logo_geo
eng_logo
უკრაინაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა
- +

13 ოქტომბერი. 2018. 21:24

 

 

13 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოში, უკრაინაში საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის მოწვევით გაიმართა შეხვედრა სრულიად უკრაინაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლების და ქართული ხალხური ცეკვებისა და სიმღერის ანსამბლების ხელმძღვანელებთან. ღონისძიებაზე ასევე მოწვეულები იყვნენ უკრაინაში მოღვაწე ქართველები.

 

სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ, რომელიც სპეციალურად ესტუმრა ქ. კიევს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით. ელჩმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრით აღსდგა საელჩოში დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელების შეხვედრების ადრე არსებული ტრადიცია. რატი ბრეგაძემ თავის მხრივ ისაუბრა იმ ნოვაციებზე, რომელიც დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა შეიმუშავა ბოლო პერიოდის განმავლობაში და წარმოადგინა სახელმწიფო სტრატეგია დიასპორასთან მიმართებაში. დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა რ. ბრეგაძის მიერ გაჟღერებულმა ინფორმაციამ, სპეციალურად საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად იქნა შემუშავებული.

 

შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სტუმრებს საშუალება მიეცათ ესაუბრათ იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომლებიც მათ აწუხებთ ან პრობლემებს უქმნით ადგილსამყოფელ ქვეყანაში ცხოვრების პროცესში. საუბარი შეეხო ასევე ახალი საკვირაო სკოლების გახსნის აუცილებლობას უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში.

 

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩს გელა დუმბაძეს, უკრაინულ ენაზე გამოცემული მისი ნოველების კრებულისათვის "მე, მორბენალი", უკრაინის ჟურნალისტების ნაციონალური გაერთიანების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის სახელით, მე-14 სრულიად ეროვნული კონკურსის „უკრაინული ენა-ერთობის ენა“ ფარგებში გადაეცა საპატიო ჯილდო და ლაურეატის დიპლომი.

 

შეხვედრამ უაღრესად საქმიან და თბილ გარემოში ჩაიარა.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner