logo_geo
eng_logo
კახა კალაძე ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალს დაესწრო
- +

21 ოქტომბერი. 2018. 18:21

 

 

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი გრძელდება.

 

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად დაესწრო.

 

კახა კალაძემ ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი პური დააგემოვნა და მწარმოებლებს გაესაუბრა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში პირველად იმართება პურის ფესტივალი. ბოტანიკურ ბაღში, ორი დღის განმავლობაში ხალხმრავლობაა. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ჯიშის, ქართული პურის სახეობები. დაახლოებით, 150-მდე ჯიშის პურის სახეობა იყო საქართველოში, თუმცა სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ 53 სახეობა მოიპოვება. ბოტანიკის ინსტიტუტში ხდება მათი შენახვა, გამრავლება, შემდეგ კი ფერმერებს გადაეცემათ, რათა ეს ყველაფერი საბოლოოდ პურის სახით მოვიდეს ჩვენამდე. კარგია, რომ ამდენი ადამიანი, ბევრი ტურისტია ფესტივალზე და მიხარია, რომ შემოდგომის ამ მზიან დღეს ასეთი კარგი განწყობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მერის მოადგილის მაია ბითაძის თქმით კი, ფესტივალის მიზანია, როგორც ხორბლის უძველესი ქართული ჯიშების, ასევე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციის გაზრდა.

 

„ამ ღონისძიების მიზანია, ქართული ხორბლის პოპულარიზაცია. 25-მდე კომპანიას აქვს წარმოდგენილი თავისი პროდუქტი და ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ხორბლის უძველესი ქართული ჯიშების პოპულარიზაციას, ასევე, მეორე მხრივ, ბოტანიკური ბაღის ტურისტული მიმზიდველობის გაზრდას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

 

დღესვე, ფესტივალის ფარგლებში, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანებამ, რომელიც გადაშენების პირას მყოფი ძველი ქართული ჯიშის ხორბლის და მივიწყებული მარცვლეული კულტურების აღდგენის მიმართულებით მუშაობს, ფერმერებს ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები საზეიმოდ გადასცა.

 

ბოტანიკური ბაღის დირექტორის თამაზ დარჩიძის ინფორმაციით კი, პურის ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს.

 

ფესტივალს მერთან ერთად, საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი სტუმრობდა. 

 

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პირველი პურის ფესტივალი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. ბოტანიკური ბაღის კოლექციაში უძველესი, იშვიათი და გადაშენების პირას მისული ქართული მარცვლოვანი კულტურები ინახება. ფესტივალის იდეის წარმოშობა სწორედ ამან განაპირობა.

 

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში მოქმედ პურის მწარმოებელ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა მიეცათ.

 

პურის ფესტივალი ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში მიმდინარეობს, სადაც წარმოდგენილია, როგორც ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურები, ასევე, ქართული და უცხოური პური, რომელიც საქართველოში იწარმოება.

 

ფესტივალი თბილისის მერიისა და ქართული გენეტიკის სურსათი „გემოვანის“ მხარდაჭერით ტარდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner