logo_geo
eng_logo
როგორი ავტობუსები იმოძრავებენ თბილისში
- +

18 ოქტომბერი. 2018. 20:53

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე პოლონეთში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება. დედაქალაქის მოსახლეობას აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული, დიზელზე მომუშავე 90 ერთეული ავტობუსი რამდენიმე თვეში მოემსახურება.

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მომავალი წლის ბოლომდე დედაქალაქის მერია დაახლოებით, 550 ერთეული ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.

 

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 2019 წლის ბოლოსთვის ვაპირებთ, ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსებით სრულად ჩავანაცვლოთ. ე.წ. ყვითელი ავტობუსები ეკოლოგიური თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენს. ასევე, ამ ავტობუსებით გადაადგილება მგზავრებისთვის დისკომფორტია. 90 ავტობუსი, რომელიც თბილისში რამდენიმე თვეში შემოვა, საკმარისი არ არის. ამიტომ, გვინდა, 2019 წლის ბოლომდე დაახლოებით, 500-550 ერთეული ავტობუსი შემოვიყვანოთ, რომელიც სხვადასხვა ზომის – რვა-ათი და 12-მეტრიანი (CNG–ძრავით (ბუნებრივი აირი), დიზელზე მომუშავე (ევრო–6), ელექტროავტობუსები) იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა MAN-ის ავტოპარკი დაათვალიერა და საზოგადოებას ავტობუსების ფერის შერჩევის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა. სავარაუდო ფერად მწვანე და თეთრის კომბინაცია დასახელდა.

 

„მწვანე პოლიტიკა და ეკოლოგია რადგან ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვფიქრობთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მწვანე ფერის იყოს. შეიძლება იყოს ორ ფერშიც, არ არის გამორიცხული. ამ ყველაფერზე ერთად ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ. არ არის გამორიცხული, პროცესში ქართველი დიზაინერებიც ჩავრთოთ, რომ თბილისს ბრენდირებული ავტობუსები ჰყავდეს. ჩვენი ქალაქი და მოსახლეობა იმსახურებს, რომ ავტობუსები, რომელსაც უახლოეს მომავალში შევიძენთ, განსხვავებული იყოს. ძალიან მიხარია, რომ ქალაქს განახლებული ავტოპარკი ექნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძე ვიზიტის ფარგლებში, ხვალ გერმანიის ქალაქ მიუნხენსაც ეწვევა, სადაც ავტობუსების დიზაინისა და ფერების შერჩევა მოხდება. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, დედაქალაქის მთავრობა საზოგადოებასთან ერთად მიიღებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner