logo_geo
eng_logo
ჯოშ ჰამილტონი: კანაფის დაბეგვრისგან მისაღები ეკონომიკური და სოციალური სარგებელი
- +

20 სექტემბერი. 2018. 12:47

 

კანაფის დაბეგვრისგან მისაღებ ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელზე TheJist.co.uk-ის რედაქტორმა ჯოშ ჰამილტონმა ვრცელი სტატია მოამზადა.

 

„იმ დროს, როცა პრინცი უილიამი დიდი ბრიტანეთის ნარკოტიკულ პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებს, ხოლო ლიბერალ-დემოკრატები პირობას დებენ, რომ დიდ ბრიტანეთში მარიხუანის გაყიდვის ლეგალიზაციას მოახდენენ, და მიუხედავად იმისა, რომ მათ ლიდერად ვინს კეიბლი დაინიშნა, ჩვენი სურვილია დიდ ბრიტანეთში მარიხუანის ლეგალიზაციისა და მასზე გადასახადის დაწესების მხარდამჭერ რამდენიმე ძირითად არგუმენტს გავეცნოთ. მიუხედავად იმისა, თუ რა დამოკიდებულება გაქვთ მარიხუანის მიმართ, არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ეკონომიკისა და ჯანდაცვის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი და ამ გაუაზრებლად საკამათოდ გადაქცეული მცენარის ლეგალიზაციის სასარგებლოდ მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატიულ პარტიას ნარკოტიკებთან მიმართებაში ზოგიერთი პროგრესული და თანამედროვე პოლიტიკის გატარების სურვილი არა აქვს, გვინდა წარმოვადგინოთ ზოგიერთი არგუმენტი იმის საჩვენებლად, თუ რა სარგებელს ნახავს ბრიტანეთი მარიხუანის ლეგალიზაციისა და დაბეგვრის შემთხვევაში.

 

მარიხუანის დაბეგვრისგან მისაღები ეკონომიკური სარგებელი:

 

მიუხედავად იმისა, თუ რა აზრის ხართ მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ, შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ მას ეკონომიკური სარგებელი მოაქვს. ვერავინ ვერაფერს დაუპირისპირებს იმ მყარ ფაქტს, რომ ისეთმა შტატებმა, როგორიცაა კოლორადო და ვაშინგტონი, რეკრეაციული მარიხუანას ლეგალიზაციისა და დაბეგვრის შემდეგ სწრაფი ეკონომიკური აღმასვლა განიცადეს. და მაინც, რა ოდენობის თანხა მიიღეს ამ შტატებმა მარიხუანის დაბეგვრის შედეგად? და რა სარგებელი შეიძლება ნახონ ლეგალიზაციისაგან დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ ან მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყანამ?

 

2015 წლის სექტემბრისათვის ბალახს კოლორადოში ალკოჰოლზე თითქმის ორჯერ მეტი საგადასახადო შემოსავალი მოჰქონდა (70 მილიონი დოლარი და 42 მილიონი დოლარი). ანალოგიური ვითარება იყო ვაშინგტონში, სადაც ლეგალიზაციის შემდგომ პირველსავე წელს გადასახადების სახით დაუჯერებელი თანხა, 82 მილიონი დოლარი შემოვიდა. თუმცა ზოგიერთი უცნაური შეფასების თანახმად, კანადაში მარიხუანის ლეგალიზაციამ შეიძლება ქვეყანას წელიწადში ათობით მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანოს. ასეთი შეფასებები სრულიად სპეკულაციურია.

 

ზოგიერთი (კონსერვატიული) შეფასებით, რეკრეაციული მარიხუანის ბრუნვასა და გაყიდვებს ამჟამად კანადისთვის წლიურად დაახლოებით 8 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მოაქვს. ქვეყნის ბაზარი კოლორადოს დონეზე რომ დაიბეგროს (დაახლოებით 25%), სუფთა საგადასახადო შემოსავალი 2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება. და ეს იმ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ მეტია. წარმოიდგინეთ, რისი გაკეთება შეიძლება ასეთი ფულით ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.

 

კოლორადოში, მაგალითად, ეს ფული შტატში განათლებისა და ჯანდაცვის სტანდარტების გაუმჯობესებაზე მიმართულ რამდენიმე პროგრამაზე დაიხარჯა. ამ პროგრამებით გათვალისწინებული იყო სკოლების მშენებლობა, მარიხუანის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ბულინგის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიების დაფინანსება, გრანტები საჯარო სკოლებისათვის, ახალგაზრდების სწავლება, ზომები ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ და მისი შედეგების მკურნალობა და გრანტები პროგრამისთვის „ამერიკის მომავალი ფერმერები“. ეს ყველაფერი ერთ წელიწადში ერთ შტატში კანაფის ლეგალიზაციის წყალობით დაფინანსდა.

 

თუმცა ესეც მცირე მასშტაბის აზროვნება გამოდის. კანაფის ბიზნესი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მარიხუანის წარმოება და გაყიდვა. არსებობს უამრავი ინოვაციური მიმართულება, რომლებშიც კანაფი გამოსადეგია როგორც ლეგალური ბიზნესი და, როგორც ამტკიცებენ, ამ მხრივ ალკოჰოლსაც სჯობნის. მაგალითად, MJ Freeway-ს ინოვაციური პროგრამული გადაწყვეტა აქვს მარიხუანის ბიზნესებისათვის. ეს პროგრამა „მარცვლებიდან გაყიდვამდე“ ადევნებს თვალს კანაფით მოვაჭრე კომპანიების გაყიდვებს, ინვენტარს, წარმოებას და კულტივაციას. 2015 წელს ეს კომპანია INC-ის ყველაზე სწრაფად მზარდი 5000 კომპანიის სიაში მოხვდა.

 

არის ასევე ისეთი კომპანიები, როგორიცაა ლიფლი, რომელსაც ინტერნეტში კანაფის შესახებ ყველაზე მეტი ინფორმაცია მოეპოვება. მის საიტს 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და ეს მაჩვენებელი იზრდება. მას წარმოუდგენლად დიდი მონაცემთა ბაზა აქვს შტამებისა და ადამიანზე მათი ზეგავლენის შესახებ, ასობით ამბავი და სტატია მთელ მსოფლიოში კანაფის გამოყენების თაობაზე და ინტერნეტის აპლიკაცია, რომელიც უახლოეს დისპანსერს გაპოვნინებთ. სნუპ დოგმა კლიენტებისთვის ბალახის მიტანა-მიყიდვის თავისი სერვისიც კი შექმნა სახელწოდებით Eaze, რომელიც შეკვეთილ ბალახს სახლის კარებთან რამდენიმე წუთში მოგიტანთ! თუ საკვების ფორმით მოხმარება მოგწონთ, Bhang Medicinal Chocolate კანაფის შემცველი შოკოლადისა და კამფეტების დიდ არჩევანს შემოგთავაზებთ. 2014 წელს მათ გასაოცარ შედეგს მიაღწიეს და 37 მილიონი დოლარი მოიგეს, ამჟამად კი კოლორადოსა და ვაშინგტონში მუშაობენ. ისე ჩანს, რომ ამ ბაზარზე ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობები უსასრულოა.

 

Tokyo Smoke-ის დირექტორის, ალან გერტნერის პროგნოზით, კანაფის ეკონომიკის მოცულობა 100 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეს პროგნოზი გაზვიადებული რომც იყოს, სისულელე იქნება, თუ სათანადოდ არ შევაფასებთ იმ დადებით ზეგავლენას, რომელიც მან შეიძლება მსოფლიო ეკონომიკაზე მოახდინოს. კანადა ბალახის ლეგალიზაციას 2018 წელს აპირებს და ეს ქვეყანა შეიძლება ახალ და განვითარებად ლეგალურ ბაზარზე ლიდერიც გახდეს და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს ამ მხრივ მაგალითი მისცეს.

 

მარიხუანის ლეგალიზაცია და არასრულწლოვანები:

 

წლების განმავლობაში მარიხუანის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი არასრულწლოვანების მიერ მისი მოხმარების სიხშირეზე ლეგალიზაციის შესაძლო ზეგავლენაა. მათი აზრით, ლეგალიზაციით ბავშვებს ვეუბნებით, რომ მარიხუანის მოწევა კარგია, ძირითადი პრობლემა კი მოზარდების გონებაზე მარიხუანის შესაძლო ზეგავლენაა.

 

მათი შიში სრულიად უსაფუძვლო არ არის და საფრთხეებზე რამდენიმე კვლევაშიცაა საუბარი. დიუკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევაში გაანალიზებულია ახალ ზელანდიაში მცხოვრები ადამიანების მონაცემები და შედარებულია მარიხუანის მომხმარებლებისა და არამომხმარებლების ინტელექტუალური მონაცემები ბავშვობიდან 38 წლამდე. კვლევის ავტორი მადელაინ მაიერი ამბობს: „გაირკვა, რომ ისინი, ვინც მარიხუანის მოხმარება 20 წლამდე ასაკში დაიწყო და შემდგომში მრავალი წლის განმავლობაში არ შეუწყვეტია, ბავშვობიდან მოზრდილობამდე ინტელექტუალური მონაცემების შეფასებაში დაახლოებით რვა ქულას კარგავენ ... მაშინ, როცა მათ, ვინც მარიხუანას არ მოიხმარდა, ქულები საერთოდ არ დაუკარგავთ“. ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ გვიჩვენა, რომ 20 წლამდე ასაკის ადამიანებს, რომლებიც კანაფს ყოველდღიურად მოიხმარენ, 60%-ზე მეტი შანსი აქვთ, რომ სკოლა ვერ დაამთავრონ, ვიდრე მათ, ვინც მარიხუანას არ მოიხმარს. მათ აგრეთვე 60%-ზე მეტი შანსი აქვთ, რომ კოლეჯი ვერ დაამთავრონ, და შვიდჯერ მეტი შანსი, რომ ოდესმე თვითმკვლელობა სცადონ.

 

კანადაში ბალახის ლეგალიზაციის მხარდამჭერი კამპანიის დროს, ჯასტინ ტრიუდომ რამდენიმეჯერ აღიარა, რომ არასრულწლოვან ასაკში მისი გამოყენება პრობლემებს ქმნის, მაგრამ იმავდროულად ამტკიცებდა, რომ ლეგალიზაცია 20 წლამდე ასაკში კანაფის მოხმარების საწინააღმდეგო ყველაზე ჭკვიანური და ეფექტური გზა იქნება. მისთვის ეს ლეგალიზაციის სასარგებლო არგუმენტაციის ქვაკუთხედი გახდა. 2016 წლის ივნისში მან ეკონომიკის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვა წარმოთქვა და ამ საკითხისადმი საკუთარი მიდგომაც ჩამოაყალიბა.

 

„მარიხუანის ლეგალიზაციისადმი ჩვენი მიდგომა საფირმო მაღაზიების მრეწველობის შექმნა ან საგადასახადო შემოსავლების მიღება არ არის. ის ორ ძალიან მარტივ პრინციპს ეფუძნება.

 

პირველი, რაც უნდა ითქვას, ისაა, რომ ახალგაზრდებს კანადაში ახლა უფრო ადვილად მიუწვდებათ ხელი კანაფზე, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყანაში. გაერო-მ 29 სხვადასხვა ქვეყანაში ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ კანადაში არასრულწლოვანებს მარიხუანაზე ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით უფრო ადვილად მიუწვდებათ ხელი. რაც არ უნდა იფიქროთ და რამდენმა კვლევამაც არ უნდა დაადგინოს, რომ კანაფს ნაკლები ზიანი მოაქვს, ვიდრე ალკოჰოლს და თამბაქოსაც კი, ფაქტია, რომ ის მოზარდის ტვინისათვის მავნებელია. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ კანადელ არასრულწლოვანებს მარიხუანაზე ხელი ნაკლებად მიუწვდებოდეთ. ამის მისაღწევად კი კონტროლირებადი და დარეგულირებული რეჟიმია საჭირო...

 

...ეჭვი არ მეპარება, რომ კანადელები და მეწარმეები ძალიან ინოვაციურად მიუდგებიან ამ საკითხს და გამონახავენ საშუალებებს, რომ მარიხუანის ლეგალიზაციამ და კონტროლმა დადებითი ეკონომიკური შედეგები მოიტანოს, ხოლო ჩვენ ყურადღებას ბავშვებისა და ქუჩების დაცვაზე გავამახვილებთ.“

 

ამ განცხადებებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კოლორადოდან მიღებული სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. კოლორადოელი არასრულწლოვანების მიერ მარიხუანის მოხმარება გასული 20 წლის განმავლობაში მუდმივად მცირდება. კოლორადოს ამჟამინდელი მაჩვენებელი საშუალო ეროვნულზე დაახლოებით 3%-ით უფრო დაბალია, ოღონდ გააჩნია, შეფასებები დროის რომელ მონაკვეთშია გაკეთებული. ბოლო კვლევები გვიჩვენებს, რომ ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება და რომ ლეგალიზაციას არასრულწლოვანების მიერ მარიხუანის მოხმარების კლებაზე არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია.

 

ამ ტენდენციას შეიძლება რამდენიმე ახსნა მოეძებნოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჩემი აზრით, ისაა, რომ კოლორადოს შტატმა მოსახლეობის გათვითცნობიერებისა და განათლების პროგრამებში დიდი ფული ჩადო. კოლორადოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტმა (კსჯგდდ) ჩაატარა კამპანია სახელწოდებით „კარგი იქნება იცოდე“, რომლის ფარგლებშიც მშობლებს, მასწავლებლებს, მწვრთნელებსა და დამრიგებლებს აცნობდა შესაბამის ხერხებს, რჩევებსა და ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რატომ არ უნდა მოსწიონ მარიხუანა არასრულწლოვანებმა და ახალგაზრდებმა. საგანმანათლებლო კამპანიას გუბერნატორი ჯონ ჰიკენლუპერი ხელმძღვანელობდა. კამპანიის ფარგლებში ტელევიზიით, რადიოთი, სოციალური ქსელებით და თვით „დენვერ ბრონკოსის“ თამაშების დროს სარეკლამო მასალა ვრცელდებოდა. კსჯგდდ-მა საიტიც გახსნა, რომ მშობლებს მისი მეშვეობით შვილებთან ახალგაზრდულ ასაკში მარიხუანის მოხმარების შესახებ ღიად საუბარი შეძლებოდათ. ამ მეთოდის გააზრებული საგანმანათლებლო ხასიათი უდავოდ გახდა მისი წარმატების მიზეზი.

 

ამას გარდა, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ლეგალიზაციის გამო არ გადაუწყვეტიათ, რომ ბალახის შოვნა უფრო ადვილი გახდა. 1975 წლის შემდეგ საშუალო სკოლების მოსწავლეების 80% ამბობს, რომ კანაფის შოვნა ადვილია. ამ მაჩვენებელმა შემცირება მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში დაიწყო. კანაფის შავი ბაზრის სრული გაქრობით 20 წლამდე ასაკის მოზარდებს კანაფის შოვნა უფრო გაუძნელდებათ. რაც უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით მათ და მარიხუანას შესახებ რაც უფრო სერიოზულად და აზრიანად დაველაპარაკებით, არასრულწლოვანთა მიერ მარიხუანის მოხმარება მით უფრო შემცირდება.

 

ეს მხოლოდ ორია იმ ძირითად მიზეზთა შორის, თუ რატომ უნდა წარმოიქმნას დიდ ბრიტანეთში კანაფის ლეგალური და დაბეგრილი ბაზარი. პატივი უნდა ვცეთ ზრდასრული ადამიანების უფლებას, თვითონ გადაწყვიტონ, თუ როგორ მოექცნენ საკუთარ სხეულს, და ნარკოპოლიტიკის სფეროში უფრო გააზრებული და თანამედროვე მიდგომები უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

 

ჯოშ ჰამილტონი

TheJist.co.uk-ის რედაქტორი

2017 წ. 26 სექტემბერი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner