logo_geo
eng_logo
თამარ ფოცხიშვილი: არჩეული პრეზიდენტისთვის დამახასიათებელია სისადავე, აქ არ შეიძლება ზედმეტი პომპეზურობა
- +

6 დეკემბერი. 2018. 19:57

 

 

„არჩეული პრეზიდენტისთვის დამახასიათებელია სისადავე, პირდაპირობა, აქ არ შეიძლება ზედმეტი პომპეზურობა“, - ამის შესახებ ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა, მხატვარმა თამარ ფოცხიშვილმა განაცხადა.

 

„პირველი სამუშაო იქნება გადაწყვეტილების მიღება იმაზე, თუ რა მიმართულებით იქნება ძირითადი სცენა აწყობილი, მეორე იქნება აზომვითი სამუშაო. უამრავი სტუმარი ჩამოდის და ტრიბუნების განლაგება ჩემთვის ერთ-ერთი სერიოზული ამოცანაა. რაც მთავარია, ეს სტილისტურად ისე უნდა გადაწყდეს, რომ ორგანული იყოს გარემოსთვის, აქ მთავარი გარემოა“, - განაცხადა ფოცხიშვილმა.

 

რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად ბატონის სასახლის ციხე-გალავნის რა ნაწილში იქნება ცერემონია, თამარ ფოცხიშვილი აცხადებს, რომ ზედა ნაწილი ჯობია, რადგან იქიდან კადრში შეიძლება მოხვდეს როგორც ეკლესია, ასევე მეფის სასახლე.

 

„ზედა ნაწილი უკეთესია, კადრში შეიძლება ერთდროულად მოხვდეს როგორც ეკლესია, ასევე საერო ნაგებობა, მეფის სასახლე. ამ ორივეს იმდენად სერიოზული ფუნდამენტური დატვირთვა აქვს, კარგი იქნება, ორივე ხვდებოდეს კადრში“, - განაცხადა თამარ ფოცხიშვილმა.

 

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე პომპეზურობა არ იქნება.

 

„არჩეული პრეზიდენტისთვის დამახასიათებელია სისადავე, პირდაპირობა. აქ არ შეიძლება ზედმეტი პომპეზურობა და ისეთი ტიპის დეკორი, რომელიც შეიძლება ადრე გამოგვიყენებია. აქ იმდენად ძირძველი, ტრადიციული, კახური გარემო გვაქვს, რომ აქედან შორს წასვლა არ შეიძლება, ყველანაირად ვეცდები აუთენტურობა იყოს შენარჩუნებული“, - განაცხადა ფოცხიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner