logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ყოველ ეპოქას თავისი ჰეროდე ჰყავს... ჩვენს დროშიც მისი მოქმედებანი სხვა და სხვა სახით ვლინდება
- +

11 იანვარი. 2019. 20:45

 

 

ყოველ ეპოქას თავისი ჰეროდე ჰყავს, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება ბოროტ, ბილწ საქმეთ, არ ერიდება არც უდანაშაულო ყრმათა მოწყვეტას, ოღონდ ადამიანები თავის მონობაში ამყოფოს და შემოქმედი დაავიწყოს, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.

 

უწმინდესისა და უნეტარესის თქმით, „ჩვენს დროშიც მისი მოქმედებანი სხვა და სხვა სახით ვლინდება".

 

„პირველი ვინ მიეახლება ბეთლემელ ყრმას? პირველი ვინ იგრძნობს და ვინ შეეგებება მომხდარ სასწაულს? - ძველი აღთქმის მართალი იოსები, უბრალო მწყემსნი და წარმართული სამყაროს ბრძენნი, - შორეული სპარსეთიდან (ასურეთიდან) უჩვეულო ვარსკვლავის მსვლელობას გამოყოლილი მოგვნი, რომელთაც საოცარი სიმბოლური შესაწირი, - ოქრო, გუნდრუკი და მური, - მიართვეს მას. ოქრო - ვითარცა მეფეს, გუნდრუკი - ვითარცა ღმერთს, და მური - ვითარცა ღმერთკაცს, რომელიც კაცობრივი ბუნებით უნდა მომკვდარიყო და შეემურვათ.წმინდა იოანე ოქროპირი ამ სამ ძღვენში ხედავს ადამიანისთვის უმთავრეს სიკეთეთაც: ჭეშმარიტ რწმენას, სასოებასა და სიყვარულს, რომელთა აუცილებელი ერთობაც განაპირობებს ნებისმიერი პიროვნების უფლისკენ სწორად სვლას. ინებოს ღმერთმა, ჩვენც, მოგვთა მსგავსად, ნელ-ნელა ავმაღლდეთ გულისხმისყოფისა და სრულყოფის კიბეზე, შევიმოსოთ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით, რომ ვპოვოთ ბეთლემის ბაგასა შინა მწოლი იესო და განვეშოროთ უკეთურ ბრძანებებსა და მზაკვრობას ჰეროდე მეფისას, რომელმაც 14 000 ყრმა მოაკვლევინა იმ იმედით, რომ მათ შორის მოაკვდინებდა ახლადშობილ ძეს ღვთისას (მასში მომავალ მეფეს და მეტოქეს ხედავდა) და ამით თავის ამქვეყნიურ მეფობას გაიხანგრძლივებდა. საუკუნეთა მანძილზე უფლამდე მისასვლელი გზა მუდამ ნარ-ეკლიანი იყო, ვიწრო და ძნელად სავალი, რადგან ყოველ ეპოქას თავისი ჰეროდე ჰყავს, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება ბოროტ, ბილწ საქმეთ, არ ერიდება არც უდანაშაულო ყრმათა მოწყვეტას, ოღონდ ადამიანები თავის მონობაში ამყოფოს და შემოქმედი დაავიწყოს. ჩვენს დროშიც მისი მოქმედებანი სხვა და სხვა სახით ვლინდება: აბორტით მოწყვეტილ ჩვილთა სისხლი ცას შეჰღაღადებს, ნარკომანია, აზარტული თამაშები თუ უზნეო ცხოვრების წესი ათასობით ახალგაზრდას იწირავს და ეს დანაშაულებანი ჩვენგან პასუხს ითხოვს. ჰეროდესეული სული იმასაც ცდილობს, ისეთი გარემო დაამკვიდროს, სადაც მისაბაძი აღარ იქნება სხვისთვის არა თუ თავის გაწირვა, ნაცვალგების გარეშე სიკეთის ქმნაც კი; მისაბაძი აღარ იქნება ზნეობრიობა და სიწმინდე და ადამიანებს დახშული ექნებათ სინდისის ხმა. ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ სიმართლე და სიკეთე განქარდება, ურთიერთპატივისცემა და პატიოსნება დაიკარგება, რაღა იქნება ჩვენი ყოფა?! თუ მეგობრობა, სიყვარული და თანადგომა ადამიანთა ბუნებიდან წარიხოცება, ვინ შეძლებს ამგვარ სივრცეში ცხოვრებას?! ასეთი საზოგადოება ხომ თავისთავად გახდება სიცოცხლის უუნარო და გადაგვარებისათვის განწირული, რადგან მას აღარ ექნება ძალა ბოროტების შეჩერებისა და ცოდვისთვის წინააღმდეგობის გაწევისა? ამასთან, გაქრება ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ზღვარიც, - ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის. სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა თანდათან ჩვენთანაც ფეხს იკიდებს და ხალხს შიში და უიმედობა იპყრობს, მაგრამ არ უნდა გავტყდეთ, არ უნდა დაგვაბრკოლოს არც გამრავლებულმა ღალატმა და გაუტანლობამ, არც შურმა და მზაკვრობამ. დროა ასეთი! არსებული რეალობა უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი რწმენის დიდი გამოცდა და შევძლოთ, განვეშოროთ ბოროტებას, ჩვენდამი ჩადენილ ავ საქმეთა გამო, - სამაგიეროს გადახდას; ვეცადოთ, არ დავკარგოთ მომავლის იმედი, არ დავკარგოთ მოყვასის სიყვარული და მისდამი თანადგომის სურვილი, არ დავკარგოთ ღირსება და ძალისამებრ ჩვენისა, სიკეთით ვუპასუხოთ გამოწვევებს. შევნიშნავთ იმასაც, რომ არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც. თავისთავად სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედიაც და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს და ნანახისა თუ ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა. დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს. ამის მოქმედთ, ალბათ, ჰგონიათ, რომ რაკი სხვასზე ფიზიკურად არ ძალადობენ და სხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, რადგან მას ქმნადობის უნარი გააჩნია. არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა - სიკვდილის ტოლფასი. ამასთან, არც ერთი ჩვენი ნათქვამი არ ქრება და იგი ჩვენი მამხილებელი იქნება ღვთის წინაშე. მაცხოვარი ბრძანებს: „ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სასამართლოში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას, რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში უნდა ჩავარდეს” (მათე 5,22).

 

იაკობ მოციქულიც მეტად მკვეთრ შეფასებას აძლევს ავის-მთქმელთ: „...…ენა ცეცხლია, უსამართლობის სამყაროა იგი ...…ის ბილწავს მთელს სხეულს ... დაუკავებელი ბოროტებაა და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე. მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. . . ასე არ უნდა იყოს” (იაკობი 3, 6-10). თითოეული დღე, საათი და წუთი აღბეჭდილია ჩვენი კარგი ან ცუდი ქმედებით, კარგად ან ცუდად მეტყველებით. დროს ვერ დავაბრუნებთ და მასში ვერც ჩვენს ნაკვალევს წავშლით, თუ სინანული არ გვექნა. გულწრფელი, ღრმა სინანული, აღსარება და ზიარება ღვთისგან ნაწყალობევი ის საიდუმლოებებია, რომელთაც ძალუძთ მთელი ჩვენი განვლილი არასწორი ცხოვრების და მისი შედეგების აღმოფხვრა, ცოდვის წარხოცვა და ახალ ადამიანად ჩვენი გარდაქმნა, განწმენდა და სულიერი ამაღლება.

 

წმინდა იოანე ოქროპირი წერს: როგორი ცხოვრებითაც არ უნდა ვიცხოვროთ, სინანულს ვერ ავცდებით; ის, ვინც ამქვეყნად ცდილობს სინანულით უწამლოს თავისი სულის ცოდვით გამოვლინებებს, მარადიულად იხარებს, ხოლო ვინც ამ ქვეყანად შეჰხარის დროებით წარმავალ სიკეთეთ და ყველა საშუალებით მათ მოპოვებას ესწრაფვის მხოლოდ, აუცილებლად ინანებს საუკუნოდ.

 

პავლე მოციქული კი ბრძანებს: „ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, ხოლო სულიერნი,- სულისას…... ხორცის ზრახვა სიკვდილია, ხოლო სულის ზრახვა, - სიცოცხლე და მშვიდობა (რომ. 8, 5-6). „მეორე რჯულშიც” ვკითხულობთ: „თქვენს წინაშე ვიმოწმებ ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ” (II სჯ. 30,19).

 

მთელი კაცობრიობის და თითოეული ჩვენგანის არსებობის არსი ამ ორი გზიდან ერთ-ერთის არჩევაში მდგომარეობს", ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×