logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩემთვის ეს პრინციპულად მიუღებელია
- +

16 ივლისი. 2018. 13:31

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ტყიბულის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრით დაიწყო. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მაშინდელი  სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ შრომის უსაფრთხოების კუთხით პარლამენტს სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მინდელის შახტში ტრაგიკული შემთხვევა არის ყველას ტკივილი.

 

„დღევანდელი ტრაგედიის დროს დაიღუპა ოთხი მეშახტე, რაც არის ტრაგიკული მოვლენა თითოეული ჩვენგანისთვის, მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ტყიბულელებს, სრულიად საქართველოს. ეს ტრაგიკული შემთხვევა არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი და ასევე, მინდა, მოგახსენოთ, რომ არის კონკრეტული ზომები მისაღები, რათა ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს. მინდა, აღვნიშნო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა ყოველთვის სწორი პოზიცია. თქვენ გახსოვთ ჩვენი პოზიცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, თქვენ გახსოვთ ჩვენი პოზიცია საპარლამენტო მუშაობის პროცესში, თუმცა მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ ჩვენ არ მოგვცა სწორი ზომების მიღების საშუალება და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება, რაც არის სამწუხარო და ეს საჭიროებს სასწრაფო ცვლილებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, ძალიან სწორი პოზიცია დააფიქსირა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, რომელმაც მიიღო პრინციპული და ძალიან სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება შახტის დახურვის თაობაზე.

 

„ჩვენ უნდა დავიწყოთ კონსულტაციები დღესვე მთავრობასთან, რათა მივიღოთ ძალიან ქმედითი ზომები, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს. ჩვენ 2012 წელს დავუპირისპირდით ბევრ რამეს, რაც არ მოგვწონდა წინა ხელისუფლებაში და ერთ-ერთი იყო ლიბერტარიანული მიდგომა, რომელიც ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას. ასეთი მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება მთავარ ღირებულებას, რომელზეც ჩვენ ვაფუძნებთ პოლიტიკას – ეს არის ადამიანი. ადამიანი უნდა იყოს მთავარი ღირებულება ჩვენს პოლიტიკაში და ამას პირდაპირ უპირისპირდება ყოველგვარი ლიბერტარიანული მიდგომა, რომელიც შეიძლება იყოს გამოვლენილი, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების სფეროში. ეს არის პირადად ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი. უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა ეს მიდგომა რადიკალურად შეიცვალოს და განხორციელდეს კონკრეტული ცვლილებები შრომის უსაფრთხოების სათანადოდ დასაცავად ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან პრინციპული მნიშვნელობის საკითხი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის სხდომაზე მინდელის შახტში დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner