logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: რაც 7 ნოემბერს მოხდა, არის დანაშაული და ბუნებრივია, დანაშაულში მონაწილე პირები ამას არ დაადასტურებენ
- +

8 ნოემბერი. 2018. 20:38

 

 

რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ მას არ ჰქონდა იმედი, რომ ბადრი ბიწაძე სასამართლოზე დანაშაულებრივ ბრძანებას დაადასტურებდა.

 

„ჩვენც არც გვქონდა იმედი, რომ დანაშაულებრივ ბრძანებას დაადასტურებდა, რადგან ბრძანება იყო დანაშაულებრივი. 7 ნოემბერს რაც იყო ჩადენილი, იყო დანაშაული და მაშინდელი ხელისუფლებაც არ უარყოფს ამას. ქალაქის მერმა და სხვა ყოფილმა მაღალჩინოსნებმაც გააკეთეს ამაზე განცხადებები, მაგრამ ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო დანაშაული. მაგის გამო არის პასუხისგებაში მიცემული ივანე მერაბიშვილიც და სხვებიც. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ყველაფერი, რასაც ვლაპარაკობთ და რისი საბუთებიც გაგვაჩნია, დავამტკიცოთ“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

 

ხაინდრავას განცხადებით, სასამართლო პროცესზე ბადრი ბიწაძეს ჰკითხა, კონკრეტულად რომელი განსაკუთრებული რეფორმა ჩატარდა სასაზღვრო პოლიციაში ეკა გიგაურის მუშაობის პერიოდში, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია. მისივე თქმით, სიცრუეა, თითქოს ეკა გიგაურმა კაპიტნის წოდება რეფორმების გამო მიიღო და არა 7 ნოემბრის მოვლენების გამო.

 

„ჩვენ შევეცდებით, გავარკვიოთ, რა რეფორმა ჩატარდა, მაგრამ იმ პერიოდში, სანამ შემდეგი პროცესი იქნება, შსს-ს მოვთხოვთ საბუთებს, თუ რა განსაკუთრებული რეფორმები ჩატარდა. საზღვრის დაცვის რეფორმა, რაშიც კაპიტანმა გიგაურმა მიიღო წოდება, ეს ისეთივე სიცრუეა, როგორც ის, რომ სპეცრაზმი არ მოქმედებდა 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე. რაც შეეხება ბატონ მერაბიშვილს, ის არ მოვიდა, რადგან სასამართლოზე მასაც ტყუილი უნდა ეთქვა. მას არაერთი ტყუილი უთქვამს ზოგადად, მაგრამ დრო წინ არის და ჩვენ ამ საკითხს არ მოვეშვებით. ის, რაც 7 ნოემბერს მოხდა, არის დანაშაული და ბუნებრივია, ამ დანაშაულში მონაწილე პირები ამას არ დაადასტურებენ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის სასამართლო დავაზე დღეს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე დაიკითხა. ბადრი ბიწაძემ ისაუბრა, თუ რა დამსახურების გამო მიანიჭეს ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე და განაცხადა, რომ ეს სასაზღვრო პოლიციაში რეფორმებს უკავშირდებოდა. ბიწაძის თქმით, 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე სასაზღვრო პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა. სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ასევე გაიხსენა, რატომ ჩაურიცხეს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების რაზმის წევრებს პრემიები. როგორც ბიწაძემ აღნიშნა, ეს დაკავშირებული იყო საზღვრის რთული პერიმეტრების დაცვასთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×