logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: მსგავსი ტენდენციური სიუჟეტი, პირველ რიგში, ზიანს აყენებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
- +

14 ოქტომბერი. 2018. 17:16

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე 13 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

 

„მოგახსენებთ, რომ „კურიერის“ ეთერში გასულ სიუჟეტში, რომელიც პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების ე.წ. ფეშენებელურ სახლებს დაეთმო, მაყურებელმა ნახა ჩემი საცხოვრებელი სახლი ტაბახმელაში, რომლის საერთო ფართი შეადგენს 229 კვმ. ერთი საკითხია თუ რამდენად აკმაყოფილებს არაძვირადღირებული მასალით აშენებული სახლი „ფეშენებელური“ სახლის სტანდარტს, ხოლო მთავარი თემაა ის ინფორმაცია, რომელიც გუშინ შეგნებულად არ ახსენა ტელეკომპანიამ. ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია, საზოგადოებას, როგორც საჯარო პირმა გაუწყოთ, რომ სახლი, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი გრძელვადიანი (10 წლიანი) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე შევიძინე 2017 წელს. საგულისხმოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმებული მაქვს „თი-ბი-სი“ ბანკთან, სადაც მერიცხება ჩემი კუთვნილი ხელფასი. სახლი არც უცხო პირზე და/ან ნათესავზე არ აღმირიცხავს და ის სხვა ჩემს სრულიად ლეგალურ ქონებასთან ერთად ასახულია ჩემს დეკლარაციაში. რატომ ვთვლი, რომ შეგნებულად არ გამოიყენა ეს ინფორმაცია ტელეკომპანიამ? გადაცემის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ, მე თავად დავუკავშირდი ჟურნალისტს და სატელეფონო კომენტარიც ჩავაწერინე. მივაწოდე დეტალური ინფორმაცია ხსენებულ საცხოვრებელ სახლზე“, - განმარტა მანანა კობახიძემ.

 

კობახიძის თქმით, ტაბახმელაში მდებარე სახლთან ერთად, 1994 წლიდან ფლობს 100 კვადრატული მეტრის ფართობის ბინას თბილისში, აბაშიძის ქუჩაზეც.

 

„ასევე თუკი საზოგადოებისთვის ეს საინტერესოა, მინდა გაცნობოთ, რომ 2012 წლამდე ბევრად ადრე, 1994 წლიდან, საცხოვრებელი ბინას (100კვმ) პატარა ეზოთი, ვფლობ თბილისში, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზეც.

 

დღეს მე არ წარმოვადგენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, შესაბამისად, მსგავსი ტენდენციური სიუჟეტი პირველ რიგში ზიანს აყენებს ინსტიტუციას - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. მაშინ როცა, საკონსტიტუციო სასამართლომ ბოლო რამდენიმეწლიანი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის დამოუკიდებელი, გამჭვირვალე ინსტიტუტი და მის საქმიანობას მაღალ შეფასებებს აძლევენ ევროპისა და ამერიკის საერთაშორისო ორგანიზაციები თუ მაღალი რანგის პირები. ამაზე მეტყველებს, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტით იმყოფებოდა“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner