logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: მთავარია, დადგინდეს, რა არის დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების მიზეზი
- +

17 იანვარი. 2019. 16:53

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საჭიროა, დადგინდეს ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტების გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი ქმედებები დაიგეგმოს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, შენობის ჩაბარების, საჭიროებების გაკონტროლების და დაზღვევის მიზნით.

 

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდართან დაკავშირებით და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, მთლიანად საქართველოს. ეს ფაქტი განსაკუთრებით მძიმეა, რადგან გარდაცვლილია 4 წლის ბავშვი და ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი. ვიმედოვნებ, ასეთი ფაქტი აღარ განმეორდება. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. იმედი მაქვს, უსწრაფესად იქნება შესწავლილი და გამოვლენილი მიზეზები. ზოგადად, იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები არ ხდებოდეს, საჭიროა, ასეთი ფაქტების გამომწვევი მიზეზები დადგინდეს და შესაბამისი ქმედებები დავგეგმოთ სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, შენობის ჩაბარების, საჭიროებების გადაკონტროლების და დაზღვევის მიზნით, ეს იქნება ზედამხედველობის მხარე თუ უწყებრივი. ვფიქრობ, საჭიროა ანალიზი.

 

თუმცა, არსებობს ქვეყნები, სადაც ზემაღალი უსაფრთხოების ნორმებია, მაგრამ ასეთი ფაქტები ხდება. მთავარია, დადგინდეს მიზეზი, რა არის გამომწვევი და ანალიზის შემდეგ დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები“, - განაცხადა ხუნდაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. დაშავებულები კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner