირებულება დაახლოებით 70 მილიონ ლარს შეადგენდა. ასევე პრევენციის მიზნით ჩატარებულია სამუშაოები, მათ შორის, გამოვყოფ მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირებას, ნატანშემაკავებელი ცხაურებია დამონტაჟებული, რაც ეფექტურად მუშაობს, ასევე გვაქვს მინი სადგურები კალაპოტთან და იზომება წყლის დონე მდინარეში და ნალექები რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება კვლავ უხვი რაოდენობის ნალექის მოსვლას და საფრთხეები მოიმატებს, ქალაქი ამ პროცესს ბევრად უფრო მობილიზებული შეხვდება“, – განაცხადა ბენდელიანმა.

 

რაც შეეხება სტიქიის ზონაში მშენებლობების საკითხს, აღნიშნულ კითხვასთან დაკავშირებით ბენდელიანმა აღნიშნა, რომ თუ რომელიმე სამსახურის მიერ დადებულია დასკვნა, სადაც მინიმალური რისკები მაინც არის, ასეთ მშენებლობებზე მერიის მხრიდან ნებართვები არ გაიცემა.

 

„ზოგადად, მშენებლობებზე რომ ვთქვათ პრობლემებს არ ქმნის, ეს ასე არ არის. იმ მშენებლობებზე, რომლებზეც მერია გასცემს ნებართვებს, წარმოდგენილია სრულყოფილი დოკუმენტაცია. თუ რომელიმე სამსახურის მიერ დადებულია დასკვნა, სადაც მინიმალურად მაინც არის რისკები, ასეთ მშენებლობებზე მერიის მხრიდან ნებართვების გაცემა არ ხდება. თუ ჩვენს მიერ უკვე გაცემულია ნებართვები, სრულად გვაქვს დოკუმენტაცია შესწავლილი და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ნებართვის გაცემა. მათ შორის, გეოლოგიური დასკვნებიც შესწავლილია“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner