logo_geo
eng_logo
ლევან დადუნაშვილის დედა: პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ ამ ბავშვების საქმეს
- +

22 ივნისი. 2018. 18:57

 

 

„პროკურორებს პიროვნულად  ძალიან  გათავისებული  ჰქონდათ  და  განიცდიდნენ პირდაპირ  ამ ბავშვების  საქმეს“, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ ანრი ოხანაშვილის კითხვის პასუხად. კერძოდ, ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა,  ხომ არ აქვს ლევან დადუნაშვილის დედას კითხვის ნიშნები პროკურატურის ქმედებებთან დაკავშირებით და რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე მასთან მიმართებაში.

 

ანრი  ოხანაშვილი:  ზაზა  სარალიძეს ჰქონდა  კითხვა  პროკურატურასთან  მიმართებაში.  თქვენ პროკურატურასთან დაკავშირებით რამე  კითხვის  ნიშნები  ხომ  არ გაქვთ  მათ  მოქმედებებთან? რამე  კითხვის ნიშნები ხომ არა  გაქვთ მათი მხრიდან მოწმეებთან მიმართებაში?  მათ  მოქმედებთან  დაკავშირებით  სასამართლო  პროცესზე?  თქვენთან ურთიერთობა-დამოკიდებულება  როგორი იყო? რამე კითხვის ნიშნები ხომ არ გაქვთ მოწმეებთან   დაკავშირებით სასამართლო პროცესზე?

 

„ჩვენი  ურთიერთობების  დასაწყისიდანვე  ამ  ურთიერთობას  ნდობას  ვერ  დავარქმევდი.  ადამიანი,  რომელიც   პირველად ვზივარ  სასამართლო  პროცესზე, თვითონ შემიძლია  გითხრათ,  რა  შთაბეჭდილება  მრჩებოდა თითოეული  მოქმედი  პირიდან,  რომ ესენი  საკმაოდ  კარგი  პროფესიონალები  არიან,  იმიტომ, რომ  თითოეული  სასამართლო  პროცესი  ეს  იყო ბრძოლა  ადვოკატებსა  და  პროკურორებს  შორის. პირდაპირ  ეს  ჩანდა,  განსაკუთრებით  მაშინ,  როცა  იყო  მნიშვნელოვანი  მოწმე  დასაკითხი. მე  ზედმეტი ურთიერთობა  მათთან  არ  მქონია. მხოლოდ  პროცესზე  ვხვდებოდი.  პროცესუალური  საქმის  გამო  მიბარებდნენ  და  იმას  მაცნობდნენ. იქვე  ვსვამდი  ამ  შეკითხვას, მე  რაც  შეკითხვების  უფლება  მქონდა,  არ  გვქონდა  უფლება  ხმის  გაღების  და  რამდენჯერმე  ფურცელზე  დავწერე  და ისე  ვაწვდიდი. ეს  შეიძლება  ჩემი  პირადი  აზრია, მაგრამ  ისეთი  შთაბეჭდილება  მქონდა,  რომ  პროკურორებს პიროვნულად  ძალიან  გათავისებული  ჰქონდათ  და  განიცდიდნენ პირდაპირ  ამ ბავშვების  საქმეს.

 

ასეთ  დამოკიდებულებას  ვხედავდი. ეს  ერთი  და  მეორეც,  შემიძლია  ვთქვა,  რომ სასამართლო  პროცესებზე,  როდესაც  იყო  მნიშვნელოვანი  მოწმე, იქ  ხდებოდა  ძალიან  დიდი  შეჯახება  პროკურორებსა  და  ადვოკატებს  შორის. რამდენჯერმე  იყო   ჩვენების  ჩაგდების  მცდელობა და  აქედან  გამომდინარე,  შემიძლია  ვთქვა,  რომ რამეს  ისეთ  არ ვხედავდი,  რომ  პროკურატურა  რამეს  მალავდა.   ასეთი შთაბეჭდილება  არ დამრჩა პირადად,  მითუმეტეს  მაშინ,  როცა  იყო  ამის  გაპროტესტების საშუალება.

 

განსაკუთრებით  მახსენდება  გ.ჯ  2-ის  ჩვენება,  რომელიც  თითქმის  ჩაგდების  ზღვარზე  მივიდა,  რადგან  ბავშვი  ითხოვდა  ბრალდებულების  გაყვანას  და  მოსამართლემ  ეს  არ  დაუშვა.   ბავშვები  ძალიან  დაძაბულები  იყვნენ  და  ეს  ბავშვი  ძალიან  ცუდად  გახდა.  პირდაპირი  შევიწროება  მოხდა მოწმის  ფიზიკურადაც.  არ  ვიცი,  ეს  მოლაპარაკება იყო, წინასწარი შეთანხმება იყო, მიღებული პრაქტიკა  იყო  თუ  არა.  ბავშვი  ამბობდა  რომ ასე  ვერ  ვიტყვი,  ვერ  ვიტყვი.  თან    ეს  იყო  პირდაპირი  მოწმე  ლევანთან  მიმართებაში. მოსამართლე  იძულებული  გახდა,  გაიყვანეთ  ეს  ბავშვიო. ეს  ბავშვი  რომ გონზე  მოვიდა,  შეკითხვის  გარეშე პირდაპირ  თქვა,  ვინ  იყო  ლევანთან  მიმართებაში. მე  მგონი,  ეს  ბავშვი  საერთოდ  იდგა  და  უყურებდა. არც  ჩხუბობდა  და  უყურებდა,  პირდაპირ  ჰყავდა  დამნაშავე  დანახული. ეს  იყოო,  უბრალოდ  მაშინ  გრძელი  თმა  ჰქონდა  და  ახლა  შეჭრილი აქვსო.  მე  ეს  დეტალი  არ  ვიცოდი. ასეთი  შეჯახებები  ხშირად  ხდებოდა  ადვოკატებსა  და  პროკურორებს  შორის.

 

რაც  უფრო  ბოლოსკენ მიდიოდა  საქმე,  ადვოკატები  უფრო  მეტ  პროვოკაციაზე  მიდიოდნენ. პირველად, პროვოცირებას  ვერ  ვხვდებოდი,  რატომ  ხდებოდა. მერე  მივხვდი,  როგორც მაყურებელმა,   რომ  დადგა  პროკურორების აცილების  მოთხოვნა მათი  მხრიდან.  ეს  მე  ეჭვებს მიჩენს. ძლიერები  არიან  და  შემდეგ  ეტაპზე არასასურველი  პირები  არიან  ადვოკატებისთვის.  მოითხოვეს მათი აცილება პირდაპირ.  მე  ასეთი  შთაბეჭდილება  მრჩება. იგივე  მოხდა  დამოუკიდებელი  ექსპერტის  დაკითხვის  დროსაც. პირად  ინტერესს  ნამდვილად  ვერ  ვხედავდი  ლევანთან  მიმართებაში  განსაკუთრებით და  შემიძლია  გითხრათ  რომ  ძლიერი  პროფესიონალები  არიან. ეს  კარგად წარმოჩინდებოდა მათი კამათის დროს სასამართლო პროცესზე“, - განაცხადა ლევან დადუნაშვილის დედამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner