logo_geo
eng_logo
სკოლის კონსულტანტ ფსიქოლოგს შეეძლება სპეციალური მასწავლებელი გახდეს
- +

22 სექტემბერი. 2018. 19:57

 

სპეციალური მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილება უკვე ძალაშია. სპეცმასწავლებლების რიცხვი ქვეყანაში 2000–მდეა და მათთან ერთად ინკლუზიური მიმართულებით მუშაობენ კონსულტანტი ფსიქოლოგებიც, რომელთაც სპეცმასწავლებლების ანალოგიური დატვირთვა აქვთ. edu.aris.ge-ს ინფორმაციით, ფსიქოლოგების ანაზღაურება სპეცმასწავლებლების მსგავსი პრინციპით არ გაზრდილა. თუმცა, როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ფსიქოლოგ კონსულტანტთა მუშაობა უფრო მოქნილი გახდა და მათ აქვთ შესაძლებლობა რომ გაზრდილი ანაზღაურება მიიღონ.

 

როგორც edu.aris.ge-სთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსი ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, სპეციალური მასწავლებლები გაზრდილ ანაზღაურებას 2018 წლის სექტემბრის თვიდან მიიღებენ.

 

რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს სპეციალური მასწავლებლების მსგავსად, ხელფასი არ ემატებათ ფსიქოლოგებს, ეკატერინე დგებუაძე განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია არასწორია.

 

„ეს ადამიანები, ვინც დღეს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერები იყვნენ, მათ შორის ფსიქოლოგები, მათი სამუშაო აღწერილობა იყო იგივე, რაც სპეციალური მასწავლებლების. ამიტომ, სწორედ იმის გამო, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობენ იგივე სამუშაო აღწერილობით, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მიგვეცა საშუალება ამ ადამიანებისთვის არჩევანი გაეკეთებინათ და დაშვება გავაკეთეთ კანონში. კერძოდ, ვისაც სურვილი ექნება, აღიარებული იქნება სპეციალურ მასწავლებლად. ზოგს უნდა, რომ დარჩეს ფსიქოლოგად და ზოგს სურს, რომ გადავიდეს, პროფესია შეიცვალოს და გახდეს სპეცმასწავლებელი", - ამბობს დგებუაძე.

 

მისივე თქმით, ვინც გახდება სპეციალური მასწავლებელი, ის აიღებს მასწავლებელთან გათანაბრებულ ხელფასს.

 

„რაც შეეხება მათ, ვინც გადაწყვეტს, რომ უნდა ფსიქოლოგად დარჩენა, გეტყვით, რომ დამატებითი დაფინანსება გაიზარდა. ასევე მოსწავლეების რაოდენობაც შევამცირეთ, ანუ, 5 ბავშვზე ერთხელ სკოლა მიიღებს დამატებით დაფინანსებას 500 ლარს და სწორედ ამ დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, სკოლას შეუძლია გაუფორმოს კონტრაქტი ფსიქოლოგს და აი ამ თანხიდან გასცეს მისთვის ხელფასი.

 

აქამდე, ყოველ 7 ბავშვზე სკოლას ეძლეოდა 350 ლარი. ახლა კი 5 მოსწავლეში ერთხელ ვაძლევთ 500 ლარს. თუ სკოლას 7 (ინკლუზიური მოსწავლე) ჰყავს, მიიღებს 1000 ლარს, თუ 11 ჰყავს მიიღებს 1500 ლარს.

 

ამ დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც არის მხარდამჭერი ფული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის, სკოლა გადაწყვეტს ფსიქოლოგი სჭირდება, ასისტენტი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, თუ რა სხვა სპეციალისტი სჭირდება და საათების მიხედვით დაიქირავებს და გადაუხდის შესაბამის ანაზღაურებას. შესაბამისად, ლოგიკურად, ფსიქოლოგი მიიღებს უფრო მეტს, ვიდრე აქამდე ჰქონდა.

 

ამ ეტაპზე ჩვენ ინსტრუქციებსაც ვაკეთებთ, რომელიც დაეგზავნებათ სკოლებს და იქ გამოჩნდება, რომ ფსიქოლოგი იმაზე მეტს მიიღებს, ვიდრე ღებულობდა აქამდე. უბრალოდ საათობრივი დატვირთვით განისაზღვრება მათი ხელფასი“, - აღნიშნავს დგებუაძე.

 

ცნობილია, რომ საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, მიმდინარე თვიდან, სპეციალური მასწავლებლის ხელფასის დაანგარიშება საჯარო სკოლის მასწავლებლის მსგავსად, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება და მათი საშუალო ხელფასი 400-500 ლარი იქნება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner