logo_geo
eng_logo
დედაქალაქში 2019 წლის ბოლოს მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტი განხორციელდება
- +

22 ოქტომბერი. 2018. 12:16

 

დედაქალაქის მერია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, 2019 წლიდან სრულიად ახალი, დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს განვითარების პროექტს იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის ინიციატივის - „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაახლოებით, რვა ახალი მეტროსადგური აშენდება. მიწისზედა მეტროსადგურ „სამგორიდან“ ლილოს მიმართულებით იმოძრავებს.

 

„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თანადგომით, მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ პროექტი, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაიწყება - ეს არის ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ასევე, სამგორი-აეროპორტი - აეროპორტი-სამგორის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, რვა ახალი მეტროსადგური აშენდება და 90 მილიონი დოლარი დაიხარჯება. აქედან 30 მილიონ დოლარამდე არის მეტროს ვაგონების ღირებულება. დანარჩენი კი, ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა გათვლილი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ახალი მიწისზედა მეტრო 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი მეტრო 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება. პირველ ეტაპზე, ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ექვსი სრულიად ახალი შემადგენლობა იმოძრავებს. თავდაპირველად, მოცდის შუალედი ათი წუთი იქნება, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში, შუალედს შევამცირებთ, ვაგონების რაოდენობას კი გავზრდით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიის პროექტი და მათ შორის მიწისზედა მეტროს მშენებლობა თბილისში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

 

„ვფიქრობ, ჯამში ეს ყველაფერი რეალურად შექმნის საფუძველს იმისთვის, რომ ქალაქში დამკვიდრდეს წესრიგი, შეიქმნას სუფთა გარემო და კომფორტი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ გეგმის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ცენტრალური ხელისუფლების თანადგომის გარეშე. ეს არის ის მიმართულება, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. მგონია, რომ იმ პროექტებით, კონკრეტულად კი, მიწისზედა მეტროს მშენებლობით, რომლის განხორციელებაც მომდევნო წლების განმავლობაში იგეგმება, თითოეული თბილისელი იამაყებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner